საჭიროა თუ არა წყალსადენის დაპროექტებისთვის ჰიდრავლიკის ცოდნა?!

საჭიროა თუ არა წყალსადენის დაპროექტებისთვის ჰიდრავლიკის ცოდნა?!

„აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია - შემსრულებელი შპს „მშენებელი-80“.  სამუშაოების ღირებულება 1,085, 4 ლარი. სამუშაოები დასრულებულია“, - ვკითხულობთ აბაშის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე 2009 წელს გახორციელებული პროექტების ჩამონათვალში.

 

ამ ოფიციალურ დოკუმენტს კატეგორიულად არ ეთანხმებიან „ახალი მემარჯვენეების“ აბაშის ორგანიზაციაში. პარტიის ადგილობრივი ლიდერი, გელა თოფურია ამბობს, რომ აბაშელებს ახალი წყალსადენით, რომლის რებილიტაციაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, წყალი არ მიეწოდებათ.

 

„მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, თუმცა - უშედეგოდ. ფაქტია, რომ აბაშელებს ახალი წყალსადენით წყალი არ მიეწოდებათ. არის უბნები, სადაც წყალი საერთოდ არ მოდის“, - აღნიშნა თოფურიამ ჩვენთან საუბრისას.

 

ქალაქ აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა  წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის საკონკურსო განაცხადი 2009 წლის 3 თებერვალს, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

წყალსადენის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 85%, საქართველოს მთავრობამ სესხად აზიის განვითარების ბანკიდან მიიღო. 

 

საკონკურსო პირობებში გარკვევით იყო მითითებული, რომ სამუშაოები გამოცდილ კომპანიას უნდა შეესრულებინა:

 

„აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგი კვალიფიკაციების მქონე უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს:კონკურსანტს, როგორც გენერალურ კონტრაქტორს, ბოლო 5 წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ ორი მსგავსი ტიპის სამუშაო, თითოეული არანაკლებ 1,3 მილიონი ლარის ღირებულებით. სამუშაოთა სირთულე შედარებული იქნება საკონკურსო წინადადებით განსაზღვრულ სამუშაოებთან; კონკურსის მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ მისი ძირითადი პერსონალი აკმაყოფილებს მოთხოვნილ კვალიფიკაციას: მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება“.

 

2009 წლის 31 მარტს, ტენდერში შპს „მშენებელი-80“-მა გაიმარჯვა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მაშინ, როცა აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერი მოიგო, წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციაში არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა. „მშენებელი-80“ სამშენებლო კომპანიაა და ძირითადად, სკოლების მშენებლობით არის დაკავებული. 2009 წლის მაჩვენებლით, 500 მსხვილ საწარმოს შორის, სახსრების ბრუნვის მიხედვით, შპს „მშენებელი-80“-მა 159-ე ადგილი დაიკავა და ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას  და საქართველოს ლატარიის კომპანიასაც კი, რამდენიმე ათეული ადგილით გაუსწრო.

 

აღსანიშავია, რომ „მშენებელი-80“-ის ხელმძღვანელი, ტარიელ ბუცხრიკიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სიმამრის, ლერი მეტრეველის ახლო მეგობარი და პარტნიორია. მეტრეველის შპს „ბელდ ინვესტს“ და „მშნებელი- 80“-ს ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რამდენიმე ძვირადღირებული სამუშაო აქვთ შესრულებული.

 

აბაშის წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა: მაგისტრალური პოლიეთილენის PN8 დ=315X15მმ მილებით – 12 500 გრძივ მეტრზე ახალი წყალსატარის მოწყობას; ფოლადის დ=200-250მმ მილებით – 600 გრძივი მეტრზე ქსელის მოწყობას; სათვალთვალო და წყლის მიმღები ჭების მოწყობას: დ=2000მმ - 1000მმ ანაკრები რკ/ბეტონის ხუფიანი 12 ჭის მონტაჟს; ქვიშის საფუძვლის მოწყობას – 4700.0 მ3. მიწის სამუშაოებს - 22800მ3; თხრილის შევსებას ხრეშით - 2994.0 მ3; სათავე ნაგებობების შემოღობვას – 6000 გრძ. მ; სადარაჯო ჯიხურის სარემონტო სამუშაოებს; ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენას – 795 მ2.

