ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები კვლავ ყურადღების ცენტრშია. დღემდე ქვეყანაში არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას შეეხება. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ შემოწმებული 44 ჩინური სათამაშოდან ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის 21.
“შევამოწმეთ ბაზარზე გავრცელებული იაფი სათამაშოები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 44 სათამაშოდან, 21 მათგანში გამოიკვეთა ნორმების გადაჭარბება, ეს სათამაშოები ბავშვებისთვის არის მავნე. კვლევა ყველა პარამეტრზე არ განხორციელებულა, შემოწმდა ფტალატების შემადგენლობა. სამწუხაროდ, არ არსებობს ქვეყანაში ნორმები, რომელიც დაარეგულირებს სათამაშოების ხარისხს და არც მაკონტროლებელია, რომელიც ამას შეამოწმებს. სავალალო მდგომარეობაში ვართ”, - განაცხადა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ.
ბავშვების ჯანმრთელობა რომ საფრთხეშია ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები და სახალხო დამცველი კარგა ხანია საუბრობენ, მაგრამ მთავრობამ მხოლოდ ახლა დააფიქსირა პოზიცია და ისიც - ზოგადი ხასიათის. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ადასტურებს, რომ დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.
“სახელმწიფო უკვე ახორციელებს ცვლილებებს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის” კოდექსში, რომელიც ჩვენ მოგვცემს ეფექტური მექანიზმის დანერგვის საშუალებას, რომ ბაზრიდან გამოვითხოვოთ, ამოვიღოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად, მსგავს პროდუქტებზე, როგორიცაა სათამაშოები, განხორციელდება ზედამხედველობა.
2019 წლიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ზედამხედველობაზე ვალდებულება ასოცირების შეთანხმებით გვექნება, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც კი კოდექსში ეფექტურ მექანიზმს დავნერგავთ და გვექნება საშუალება ბაზარზე ზედამხედველობა განვახორციელოთ არა მარტო სათამაშოებზე, არამედ ნებისმიერ ინდუსტრიულ პროდუქციაზე“, - განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული ცვლილებების გატანა უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე მოხდება და შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება.
არველაძის განცხადებით, გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა, საუბარია ნებისმიერ ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტზე, რომელიც ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა.
„ნებისმიერ ინდუსტრიულ პროდუქციაზე განხორციელდება ის სადამსჯელო ღონისძება, რომელიც დეტალურადაა გაწერილი იმ პროექტში, რომელსაც ჩვენ მთავრობას წარვუდგენთ და შემდეგ კი - პარლამენტს. ეს არ შეეხება კონკრეტულად სათამაშოებს. სათამაშოებთან დაკავშირებით ცალკე დირექტივა უნდა დაინერგოს და აღნიშნულ დირექტივას დავნერგავთ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში იარსებებს ეფექტური მექანიზმი ზედამხედველობის განხორციელებისთვის“, - განაცხადა არველაძემ.
რეგულაციების შემუშავებამდე სახელმწიფოს მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი, თუმცა საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ არის.
„კამპანია ორი მიმართულებით მუშაობს: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და მეორე – არანაირი რეგულაცია არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას, რეალიზაციას უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფომ დროულად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, რომ ასეთი რეგულაციები არსებობდეს. სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019 წელს უნდა იყოს მზად ყველანაირი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა. იმედი მაქვს, დირექტივას მომზადებული შევხვდებით”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
მისი თქმით, მართალია ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან დადებითი რეაგირება შეინიშნება, თუმცა დღემდე ის მინიმალური პირობები, რაც უნდა შესრულდეს, არ არის გაკეთებული.