„ხუდონთან“ დაკავშირებით დიდ ცდუნებას ვხედავთ“

„ხუდონთან“ დაკავშირებით დიდ ცდუნებას ვხედავთ“

ენერგეტიკის სამინისტრო „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი ინვესტორისგან ელის წინადადებას. ამ ეტაპზე უცნობია, დატოვებს თუ არა აღნიშნულ პროექტს ყოფილი ინვესტორი კომპანია „ტრანსელექტრიკა“, რომელიც დღემდე მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს.

ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ „ტრანსელექტრიკას“ მის მიერვე კონტრაქტით ხელმოწერილი პირობები არ შეუსრულებია. ამიტომ დროა, ეს კომპანია ჩამოსცილდეს ამ პროექტს. თუმცა კიდევ ახალი ინვესტორის მოძიება რამდენად აუცილებელია, ამას სპეციალური კვლევა სჭირდება.

როგორც ცნობილია, „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელება უკვე წლების განმავლობაში ხაიშელთა თავის ტკივილად იქცა. ადგილობრივებმა ხატზე დაიფიცეს, რომ მამაპაპისეულ ადგილებს არ დათმობენ და შეაკვდებიან. ხაიშელები წარსულის გამოცდილებას იხსენებენ, როცა ჯერ კიდევ 1986 წელს „ხუდონზე“ დაწყებული მშენებლობა 1989 წელს შეჩერდა მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და, ასევე, ზურაბ ჟვანიასა და სხვათა თაოსნობით.

თავის მხრივ, არც სახელმწიფო იხევს უკან. როგორც ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი აცხადებს, ყოფილი მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრობისას საქართველოს მთავრობის მიერ „ხუდონჰესის“ პროექტის გამოსყიდვაზე საუბრობდა. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, გამოისყიდის თუ არა სახელმწიფო ამ პროექტს, თუ „ხუდონის“ მშენებლობას ინვესტორ კომპანიასთან ერთად განახორციელებს.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამოისყიდოს საქართველოს მთავრობამ „ხუდონჰესი“ ინვესტორისგან, როცა ინვესტორს არც ერთი პირობა არ შეუსრულებია. პრობლემაა ის, რომ ინვესტორი კომპანია მუდმივად, და დღეის მდგომარეობითაც, არღვევს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.

შესაბამისად, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თურმე ხელს უშლის „ტრანსელექტრიკას“ ვალდებულებების შესრულებაში. უფრო მეტიც, „ტრანსელექტრიკა“ არც პირგასამტეხლოს იხდის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ეს მაშინ, როცა ინვესტორს უნდა მოემზადებინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, შესაბამისი ნებართვები უნდა მიეღო და ა.შ. ძალიან ბევრი პარაგრაფი ჰქონდა შესასრულებლად. ამ დროს კი „ტრანსელექტრიკასთვის“ გადაცემულია 1400 ჰექტარი ფართობი და ის ფლობს ამ ტერიტორიებს სულ რაღაც 1 $-ად. ფაქტობრივად, ამ კომპანიას აჩუქეს ამხელა ფართობი, მათ შორის, იქ არსებული გზები, საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული ობიექტები.

„2013 წლის შემდეგ, რაც ჰოლანდიური დამოუკიდებელი კომისიის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების რეკომენდაციები დაიდო და გარემოს დაცვის სამინისტრომაც „ტრანსელექტრიკას“ 111 შენიშვნა წარუდგინა, კომპანიას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ პროექტის განსახორციელებლად. არადა, შესანიშნავი პირობები ჰქონდა, მთავრობამ გარანტია მისცა „ტრანსპელექტრიკას“, რომ მის მიერ მთლიანად გამომუშავებულ ელექტროენერგიას საკმაოდ მაღალ ფასად შეისყიდდა. ეს კომპანია არა მარტო უმოქმედოდ იყო, არამედ ინვესტიციაც არ განუხორციელებია. ეს კომპანია ფლობს მოსახლეობის კუთვნილ ფართობებს. ამ დროს „ტრანსელექტრიკას“ ამ ხალხთან დალაპარაკებისთვის ნაბიჯი არ გადაუდგამს. პრაქტიკულად, ეს პროექტი გაყინულია, რაც ცალსახად „ტრანსელექტრიკა ლიმიტედის“ ბრალია. ამდენად, ჩემთვის გაუგებარია, რა უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ „ტრანსელექტრიკასგან“, რომელსაც რეალურად არანაირი საქმიანობა არ ჩაუტარებია. პირიქით, 1 $-ად გადასცეს ამხელა ფართობი“, - აღნიშნა დავით ჭიპაშვილმა და ერთადერთ გონივრულ ნაბიჯად ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ამ ხელშეკრულების გაწყვეტა მიიჩნია.