 

ერთი შეხედვით, ვიზუალურად ყველაფერი წესრიგშია - სათავე შემოღობილია, სადარაჯო ჯიხური კომფორტულია, ჭები მოწყობილია, თუმცა, რამდენიმე უბანში წყალი არ არის.

 

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ გაბელია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პროექტმა მათი მოლოდინი არ გაამართლა:

 

- ჩვენი მხოლოდ ტერიტორიაა, დანარჩენი მგფ-ის მიერ არის შესრულებული. შესაბამისად, ყველა ფინანსურ დოკუმენტაციას ფონდის წარმომადგენელი აწერს ხელს.

 

ბატონო ვახტანგ, ხომ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზედაც აბაშის გამგეობის წარმომადგენელი აწერს ხელს?  

- კი, მაგრამ ეს არის ზოგადი, რადგან იქ ჩვენი წარმომადგენელი იმ დატვირთვით არის, რომ ტერიტორიაა ჩვენი. ჩვენს სამსახურებს არც ცოდნა აქვთ შესაბამისი და არც გამოცდილება. წყალს დიდი ცოდნა უნდა, მიწისქვეშა სამუშაოებია ჩასატარებელი და კიდევ ათასი ნიუანსია.

 

თქვენი ინფორმაციით, ახლა ქალაქ აბაშას წყალი ახალი წყალსადენით  მიეწოდება?

- რასაც ვხედავთ ახლა, ის რეალობა არ არის. როცა მგფ-ის წარმომადგენლებს ვკითხეთ, გვითხრეს, რომ მათი ბრალი არ არის. სამშენებლო კომპანია ამბობს, რომ დამნაშავე საპროექტოა, საპროექტო ხალხს აბრალებს. სამკუთხედია შექმნილი - მშენებელი, პროექტი და საპროექტო. დამნაშავე, აი, ამ  სამკუთხედშია მოსაძებნი.

 

ანუ ადასტურებთ, რომ პროექტი არ შედგა და ახალი წყალსადენით აბაშას წყალი არ მიეწოდება?

- წყალი მიეწოდება, მაგრამ ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ბინებში ავიდოდა და პრობლემები მოიხსნებოდა, ასე არ არის.

 

აზიის განვითარების ბანკმა, სესხის გაცემისას, ერთი პირობა ჩადო - წყალმომარაგება უნდა გაუმჯობესებულიყო. პრობლემები რომ ისევ არის, გავიგეთ. საინტერესოა, რა გაუმჯობესდა...

- სამსახურის უფროსს დავეკითხები. ამ ყველაფერს ექსპერტი სჭირდება.

 

თქვენ არ მოგიხოვიათ ექსპერტული შემოწმება?

- ძალიან ბევრჯერ, ყველა დონეზე დავაყენეთ ეს საკითხი.

 

„საკითხის ყველა დონეზე დაყენება“ რომ აბაშელებს ვერაფერში წაადგათ, ფაქტები მოწმობენ. ბევრი აბაშელი მიიჩნევს, რომ ეს თანხა გაიფლანგა და რეალურად ახალი წყალსადენი არ გაკეთებულა. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც წყალი უწყვეტად მიეწოდებათ.

 

„აბაშაში, 17 წელზე მეტია, უწყლობის პრობლემა იდგა. შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესდა, ოღონდ ჩვენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლებს, ახალი მაგისტრალი არ შეგვხებია იმდენად, რამდენადაც ბაზრის მხარე გასულ წელს გადათხარეს, წრედი შეიკრა და იმან უზრუნველყო წყლის წამოსვლა. თუ ვედრო კარგი „ნაპორით“ორ წუთში ივსება, ჩვენთან მის გავსებას 15 წუთი სჭირდება. არ ეტყობა, რომ ეს ახალი მაგისტრალია. მეორე სართულზე წყალი არცერთ აბაშელთან არ ადის“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კახა კაჭარავამ.

 

გივი გოგუა ცხაკაიას ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ წყალი უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ. „რაც ახალი მილები ჩადეს, მას შემდეგ წყალი არ შეწყვეტილა, მოთქმული გვაქვს სული“, - გვითხრა ბატონმა გივიმ.

