როგორ და როდის შეამოწმებენ გაზზე მომუშავე ავტომობილებს, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. წესით, პროცესი უკვე დაწყებული უნდა იყოს, მაგრამ რეალურად არაფერია ცნობილი. ამ დროს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.
ორიოდე თვეში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება, მათ შორის იგეგმება რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც, რის შემდეგაც მათ ინსპექტირების გავლა მოუწევთ. თუმცა, ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, არადა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.
სატრანსპროტო სფეროს ექსპერტი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ინსპექტირების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული, მაგრამ მას ბევრი ხელის შემშლელი მიზეზი ახლავს. პირველი ის არის, რომ საკმარისი რაოდენობის სერვის ცენტრები არ არსებობს.
„წესით, ვისაც ამ ბიზნესში მუშაობა სურს, სერვის ცენტრის გახსნამდე აკრედიტაცია უნდა გაიაროს. ჩვენთან მხოლოდ 3 ასეთი მომსახურების ცენტრია და ისიც მხოლოდ თბილისში. წარმოიდგინეთ, ადამიანი ბათუმში რომ ცხოვრობს, უნდა გამოიაროს ასეულობით კილომეტრი, რომ დედაქალაქში ჩამოვიდეს და აირბალონი აქ შეამოწმოს. ეს მთავარი მიზეზია, რომლის გამოც ინსპექტირების პროცესი ადგილიდან ვერ დაიძრა. შეიძლება ითქვას, რომ სისტემა ამ კატეგორიის მანქანების ინსპექტირებას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
მთავრობის დადგენილებით სპეციალური გრაფიკიც შედგა, სადაც მოცემულია როდის უნდა შემოწმდეს 23 წელს ზემოთ ასაკის ავტომობილები...
შემოწმება ყოველ 6 თვეში სხვადასხვა ასაკის ავტომობილებს უნდა გაევლო და ყველაფერი ამ განრიგის მიხედვით უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამმა ეტაპმა უკვე გაიარა და გაზზე მომუშავე ავტომანქანების ინსპექტირება, პრაქტიკულად, ჩავარდა. რა იქნება 2018 წლის იანვრამდე, ან 1 იანვრის შემდეგ ამის აქტიური განხილვა მე არ მომისმენია. არც ის გამიგია, რომ სერვისცენტრები სხვა ქალაქებშიც უნდა გაიხსნას. თუ ეს ცენტრები ხელმისაწვდომი არ იქნება, ბუნებრივია, შემოწმების პროცესი ყოველთვის ჩავარდება. თანაც, ლაპარაკი ხომ არ არის ერთ, ან ორ ავტომობილზე - საუბარია 200-250 ათას ავტომობილზე“, - განუცხადა „ბიპიენს“ მესხიშვილმა.
გაზზე გადაყვანილ ავტომობილებს თავდაპირველად შეუმოწმებენ, რამდენად სწორად არის დამონტაჟებული აირბალონი ავტომანქანაში; დამტენი და მანომეტრი არ უნდა იყოს საბარგულში; გაზის მილი უნდა იყოს 32 მმ-იან გოფრირებულ შლანგში ჩასმული; სალტეები უნდა იყოს, მინიმუმ, მილიმეტრნახევრიანი სისქის და 4-5 სანტიმეტრის სიფართის და ცეცხლმაქრი უნდა ჰქონდეს აუცილებლად ყველა ავტომობილს.
აირბალონს, თავდაპირველად დაცლიან ბუნებრივი აირისგან, შემდეგ მოხდება მისი დატუმბვა 300 კგ/სმ2 წნევით, ხდება მისი წყლით გამორეცხვაც. თუკი ის ყველაფერს გაუძლებს, ჩინურ ბალონზე - სამწლიანი, ხოლო იტალიურზე ხუთწლიანი სერტიფიკატი გაიცემა.
ამ ეტაპზე აირბალონების შემოწმებას ქვეყანაში სამი კომპანია აწარმოებს. ერთი კახეთში და ორი თბილისში. მათგან ერთს დღეში 25-მდე ავტომობილის მომსახურება შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალური დატვირთვის პირობებშიც კი 1 დღეში 80-90 მანაქანაზე მეტი ვერ შემოწმდება. წელიწადში ეს 22-23 ათასი ავტომობილია.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში აცხადებენ, შესაძლებელია რეგიონებში გაიხსნას შემმოწმებელი კომპანიები, მაგრამ ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით კი, კერძო სექტორი ამ მიმართულებით არ აქტიურობს.