საკონსტიტუციო სასამართლო სადაზღვევო საკითხებში ჩაერია და დაადგინა, რომ მთავრობა რიგ შემთხვევაში დისკრიმინაციულად მოქმედებს. საქმე ეხება საყოველთაო ჯანდაცვის რეფორიმირების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც, 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს უზღუდავდა ამ პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, სადავო ნორმის მიხედვით, უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად მოსარგებლე პირები და ისინი, ვინც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო აღარ არიან ჩართულნი კერძო სადაზღვევო სქემებში. აღნიშნულ კატეგორიაში მყოფ პირებს უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ შეზღუდული მოცულობით.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იზიარებს და იქვე აცხადებს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას უზღუდავდა, 2017 წლის მაისიდან აღმოფხვრილია.
„საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომელიც ეხებოდა 2015 წლის თებერვალში შეტანილ სარჩელს, თუმცა შარშან წლის ბოლოს და წელს, წლის დასაწყისში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საინფორმაციო აქტივობა გავატარეთ, რომ სწორედ ამ პრობლემაზე გაგვესვა ხაზი, პრობლემაზე, რომელიც წელს მაისიდან, საბედნიეროდ, მოგვარებულია.
მოგეხსენებათ, 2013 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა, მოხდა გამიჯვნა, ვისაც ჰქონდა კერძო სადაზღვევო პაკეტი, ის ვერ გახდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილე. ამის მერე, მრავალგზის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, 2015-2016 წლების განმავლობაში სადაზღვევო ინდუსტრიის დიდი ნაწილისგან არ მოხდა მონაცემთა ბაზების მოწოდება.
2013 წლის მდგომარეობით ვინც იყო კერძოდ დაზღვეული, მაგრამ შემდგომ წლებში დაკარგა კერძო დაზღვევა, ვერ გახდა მთლიანი პაკეტის მოსარგებლე. სწორედ ეს იყო დისკრიმინაციული მდგომარეობა. იგი გამოწვეული იყო იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიების ართუ ისე მცირე ნაწილი ჯიუტად აჭიანურებდა სადაზღვევო ბაზების მოწოდებას და საბედნიეროდ, საკმაოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდა, მაგრამ ეს დისკრიმინაცია მოგვარებულია 2017 წლის მაისიდან“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და მიღებულ იქნა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, როგორც სადაზღვევო ინდუსტრიას, ასევე კლინიკებს და ჯანდაცვის სამინისტროს ბაზებზე ონლაინ წვდომა ექნებათ. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც დაკარგავს კერძო სადაზღვევო პაკეტს, საშუალება ექნება ძალიან მოკლე ვადაში ჩაერთოს სრულყოფილ პაკეტში.
სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი იწონებს სასამართლოს გადაწვეტილებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი და მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს, თუ რა არის საყოველთაობა.
„ვინც 2013 წლის გადაწყვეტილებით ამოვარდა სისტემიდან და ვინც 2017 წლის 9 თებერვალს მიემატნენ, მათი პრობლემა დასრულდა. იმედი მაქვს, ამ ადამიანებს სრულად აღუდგებათ საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურება.
სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ უნდა გამოაფხიზლოს შესაბამისი ორგანოები და თავად სახელმწიფო, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ, თუ რა არის საყოველთაობა. მთავრობამ უნდა გაწეროს საბაზისო სერვისებზე წვდომა ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო დაზღვევით“, - აღნიშნა ხეჩინაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე კი ამბობს, რომ, თუკი ამ საკითხზე მთავრობა განკარგულებას გამოსცემს, შესაბამისი ფინანსური რესურსებიც უნდა მოინახოს, რაც საყოველთაო ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობას მოხმარდება.
„2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იქმნებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდო ზღვარი კერძო დაზღვეულებსა და სახელმწიფო პროგრამას შორის. მთავარი ამოცანა იყო მთელი მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო სერვისებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაბამისი რესურსით უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.