 

ცხაკაიას ქუჩაზე უწყვეტ წყალმომარაგებას, გოთუას ქუჩის მცხოვრებლები წყალსადენის სათავე ნაგებობასთან სიახლოვეს „აბრალებენ“. „აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. წყალი ზაფხულობით საერთოდ არ მოდის. ჭა გავაკეთე და მთელი უბანი ჩემი ჭის იმედად არის. როგორც კი მზე დააჭერს, წყალი წყდება. როცა მოდის, წნევა არ ყოფნის. ერთხელ მოვიდნენ წყლის გასახადისთვის. გამოვიტანე ჭიქა და ვუთხარი: ლარი ხომ არის ერთ სულზე გადასახადი, სამ ლარს გადავიხდი, თუ ამ ჭიქას აავსებთ-მეთქი. ამის შემდეგ არავის შევუწუხებივართ“,-  გვითხრა შუქრი ჩიქოვანმა.

 

ქალაქ აბაშაში, სტატისტიკური მონაცემებით, 9000-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან, 1500-ზე მეტი - დევნილია.

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბაშის სერვისცენტრის ინფორმაციით, ამჟამად 2 450 აბონენტი ჰყავთ, რომელთა უმრავლესობა კერძო პირები არიან. ერთ სულზე წყლის გადასახადი 99 თეთრია. სერვისცენტრის  ინფორმაციით, წყალსადენი მათ ბალანსზე არ არის, თუმცა, ეს ხელს არ უშლით გადასახადი დროულად მოითხოვონ:

 

„ახალი მაგისტრალი ჩვენი კომპანიის ბალანსზე ჯერ არ არის გადმოცემული, თუმცა, ვინაიდან წყალაღება ჩვენი სათავიდან ხდება და სასმელი წყლის მიწოდება ორივე მაგისტრალით ხორციელდება, მოსახლეობიდან გადასახადს ჩვენი კომპანია იღებს“, - ასეთ განმარტებას აკეთებს ჩვენთან საუბრისას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი, ირაკლი კვაშილავა.

მისივე თქმით, შეცდომა დაპროექტებისას მოხდა: „ქალაქ აბაშაში ცხოვრობს 2 300-მდე კომლი, აქედან, 1 822 კომლს სასმელ წყალს ჩვენი კომპანია აწვდის. დანარჩენ ადგილებში არ არის განვითარებული წყალსადენის ქსელი და სარგებლობენ ინდივიდუალური ჭებით. ქსელში წნევის გაზრდისთვის არსებობს კაპანის სატუმბი სადგური, თუმცა, დღეს, მრავალსართულიანი კორპუსების ყველა მცხოვრები ინდივიდუალური ე.წ. „ტვინიანი“ ტუმბოებით სარგებლობს. წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი 2009 წლის დეკემბერში დასრულდა. ჩემის აზრით, და ამ აზრს ბევრი, ჩემზე უფრო კომპეტენტური პირიც ეთანხმება, მცირედი შეცდომა იქნა დაშვებული დაპროექტების დროს, ხოლო პროექტის გახორციელების დროს ცოტა უფრო დიდი შეცდომა იქნა დაშვებული დ=500 მმ-იან მაგისტრალზე დაერთებისას  არ იქნა გათვალისწინებული ჰიდრავლიკა. დაერთების დროს დარღვეულია დონეთა სხვაობა. თუმცა, ეს ყველაფერი საჭიროებს შესწავლას. ამ ეტაპზე, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ქ. აბაშას სასმელი წყალი ორივე დ=500 მმ-იანი და დ=300 მმ-იანი მაგისტრალით მიეწოდება. წყლის ეს რაოდენობა მოსახლეობისთვის აბსოლუტურად  საკმარისია“, - ამბობს კვაშილავა.

კვაშილავას აბაშელი თანამშრომლები იმასაც ამბობენ, რომ წყლის დაბალი წნევა მოსახლეობის ბრალია:

„ხალხი წყალს არ უფრთხილდება. ხშირია შემთხვევა, როცა ონკანები მთელი დღის განმავლობაში მოშვებული აქვთ, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ წყლით ყველა ვერ კმაყოფილდება“, - აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბაშის სერვისცენტრის თანამშრომელმა ვახტანგ მონიავამ.

მათ ეთანხმებიან საპროექტო კომპანიაშიც, რომლის წარმომადგენლებიც ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, რომ საონკანო მეურნეობის მოწესრიგების შემთხვევაში, ყველაფერი დალაგდება და წყალი საკმარისი რაოდენობით წამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მოშვებულ ონკანებს სპეციალიტები მთავარ „დამნაშავეებად“ მიიჩნევენ, აბაშაში ყოფნისას აღმოვაჩინეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, დიდი ონკანიდან წყალი უწყვეტად წყალსადენის დამცავ ნაგებობაზე მოედინება.