მისი თქმით, ხელშეკრულების გაწყვეტა თავისუფლად შეიძლება, რადგან კომპანია პერმანენტულად არღვევს ხელშეკრულების პირობებს. სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს ის 1400 ჰექტარი ფართობი, რომელიც „ტრანსელექტრიკას“ 2012 წელს გადაეცა. ამის შემდეგ ადგილობრივ მოსახლოებას თავისი კუთვნილი ქონების დარეგისტრირების საშუალება უნდა მიეცეს. მათ უნდა დაირეგისტრირონ ტრადიციულად საკუთრებაში არსებული ქონებაც, რომელიც რატომღაც სახელმწიფომ თავის საკუთრებად ჩათვალა.

დავით ჭიპაშვილის თქმით, „ხუდონი“ იქნება, „ნენსკრა“ თუ ნებისმიერი სხვა დიდი ჰიდროელექტროსადგური, მათი აშენება დაუშვებელია მანამ, სანამ ქვეყანას არ ექნება ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, სანამ არ გვეცოდინება, რამდენ ელექტროენერგიას მოვიხმართ დღეს და რამდენს მოვიხმართ 10 წლის შემდეგ. ამას ემატება ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ აღებული მთელი რიგი ვალდებულებებიც, მათ შორის, გარემოს დაცვის საკითხებში.

„ეს არის ფართო სტრატეგიული საკითხი, საერთოდ გვჭირდება კი „ხუდონჰესი“? ან როგორი სახით გვჭირდება, 200 მეტრი სიმაღლის, თუ 30 მეტრის?! ეს პროექტი შეიძლება ისე განხორციელდეს, რომ არ აიყაროს მოსახლეობა. „ხუდონის“ ადგილზე შეიძლება აშენდეს მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ადგილობრივთა აყრას არ გამოიწვევს. ეს უნდა გამოვლინდეს სტრატეგიული დაგეგმვის შედეგად. თორემ ამდენი წელია, კვლავაც „ხუდონზე“ საუბრობენ და ავიწყდებათ, რომ იქაური მოსახლეობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სტრესშია.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოს სახსრებით ეს პროექტი არ უნდა გამოისყიდოს. ეს არის პროექტი, რომელიც უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს დღემდე და საკმაოდ სარისკოა მისი განხორციელება. უფრო მეტიც, ეს პროექტი არაფერში არ სჭირდება საქართველოს ენერგეტიკას, რადგან სხვა ალტერნატიული პროექტებიც არსებობს, რომლებიც გაცილებით ეფექტურია და ამდენი ზიანის მომტანი არ არის.

„პლუს ამას, გრძელვადიან პერსპექტივაში მოვლენები როგორ განვითარდება კავკასიის რეგიონში, ჯერჯერობით ამაზე სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა. ეს არის პროექტი, რომელიც ვიღაცას სჭირდება და არა - ქვეყანას. კარგად ვიცნობ საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებს და არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების თვალსაზრისით. კიდევ არსებობს სხვა ძალიან კარგი პროექტები, რომლებზეც ბიუროკრატიული ბარიერების გამო შეფერხებებია. „ხუდონთან“ დაკავშირებით ვხედავთ დიდ ცდუნებას, რაც წლებია, გრძელდება. ვერანაირი პროფესიული შეფასება ვერ დაასაბუთებს იმას, რომ, თუ „ხუდონი“ არ გაკეთდა, ქართული ენერგეტიკული რესურსები რაიმე სერიოზულ დანაკლისს განიცდის. ძალიან კარგი განვითარების საშუალება აქვს ქართულ ენერგეტიკას, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი მიბმული არ არის საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან. ჩვენ გვინდა ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანით რაღაც შედეგი მივიღოთ, რაც არასწორი პოლიტიკაა“,-აღნიშნა დემურ გიორხელიძემ For.ge-სთან საუბარში.