„ყარსის ხელშეკრულების“ თაობაზე ატეხილი აურზაური ოდნავ მინელდა. შესაბამისად, გაჩნდა შესაძლებლობა მშვიდი, რაციონალური მსჯელობისა ამ საკითხზე.
საკუთრივ თემა, რა თქმა უნდა, „ფეთქებადსაშიშია“, მაგრამ რაკი სათქმელის დიდი ნაწილი ითქვა, ყველაფერს ბოლომდე უნდა დაერქვას თავისი სახელი.
„ყარსის ხელშეკრულების“ ასე თამამად ხსენება და მათი პოლიტიკური მოთხოვნების არგუმენტირება, უპირველეს ყოვლისა იმას ნიშნავს (რაოდენ უადგილოდაც უნდა მოეჩვენოს ეს ზოგიერთს), რომ საქართველოში ე.წ. „ეროვნული მოძრაობა“ საბოლოოდ დამარცხდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში (ანუ, ეროვნული მოძრაობა ძველებურ გავლენას რომ ინარჩუნებდეს საზოგადოებაზე) „ყარსის“ ხსენებას ვერავინ გაბედავდა, ვინაიდან ყარსის ხელშეკრულება იყო უშუალო შედეგი 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიისა საბჭოთა ჯარების მიერ. ამ ანექსიის ფაქტს კი მთლიანად ეფუძნებოდა წერეთელ-ჭანტურია-კოსტავა-გამსახურდიას „იდეოლოგიური დოქტრინა“ და „პოლიტიკური კონცეფცია“.
რა თქმა უნდა, უდიდესი დემაგოგიაა ყარსის ხელშეკრულების განხილვა განყენებულად (დამოუკიდებლად) თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულებისაგან.
ამ დროს საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე „გასაბჭოებულნი“ იყვნენ, ანუ იქცნენ საბჭოთა რუსეთის პლაგიატებად. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 16 მარტის ხელშეკრულებით, ლენინ-სტალინის ხელისუფლებამ იკისრა ვალდებულება „დაერწმუნებინა“ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის „ახალი ხელისუფალნი“, მიერთებოდნენ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას.
ფაქტობრივად, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის დოკუმენტი რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული სტრატეგიული გარიგების გამოვლინება და მოსკოვის შეთანხმების გაგრძელება იყო და არა რაღაც „დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტი“, როგორც ზოგიერთი სინდის-ნამუსგარეცხილი დემაგოგი ამტკიცებს.
მართალია იმ დროს საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ არ იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ვინაიდან საბჭოთა კავშირი ჯერ არ „დაფუძნებულიყო“, მაგრამ 1921 წლის ოქტომბერში საქართველოს უკვე მართავდა სტალინ-ორჯონიკიძის ბოლშევიკური ხროვა, ანუ მართავდა იგივე კრემლი.
ყარსის ხელშეკრულების უმთავრესი მომენტი ის გახლდათ, რომ ამ დოკუმენტის პარაფირებით „საბჭოთა სომხეთმაც“ და „საბჭოთა რუსეთმაც“ აღიარეს თურქეთში სომეხთა გენოციდის შედეგი და ცნეს საზღვრები (თურქეთსა და სომხეთს შორის), რომლებიც ამ გენოციდის (სომხების ჟლეტის) პროცესში ჩამოყალიბდა.
სწორედ ამიტომ დღეს ე.წ. „დამოუკიდებელი სომხეთი“ და მისი ტერ-პეტროსიან-კოჩარიანები არ ცნობენ ყარსის ხელშეკრულებას და ეშმაკურად აცხადებენ, რომ რაკი ის ხელშეკრულება „ოკუპირებულ სომხეთს“ საბჭოთა რუსეთმა მოახვია თავს, „დამოუკიდებელი“ სომხეთისათვის იმ „ქაღალდს“ არანაირი მნიშვნელობა არა აქვსო.
„დემოკრატიული რუსეთი“ იგივე ვირეშმაკურ არგუმენტს იშველიებს ფარულად.
მაგრამ იმავე ყარსის ხელშეკრულებამ დაადგინა საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის. ამიტომ როდესაც 1992 წელს გაფორმდა „ჩარჩო ხელშეკრულება“ საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის, ამ დოკუმენტში „ყარსის“ ხსენება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. აქედან გამომდინარე, შევარდნაძის ადმინისტრაცია მოიქცა აბსოლუტურად სწორად, როდესაც 1992 წლის დოკუმენტში შეიტანა პუნქტი: „ყარსის ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაადგინა საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის“, რაც შეეხება „ტვირთების თავისუფალ, უბაჟო მოძრაობას“, საქართველოსთვის ეს წამგებიანი პუნქტი ყარსის ხელშეკრულებისა მთლიანად განეიტრალდა და გაბათილდა 1992 წლის დოკუმენტის შემდეგი დებულებით: „მხარეები იხელმძღვანელებენ ყარსის ხელშეკრულებით საერთაშორისო „ვალდებულებების, არსებული პრაქტიკისა და თავიანთი „კანონმდებლობის“ შესაბამისად“.
ანუ ყარსის ხელშეკრულების პუნქტები „თავისუფალი ვაჭრობის“ შესახებ გაუქმდა, ვინაიდან ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას (80 წლის განმავლობაში არ უმუშავიათ) და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
თურქეთის პოზიციას, მთლიანობაში, ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, განსაზღვრავს ის გარემოება, რომ სომხეთს არ სურს აღიაროს ეს ხელშეკრულება, ანუ არ სურს ცნოს სახელმწიფო საზღვრები.
ამიტომაც მოითხოვდა თურქული დიპლომატია ასე დაჟინებით „ყარსის“ ხსენებას თუნდაც საქართველოსთან გაფორმებულ დოკუმენტში. ამით „ყარსმა“ ლეგიტიმურობა განიმტკიცა.
შეგახსენებთ, რომ ყარსის დოკუმენტს ერთდროულად მოაწერეს ხელი, 1921 წლის ოქტომბერში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების“ წარმომადგენლებმა.
რაც შეეხება აჭარის სტატუსს: „ყარსის ხელშეკრულების“ გახსენება საეჭვოა, ხელს აძლევდეს ამ რეგიონის დღევანდელ მმართველებს, ვინაიდან ყარსის ხელშეკრულება აჭარისათვის გულისხმობდა გაცილებით დაბალ სტატუსს, ვიდრე დღეს აქვს რეალურად.
თავად განსაჯეთ: ყარსის ხელშეკრულებაში ნათქვამია: თურქეთი ცნობს აჭარას საქართველოს ნაწილად იმ პირობით, რომ აჭარის მოსახლეობას ექნება ადგილობრივი არჩევითი ადმინისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და სარწმუნოებრივ უფლებებს, ხოლო მოსახლეობას მიეცემა ნება საადგილმამულო თვითმმართველობისა.
სად წერია აქ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა“, „აჭარის კონსტიტუცია“, „აჭარის უზენაესი სასამართლო“, „უზენაესი საბჭო“, „რესპუბლიკის მეთაური“ და სხვა ატრიბუტები სახელმწიფოებრიობისა?
დღევანდელი „აჭარის რესპუბლიკა“ მთლიანად ბოლშევიკური იმპერიალიზმის ნაყოფია და ყარსის ხელშეკრულება აქ არაფერ შუაშია. ეს რესპუბლიკა ქართველმა და რუსმა ბოლშევიკებმა „ყარსამდე“ სამი თვით ადრე შექმნეს.