„ასეა სულ აქ. ეტყობა, რომელიმე თანამშრომელს დარჩა მოშვებული“, - გვითხრეს ახლოს მცხოვრებლებმა, რომლებსაც წყალსადენის ეზოდან წამოსული წყალი ეზოებს ხშირად უტბორავს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან აბაშელებს სხვა პრეტენზიებიც აქვთ. როგორც გვითხრეს, იმ შემთხვევაში, თუკი შიდა ქსელში რამე გაფუჭდა, აღდგენა საკუთარი სახსრებით უწევთ, რადგან კომპანია „არ მექვემდებარებას“ მიზეზით, სამუშაოებს თავიდან იცილებს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „დაუქვემდებარებლობის“ მიუხედავად, წყლის გადასახადს თავად იღებს.

აბაშის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი დუნდუა პრობლემების არსებობას არ უარყოფს:

„საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა მიმდინარე წელს - ექსპლუატაციაში  გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ. წინა მიღება-ჩაბარების აქტი 2009 წლის დეკემბერში გავაფორმეთ“.

 

ბატონო გიორგი, ჩვენ შევხვდით მოსახლეობას. ნაწილს აქვს წყალი, ნაწილს - არა. თუკი პროექტი სრულყოფილი არ იყო და წყალი ყველას არ მიეწოდებოდა, რატომ მოაწერეთ ხელი მიღება- ჩაბარების აქტს?

- პროექტი სრულიად დამთავრებული იყო. სრულ რეაბილიტაციას არ ითვალისწინებდა თანხის სიმცირის გამო. თანხებში იყო შეზღუდვა. მაშინ დოლარი 1,4 იყო ლართან მიმართებაში. მილიონი დოლარი იყო გათვალისწინებული ამ პროექტისთვის. რადგან ამ თანხაში ვერ ეტეოდნენ, მოხდა ნაწილის შეკვეცა. ცენტრალური მაგისტრალის მთლიანი რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. თუმცა, შემდეგ ტენდერმა ცხადყო, (რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა), რომ ამ თანხაში შეიძლებოდა სრული რეაბილიტაცია. ტენდერმა დაწია თანხა. თუ მილიონ დოლარს მთლიანად დაახარჯავდნენ, შესაძლებელი იქნებოდა სრული რეაბილიტაცია მომხდარიყო. გაუკეთებელი, ერთი კილომეტრი და ორასი მეტრია დარჩენილი ერთი მხარეს და მეორე მხარეს - ერთი კილომეტრი. ის რასაც პროექტი ითვალისწინებდა, გაკეთებულია. არავინ არის უწყლოდ დარჩენილი, უბრალოდ, აწევის სიმაღლეა დაბალი.

 

ჩვენი ხელმძღვანელობა შეთანხმებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომ დამატებითი სამუშაოები ჩატარდეს წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად“.

 

დუნდუამ ამბობს, რომ წნევის აწევა შესაძლებელია, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული: „წყალი ყველას მიეწოდება. მხოლოდ აწევის სიმაღლე ვერ მოწესრიგდა. საპროექტოში ამტკიცებენ, რომ საონკანო მეურნეობის მოწესრიგების  და გამრიცხველიანების შემთხვევაში, წყლის დებეტი საკმარისი, ორჯერ მეტიც იქნება, ვიდრე არსებობს საერთაშორისო სტანდარტებით. ახლა რომ სპეციალური სატუმბი დანადგარები დაიდგას, რომელიც წნევას აწევს, ელექტროენერგიის ხარჯი იქნება ძალიან დიდი. ბუნებრივია, ამ თანხას მოსახლეობა ვერ გადაიხდის, მუნიციპალიტეტსაც არა აქვს ამის ფუფუნება“.

 

ჩვენ გადავამოწმეთ 2009 წლისთვის ეროვნული ვალუტის შეფარდება დოლართან მიმართებაში. 2009 წლისთვის საშუალო კურსი 1, 67 ლარზე მაღალი იყო.

