[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]
პრესაგე.ტვ-იმ 23 ივნისს გამოაქვეყნა მასალა, სადაც რიგითი რუსთაველები საუბრობდნენ, რომ ისინი ქალაქის ქუჩებში ლუდის სმისთვის დააჯარიმეს. ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი, ნუკრი თორდია გვიყვებოდა, მისი მეგობრის ამ მიზეზით დაჯარიმების თემაზე:
„ორი დღის წინ მე და ჩემი მეგობარი კოსტავაზე შადრევანთან ვისხედით. მას ლუდი ჰქონდა ნაყიდი. ერთს სვამდა, მეორე გვერდით გვედო. ჩვენ მსგავსად გარშემო, რამდენიმე ახალგაზრდას ეკავა ლუდის ბოთლი. მოვიდა პოლიცია და ყველას ჯარიმები გამოუწერა. ჩემ მეგობარს - 80 ლარიანი ჯარიმა. გვითხრეს ქუჩაში ალკოფოლური სასმელების დალევა, მათ შორის ლუდისაც არ შეიძლება“. – ყვებოდა თორდია.
ჩვენი მასალის გამოქვეყნების შემდეგ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი გაუკეთა. მან არ უარყო, რომ რამდენიმე რუსთაველი ქუჩაში ლუდის დალევისთვის დააჯარიმეს, თუმცა დასძინა, რომ დაჯარიმებულები „ბომჟები“ იყვნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.
„მსგავსი ამბავი, ძირითადად, ხდება რუსთავში იმიტომ, რომ იქ იყო ძველი სკვერები, სადაც „ბომჟები“ იკრიბებოდნენ. შემდეგ მოხდა სკვერების რეაბილიტაცია, სადაც ბავშვები და მათი მშობლებები იკრიბებიან. „ბომჟებმა“ სამართალდამცავების გაფრთხილების მიუხედავად, სკვერებში ლუდით ხელში დებოში რამდენჯერმე მოაწყვეს, რასაც მათი დაჯარიმება მოყვა,“ – აცხადებდა უტიაშვილი.
პრესაგე.ტვ უტიაშვილის კომენტარში, რამდენიმე საინტერესო დეტალს გამოყოფს. ვინც რუსთავში ერთხელ მაინც არის ნამყოფი იცის, რომ რუსთაველები გამუდმებით იმაზე საუბროდენ, რომ ქალაქში სასეირნო და დასასვენებელი ადგილი არ არის. ერთადერთი პარკი, რომელიც რუსთავს აქვს ბალახში არის ჩაფლული. იქ გველების შიშით უკვე კარგა ხანია არავინ ჩადის.
რაც შეეხება სკვერებს, მათი დიდი ნაწილი სკამის, სანაგვე ურნის და ასფალტის გარეშეა დარჩენილი. გაუგებარია უტიაშვილი, რუსთაველი ბავშვებისთვის რეაბილიტირებულ, რომელ სკვერებზე საუბროდა. ერთადერთი რისი რეაბილიტაციაც რუსთავში მოხდა - მეგობრობის და კოსტავას ქუჩის გზის პირას მდებარე შადრევნების გარშემო არსებული მონაკვეთებია, სადაც ხეები პრაქტიკულად არ არის და მოსახლეობა მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გადის.
რეალურად ქალაქს სკვერი არ აქვს. შესაბამისად ფაქტი, რომელზეც უტიაშვილი საუბრობს სად მოხდა გაუგებარია. რაც შეეხება „ბომჟებს“ რუსთავს ეს პრობლემა ნაკლებად აქვს. „ბომჟებით“ შეწუხებული ადამიანის პოვნას ჩვენ ვერ ვახერხებთ.
„აგრესიული ლოთები მე ჩვენი ქალაქის ქუჩებში არ შემიმჩნევია. დაახლოებით 15 წელია აქ ვცხოვრობ. ერთი ორი ადამიანი კია ლოთი, მაგრამ ისინი არავის უშლიან ხელს. ერთადერთი ისაა, რომ რესტორნიდან, როცა გამოდიან მაშინ ხმაურობენ ხოლმე. ისინიც ლოთები კი არაა ისევ მთავრობის ხალხია“. - ამბობს რუსთაველი რუსუდან მაისურაძე.
რუსთაველების ლუდის სმისთვის დაჯარიმება შსს-მ უარყო, თუმცა მათივე ოფიციალურ საიტზე დებს 171-ე მუხლის განმარტება.
„სპირტიანი სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც სპირტიანი სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ, ან საზოგადოებრივი ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობად.” – წერია 171-ე მუხლში „საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა, ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ“.
შესაბამისად, მათ ვინც სკვერებში, ქუჩებში და პარკებში გადაწყვეტს ლუდის დალევას, სასურველია თან იქონიოს შოთა უტიაშვილის მედიისთვის გაკეთებული კომენტარი, რომლის თანახმადაც ლუდის დალევა მსგავს ადგილებში მოქალაქის დაჯარიმებას არ იწვევს.