არჩევნები დამთავრდა, ლარის კურსს ვეღარაფერი დააკავებს

არჩევნები დამთავრდა, ლარის კურსს ვეღარაფერი დააკავებს

თითქოს ნიშანს ელოდაო, არჩევნების დასრულებისთანავე ლარი თავდაღმა დაეშვა. გაუფასურების ტემპი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ მოთმინებიდან ყველა გამოიყვანა - ეკონომისტებიც, ოპოზიციც და მმართველი გუნდის დეპუტატებიც კი. რას შეიძლება ამჯერად დაბრალდეს ეროვნული ვალუტის დევალვაცია?

„ეფექს გრუპის“ ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლართან მიმართებით აშშ დოლარის 2.50-2.53 დიაპაზონი მან ჯერ კიდევ სექტემბერში იწინასწარმეტყველა, „ავია თუ კარგია ჩემი პროგნოზი მართლდება“, - აცხადებს შენგელია და პროცესების შესაჩერებლად მართვაში სებ-ის ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს.

იგი ფიქრობს, რომ სებ-ი ორი ბანკის მომსახურების სააგენტოს ფუნქციიდან უნდა გამოვიდეს და ლარის სტაბილურობაზე იზრუნოს. მით უმეტეს, რომ ლარის ასეთ რყევას აუცილებლად ინფლაციური პროცესები მოჰყვება, რომელიც განსაკუთრებით გაზაფხულისთვის იქნება შესამჩნევი. შენგელია აცხადებს, რომ სამომხმარებლო ყველა პროდუქტის ფასი საგრძნობლად მოიმატებს, უკეთეს შემთხვევააში 8%-ით, უარესში - 12%-ით.

ანალიტიკოსი კურსის ნახტომისებურ რყევას სავალუტიო ბაზარზე 2 მსხვილი ბანკის უკონტროლო ვაჭრობებს უკავშირებს, რომლის მიმართაც ქვეყნის ეკონომიკა სენსიტიურია, რადგან შემოსავალი მოსახლეობაში არ ტრიალებს, ხოლო ფასიანი ქაღალდების ინსტრუმენტები კომერციული ბანკების ხელშია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ლარის კურსი სტაბილური იყო და მეორე-მესამე დღიდან გაუფასურება დაიწყო, რაც ბოლო წლების ერთგვარი ტენდენციაა. „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი გივი კორინთელი განმარტავს, რომ წლებია უკვე ეს პროცესი გრძელდება.

„ლარის კურსის ასეთი უცაბედი ცვალებადობა რომ ახსნა, სულაც არ არის საჭირო, ფინანსისტი იყო. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ყოველთვის, არჩევნების წინ, ლარი არის კონკრეტულ ნიშნულზე. ასეთ შემთხვევებში საზოგადოება ამბობს, რომ ლარი გარკვეულ ნიშნულზე „დაიჭირეს“ და შემდეგ „გაუშვეს“. ამდენი დამთხვევა დაუჯერებელია, რომ ლარი ყოველი არჩევნების წინ იყოს „გაყინული“ და მეორე და მესამე დღესვე გაუფასურდეს“, - აღნიშნავს კორინთელი.

მისი თქმით, რთულია გაუფასურების მიზეზებზე საუბარი, ამისი ახსნა ბაზრის პროფესიონალებისთვის , ძალიან რთულია, რადგან ეს პოლიტიკის ნაწილი უფროა, ვიდრე საფინანსო ბაზრის. კორინთელი აზრით, უახლოეს თვეებში, გამორიცხული არა არის, ლარი, მაქსიმუმ, 2.60-იან ნიშნულამდეც ავიდეს.

„დღეს და ხვალ არ მაქვს საუბარი, ეს მოსალოდნელია მთელი ნოემბრისა და დეკემბრის განმავლობაში. სავარაუდოდ, წლის ბოლოს ლარს დააბრუნებენ 2.50-2.52-ის ფარგლებში და იანვარში ეროვნულ ვალუტას კიდევ ერთი სიძნელე ელის. ამ დროს ზოგადად ბაზარს „სძინავს“ და „გამოღვიძება“ თებერვლის მეორე ნახევარში ხდება. ამდენად პროგნოზების გაკეთება მარტივი არაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, ეროვნული ბანკის სარეზერვო პოლიტიკა როგორი იქნება“, - განუცხადა „კომერსანტს“ კორინთელმა.

ლარის გაუფასურება იმდენად ნახტომისებურად და მოურიდებლად მოხდა, რომ უმრავლესობის დეპუტატებიც კი გამოიყვანა მოთმინებიდან. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობერიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს ლარის გაუფასურების თაობაზე მოსახლეობისათვის განცხადება გააკეთოს და განმარტოს, თუ რატომ მოხდა ორ დღეში ლარის კურსის 4 პუნქტით დაცემა.

„მესმის, რომ არის და უნდა იყოს მცურავი კურსი, მაგრამ ეროვნული ბანკი მოკლევადიან რყევასთან დაკავშირებით ვალდებულია ჩაერიოს და განმარტება გააკეთოს თუ რა ხდება. მოსახლეობას შეიძლება შეექმნას იმდაგვარი განცდა, რომ არჩევნები დამთავრდა და ლარი უფასურდება.

ეკონომიკური ფაქტორები გვაქვს პოზიტიური, პოლიტიკური ფაქტორები გვაქვს პოზიტიური და მოულოდნელი არაფერი მომხდარა. არჩევნების შემდეგ მმართველმა გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა. შესაბამისად, რას უკავშირდება არჩევნებამდე რამდენიმე დღეში კურსის ნახტომისებური ზრდა, ეროვნული ბანკის კომპეტენცია და ვალდებულებაა, რომ ჩაერიონ და განცხადება გააკეთონ“, - განაცხადა კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.

ოპოზიციაში, პირიქით, ლარის გაუფასურებას სწორედ არჩევნების შედეგს უკავშირებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეს არის ბიზნესისთვის სიგნალი, რომ ქვეყანაში ეკონომიკა უკან მიდის.

„ლარის დაცემა არის რეაქცია არჩევნების შედეგებზე - რჩება მთავრობა, რომელსაც არაფერის გაკეთება არ შეუძლია, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ასევე ბიზნესმა ნახა ბიუჯეტის ის პროექტი, რაც მთავრობამ პარლამენტში წარადგინა და დაინახა, რომ აქაც არაფერი იცვლება, მთავრობა არ აპირებს გადასახადების დაწევას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.