გელა თოფურია ამბობს, რომ ეს თანხა წყალში გადაიყარა და აბაშელების წყალმომარაგების გაუმჯობესებას არ მოხმარებია. ფაქტია, და ოფიციალური პირების კომენტარებიდანაც ჩანს, რომ მოსახლეობის ძირითად ნაწილს წყალი არ მიეწოდება. წყალმომარაგების საკითხის გადასაჭრელად, კვლავაც დამატებითი, თანაც - მნიშვნელოვანი სახსრები უნდა გამოიყოს. თუ როგორი ხარისხით შესრულდა უკვე ჩატარებული სამუშაოები, ამის დადგენა მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ, რადგან წყლის მილებზე ასფალტის საფარია გადაგებული და ვიზუალურად, შესაბამისი აპარატურის, ექსპერტიზის გარეშე შეუძლებელია განსაზღვრო რომელი მილებით მიეწოდება აბაშის მოსახლეობას წყალი. მით უმეტეს, როცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბაშის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ მილები ერთმანეთს სათავე ნაგებობასთანვე, მიწაში უერთდება და ქალაქში ერთი დიდი, სავარაუდოდ, ახალგამოცვლილი მაგისტრალით ჩამოდის.

 

„გამოუცდელ კომპანიას მიანდეს სამუშაოები. სამწუხაროდ, ყველაფერს ნაცნობობა, ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი თანამდებობების პირები წყვეტენ. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს აბაშელებს ისევ აქვთ წყლის პრობლემა“, - აღნიშნავს თოფურია.

 

შპს „მშენებელი-80“ სამუშაოთა მწარმოებელი, მერაბ გეგეჭკორი  გამოთქმულ  ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ კომპანიას სამუშაოთა შესასრულებლად საკმარისი გამოცდილება აქვს: „გადავამოწმე და ყველა უბანს მიეწოდება წყალი. აბაშაში გახორციელდა წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაცია და არა ქალაქის ქსელის, რაც აუცილებლად მოსაწესრიგებელია ნორმალური წყალმომარაგებისთვის, რადგან გაუმართავი მილებით ბევრი წყალი იკარგება. რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას, მრავალი ამ ტიპის პროექტი გვაქვს განხორციელებული.  დაწვრილებითი ინფორმაციისთვის კი, მუნიციპალური განვითარების  ფონდს მიმართეთ“.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის მენეჯერი, დავით დავითულიანი უშუალოდ ამ პროექტის ზედამხედველი იყო. თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ფონდის ვებ-გვერდიდან კი უკვე გაქრა აღნიშნული პროექტის შესრულების ანგარიში. ყოფნის კვალი, ჩამოსატვირთი ფაილის სახით, ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ვერავინ გვცემს პასუხს კითხვაზე - რატომ გაქრა მიმაგრებული დოკუმენტი?! მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ლევან ჭიჭინაძე ამას ტექნიკურ ხარვეზს აბრალებს და ამბობს, რომ აბაშელებს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ.

 

„ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ წყალს წნევა არ აქვს და სპეციალური საქაჩების დამონტაჟებაა საჭირო“, - ამბობს ჭიჭინაძე.

 

რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აბაშელების პრობლემების მოსაგვარებლად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს:

 

„როგორც მითხრეს, რაღაც პრობლემები არის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით - წყლის წნევა ყოფილა დაბალი და გასაუმჯობესებლად დანადგარებია შესაძენი. ეს საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. სამინისტრო, ამ კუთხით, აქტიურად მუშაობს და ძალიან მალე, ეს პრობლემები მოგვარებული იქნება“, - გვითხრა მინისტრმა.

 

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს მთავრობასთან 40 მილიონ დოლარზე სასესხო ხელშეკრულება 2008 წლის 11 ნოემბერს გააფორმა. თანხის გადახდა სახელმწიფომ 2017 წლის თებერვალში უნდა დაიწყოს და  2040 წლის ზაფხულში დაასრულოს. სესხზე საპროცენტო განაკვეთი, 2017 წლის შემდეგ 1, 5%-ით განისაზღვრება. რაც იმას ნიშნავს, რომ აზიის განვითარების ბანკს, საქართველომ,  19 წლის შემდეგ, 13 800 000 დოლარით მეტი უნდა გადაუხადოს.

 

ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული თანხა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებაზე (გზების მშნებელობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება) უნდა დახარჯულიყო. ფული მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა და ოფიციალური ინფორმაციით, ამ თანხით 69 პროექტის შესრულება დაიგეგმა. მათი უმრავლესობა, მგფ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკვე დასრულებულია. ამ 69 პროექტიდან ერთ-ერთია აბაშის წყალსადენის რეაბილიტაციაც.

