სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც კი აღარავის სურს

სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც კი აღარავის სურს

მორიგი არჩევნები ისე სრულდება, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით თითქმის არავითარი წინსვლა არ შეინიშნება. ის კი არა, სამთავრობო გუნდში ამაზე ლაპარაკს უკვე გაურბიან. ისინი ცდილობენ, დრო მაქსიმალურად გაიყვანონ და დაზარალებულები ამჟამინდელ სტატს-კვოს შეაგუონ.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამები და მათი საჯარო განცხადებები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, არც ერთი კანდიდატის საარჩევნო დაპირება არ შეიცავს სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებულ მიდგომებს და მერიის სამართლებრივი პოზიციის გადახედვის შესაძლებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოებში ათობით საქმე განიხილება, რომელიც ეხება 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში ქონებების უკანონოდ გადაფორმების და ჩამორთმევის საქმეებს, სადაც თბილისის მერია მხარეა. ახლაც სისტემური დანაშაულის ყველა საქმეზე მუნციიპალიტეტის სადავოდ გამხდარი აქტებისა თუ გარემოებების მიმართ, წინა ხელისუფლების პოლიტიკურ-სამართლოებრივ პოზიციას აგრძელებს. სამწუხაროდ, უცნობია სტატისტიკა, თუ რამდენ ასეთ საქმეზე იქნა მიღწეული დაზარალებულებთან მორიგების შესაძლებლობა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, თბილისის მუნიციპალიტეტის სამართლებრივ პოზიციას ის იურისტები წარმოადგენენ, რომლებსაც წარსულში შეხება ჰქონდათ ასეთი ტიპის საქმეების წარმოებასთან. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ, ხშირად არათანაზომიერი, შეურაცხმყოფელი და ცინიკურია.

წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ასობით მოქალაქე ელის. პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონებებიდან კანონიერ მფლობელებს უმეტეს შემთხვევაში ავტომობილები, საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები დაუბრუნდა.

2015 წელს შექმნილი სპეცდეპარტამენტი უფლებამოსილია მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. უწყება 8 პროკურორის, 8 გამომძიებლის, ხელმძღვანელისა და მისი მოადგილით არის დაკომპლექტებული.

სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, კოკა კაციტაძის განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 67 დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა. სულ დაბრუნებულია 43 მილიონი ლარის ქონება. გახსნილ საქმეებს შორის ვერ ხვდება გახმაურებული მსხვილი ბიზნესთან დაკავშირებული დავები. დაბრუნებულ ქონებებს შორის ყველაზე მეტი ავტომობილია.

„2 წელზე მეტია დეპარტამენტი მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 400 სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოებთ გამოძიებას. ჩვენი მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 67 დანაშაულებრივი ფაქტი და ამ ფაქტების გამოძიების შედეგად 140 დაზარალებულ მოქალაქეს, რომლებიც ჩიოდნენ ქონების უკანონოდ დათმობასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე დავუბრუნეთ 43 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება. ეს არის დაახლოებით 80 ერთეულამდე ავტომანქანა, 8 საცხოვრებელი ბინა და 21 მიწის ნაკვეთი. აქ არის ასევე სასტუმრო კომპლექსი, საცურაო აუზი, საოფისე ფართები, აგარაკი. გარდა ამისა, დავაბრუნეთ 2 თვითმფრინავი და 13 შოულმფრენი. ასევე არის სხვა უძრავ-მოძრავი ქონება“, - განმარტა „საქმის კურსთან“ კაციტაძემ.

სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, სულ სხვაგვარი შეხედულება აქვთ ბიზნესმენებს. ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა „ალბატროსიც“, რომლის უკან დაბრუნებას მისი მფლობელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი დღემდე ელოდება. მსგავს სიტუაციაში ძალიან ბევრი ბიზნესმენია. ამიტომ, ბეგიაშვილის განცხადებით, ბიზნესმენებთან ერთად მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში.

„არც მათი საქმეები დაძრულა, ის ადამიანები დღესაც რთულ მდგომარეობაში არიან. არჩევნების შემდეგ ვგეგმავთ აქტივობას. პირდაპირ მოვთხოვთ ხელისუფლებასაც და პროკურატურასაც გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, - აცხადებს „ალბატროსის“ ყოფილი მფლობელი დავით ბეგიაშვილი.