ტექდათვალიერების ამოქმედება ავტოგაზის მოხმარებას შეამცირებს. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების 50% გაჩერდეს, რადგან ისინი ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ. შესაბამისად, ბუნებრივ აირზე მომუშავე კომპანიების ბიზნესს საფრთხე დაემუქრება, რადგან ბუნებრივ აირს 350-370 ათასი ავტომფლობელი მოიხმარს. ამით კი ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი ინვესტიციები დააკლდება.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ფონდის დირექტორი ირაკლი იზორია For.ge-ს თან საუბარში აცხადებს, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები შედარებით უფრო ეკოლოგიურად სუფთად ითვლებიან, ვიდრე ბენზინსა და დიზელზე მომუშავენი. ამდენად, თუკი ამ ავტომობილებში გაზის აპარატურის კუსტარულად დამონტაჟება არ მოხდება და სპეციალური სერთიფიცირებული ორგანო დაამონტაჟებს ამ ბალონებს, მაშინ ამ ტიპის ავტომობილების გადაადგილება უპრობლემოდ შეიძლება. მითუმეტეს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ავტომობილთა 80% გაზზე მომუშავე ავტომობილია. უბრალოდ, ჩვენთან პრობლემას ქმნის ზუსტად ტექდათვალიერებასთან მიბმული საკითხები.
„რა თქმა უნდა, ტექდათვალიერება გაზის ავტომობილებზეც უნდა გავრცელდეს. უნდა შემოწმდეს აირბალონი, შესაბამისი მოწყობილობა და აპარატურა, რომელიც მანქანაშია ჩამონტაჟებული. თუკი გაიცემა სერთიფიკატი, რომ ეს ავტომობილი უსაფრთხოა, მას გადაადგილების უფლება უნდა მიეცეს. წინასწარ ძნელია დასკვნის გამოტანა, რომ ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ უდავოდ შემცირდება გაზზე მომუშავე ავტომობილების რიცხვი. ეს ცალკე კვლევის საგანი უნდა იყოს. რეალურად, გაზის ბალონების უმეტესობა მანქანებში კუსტარულად დამონტაჟებული, მათ არ გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებდა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების 50% გაჩერდება, შესაძლოა, რეალურად ასეც მოხდეს, სამაგიეროდ, განვითარდება ის ბიზნესი, რომელიც სერთიფიცირებულად მოახდენს ავტომობილებში აირბალონების დამონტაჟებას. კუსტარულად, გაურკვეველი აპარატურითა და ხელსაწყოებით რომელიღაც პატარა სახელოსნოებში დამზადებული აირბალონები აღარ უნდა იყოს“,-აღნიშნა ირაკლი იზორიამ და მგზავრთა უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი ვეთქმით, ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის გამართული და ამის გამო ხალხიდის კომფორტს განიცდის. საფრთხე ექმნება მგზავრების სიცოცხლეს. მართალია, გაზის ბალონების აფეთქების შემთხვევა ხშირი არ არის, მაგრამ ძირითადი პრობლემა იქმნება თვითონ გაზით დატენვის მომენტში, ხოლო, როცა უკვე გაზით დატენილი ბალონით გადაადგილდება ავტომობილი, ის უსაფრთხოა.
სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან დაკავშირებით კი ირაკლი იზორია აცხადებს, რომ იტალიაში ჩვეულებრივად დაშვებულია გაზის ბალონების გამოყენება მანქანებში. ასევეა ჩვენს მეზობელ სომხეთში, სადაც ავტომობილების 95% გაზზეა გადაკეთებული და იქ ბენზინის თუ დიზელის მომხმარებელი ძალზე ნაკლებია. ცხადია, პირველ რიგში, ეს ფინანსური ფაქტორით აიხსნება, რადგან აირბალონის ფუნქციონირება ბევრად ნაკლები ჯდება. თუმცა გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორიც. აზერბაიჯანი ბენზინისა და დიზელის ძირითადი მიმწოდებელია, შესაბამისად, სომხეთში ნაკლებად ხდება ასეთი საწვავის შეტანა სწორედ პოლიტიკურ მიზეზთაგამო. ამიტომ სომხები იძულებულნი გახდნენ გაზის მანქანებზე გადასულიყვნენ.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნებისმიერი ბიზნესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის უსაფრთხოებას და ამ მხრივ გამონაკლისი არც ბუნებრივ აირზე მომუშავე კომპანიები უნდა იყვნენ. თუ რომელიმე ტრანპორტი გაუმართავია და საფრთხეს უქმნის მგზავრებს თუ მძღოლს, ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. თუმცა წინასწარ რთულია იმის თქმა, ტექდათვალიერების შემდეგ რამდენი ავტომობილი გაჩერდება.
„სახელმწიფოს ინტერესში არ შედის, რომ დიდი რაოდენობით გაჩერდნენ ავტომობილები. ამიტომ, როგორც წესი, ხელისუფლება ცდილობს, მძღოლებს მაქსიმალურად მორგებული სიახლე შესთავაზოს. ჩვენ ვიცით, რომ ძალზე მოძველებული ავტოპარკი გვაქვს, ბევრია საჭეგადატანილი ავტომობილი, ასევე, გვაქვს გაზზე გადაყვანილი ავტომობილებიც. თუმცა ამ რეფორმის მთავარი მიზანი ის არის, რომ უსაფრთხოების სტანდარტი ამაღლდეს. თუ გასაჩერებელია რომელიმე კატეგორიის ტრანსპორტი, ის უნდა გაჩერდეს კიდეც და ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ. თუმცა, პირველ ეტაპზე თუვ ერგაიარა ტექინსპექტირება, ავტომობილის მძღოლს საშუალება ეძლევა, ხარვეზი აღმოფხვრას და გონივრულივად ის შემდეგ კვლავაც გაიაროს მეორე ეტაპი“,-აცხადებს ეკა ლალიაშვილი.