 

აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, გიორგი კიზირიას ინფორმაციით, აპრილის ბოლოს აბაშაში განხორციელებულ წყალსადენის სამუშაოებს ექსპერტები შეისწავლიან:

 

„ჩვენს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მონიტორინგს ყოველთვის ვაწარმოებთ. თუმცა, აბაშაში ჯერ არ ვყოფილვართ. აპრილის ბოლოს ჩვენი ექსპერტები ჩამოდიან და პირველ რიგში, აბაშის წყალსადენს მოინახულებენ. პრობლემა რომ არის არავინ უარყობს, თუმცა, ის რაც ჩვენი დაფინანსებით გაკეთდა უნაკლოა. აბაშის მთავარი პრობლემა შიდა ქსელის მოუწესრიგებლობაა. სწორედ ამიტომ არ მიწოდება სრულად ქალაქის მოსახლეობას წყალი. მას შემდეგ რაც თქვენ დაგვიკავშირდით და აღნიშნული პრობლემის შესახებ გვიამბეთ, მე პირადად ვზრუნავ იმაზე, რომ მოვიძიო დამატებითი ფინანსები და ქალაქ აბაშის შიდა ქსელი მოწესრიგდეს. ეს საკითხი უკვე დავაყენე მინისტრთან და იმედი მაქვს, უახლოეს ხანში განხორციელებასაც შევძლებთ. ჩვენ გვაქვს 500 000 000-იანი პროექტი, რომლის ფარგლებში, მთლიანი ქალაქების წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია იგეგმება. მაგალითად ზუგდიდის, ქუთაისის და ა.შ. 40 მილიონიანი პროექტის, რომელშიც აბაშის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციაც შედიოდა. ნეგატიური მხარე სწორედ ის არის, რომ კეთდება ნაწილი და თანხის სიმცირის გამო ვერ ხერხდება სრული რეაბილიტაცია, რაც ბუნებრივია პრობლემებს წარმოშობს. ეს საზოგადოებისთვის რთული ასახსნელია. მათ იციან რომ ფული დაიხარჯა და, როცა დიდ შედეგს ვერ ხედავენ ბრაზდებიან. 1 მილიონი დოლარი აბაშის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის ძალიან ცოტაა. თუმცა, როგორც გითხარით, მე პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ აბაშელებს შიდა ქსელის სარეაბილიტაციო თანხები გამოუყონ და წყალთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოუგვარდეთ“, - აღნიშნა კიზირიამ.

 

P.S. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, გიორგი კიზირიამ დადებული პირობა შეასრულა. მალე აბაშა წყლით სრულად მომარაგდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, აბაშის სერვისცენტრის მენეჯერის, ბადრი ხურცილავას ინფორმაციით მალე, ქალაქი აბაშა სრულად მომარაგდება წყლით: „ცოტა ხნის წინ იყვნენ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოსულები. მონაცემები აიღეს. გვითხრეს რომ დამატებითი თანხები გამოიყო და მალე მუშაობა დაიწყება“.

 

აღნიშნული ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდშიც დაგვიდასტურებს, რომელიც მალე ამ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს გამოაცხადებს.

 

„ახალი მემარჯვენეების“ აბაშის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გელა თოფურიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, მას გამგეობიდან მიაწოდეს. „მეც მითხრეს რომ მალე სამუშაოები დაიწყება. სამწუხაროდ, წინა სამუშაოებისთვის დახარჯული თანხა წყალში გადაიყარა, თუმცა მისასალმებელია, რომ ახლა თავიდან და საფუძვლიანად კეთდება. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც თქვენ მოკვლევა ჩაატარეთ“, - აღნიშნა თოფურიამ.

 

ის, რომ აბაშის სრული წყალმომარაგებებისთვის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც დაგვიდასტურეს. კომპანიის პრესამსახურის ხელმძღვანელის, ჯილდა მაჭავარიანის თქმით, სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო თანხებს, აზიის განვითარების ბანკი მას შემდეგ გადმორიცხავს, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს წარადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდში კი გვითხრეს, რომ პროექტი, რომლითაც აბაშას წყლის პრობლემა მოუგვარდება და წყალი მრავალსართულიანი ბინების მაცხოვრებლებსაც ექნებათ დასრულებულ სახეს რამდენიმე დღეში მიიღებს და სამუშაოებიც მალე დაიწყება.