როგორც მოსალოდნელი იყო, ფაროსანამ ციტრუსზე გადაინაცვლა. თხილისა და სიმინდის განადგურების შემდეგ, საფრთხის წინაშე ნარინჯისფერი მოსავალი დადგა. წელს ციტრუსის მოსავალი ქვეყნის მასშტაბით დიდი ისედაც არ არის და მავნებელმა ის შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს. გურიასა და აჭარაში ფაროსანას შემოტევაზე უკვე ჩივიან. შეიძლება მანდარინი და ლიმონი არც საექსპორტოდ გამოდგეს.
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში არსებული კომპანია „ავანგარდის“ გამგეობის თავმჯდომარე, თამაზ თხილაიშვილი განმარტავს, რომ აზიური ფაროსანა უკვე ციტრუსსაც აზიანებს. მისი მტკიცებით, არის შემთხვევები, როდესაც დაზიანებული მანდარინი ხეებიდან ცვივა.
„მთელი ერთი თვე წვიმა იყო, სიცივეში მავნებელი ვერ გამოდის, დამალულები არიან, როგორც კი ამინდები გამოვა, არ ვიცი რა იქნება. წინასწარი შედეგების განსაზღვრა ძალიან ძნელია“, - აცხადებს თხილაიშვილი.
თუკი აზიური ფაროსანა კიდევ გავრცელდა და პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, ციტრუსი უკვე გასაყიდად ვარგისი არ იქნება და ფერმერები დიდი ზარალის წინაშე დადგებიან.
„ციტრუსი პლიუსის“ დირექტორი, ვლადიმერ ლომაძე განმარტავს, რომ ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში კოოპერატივის საკუთრებაში 5 ჰექტარი მანდარინის და ფორთოხლის პლანტაციებია. ფერმერი აცხადებს, რომ აზიურმა ფაროსანამ თხილის შემდეგ ახლა უკვე ციტრუსიც დააზიანა.
როგორც ლომაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ქართული მანდარინი და ფორთოხალი თურქულს ისედაც ძნელად უწევდა კონკურენციას და ახლა საქმე კიდევ უფრო რთულად იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას მიერ ციტრუსის მოსავლის განადგურებას მსწრაფლ გამოეხმაურა და მსგავსი ფაქტი უარყო.
მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანას მიერ ციტრუსის მოსავლის 50-60%-ის განადგურებას ცრუ ინფორმაცია უწოდა.
„ვფიქრობ, ციტრუსის დიდი მოსავალი ხარისხიანი იქნება, რადგან ჩატარდა ყველა სამუშაო რისი შესაძლებლობაც იყო ფართო მასშტაბებში. გარდა ამისა, პრეპარატები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოსახლეობას უკვე დარიგებული აქვს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავარწმუნოთ ისინი, რომ გამოიყენონ და გადაარჩინონ მოსავალი“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა „საქმის კურსთან“ საუბარში.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დასავლეთ საქართველოში, ფერმერებს ციტრუსის შეწამვლის დროულად დაწყების რეკომენდაციით ორიოდე დღის წინ მიმართა. სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეგრელოსა და გურიაში სოფლის რწმუნებულებს პრეპარატები უკვე გადასცეს, საიდანაც ყველა ფერმერისათვის წამლის მიწოდების უზრუნველყოფა ხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს ციტრუსის შეწამვლისკენ მოუწოდებს, რათა მოსავლის აღებამდე აუცილებელი 20-დღიანი ვადა დაცული იყოს. ნარინჯისფერი რთველი 10 ნოემბრიდან აიღებს სტარტს.
ამის გათვალისწინებით, აჭარაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ციტრუსის შეწამვლა 18 ოქტომბრიდან დაიწყო. სამუშაოებში 22 სპეციალური ტექნიკა ჩაერთვება. ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადასცა. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურების შესყიდვისთვის კი 300 ათასი ლარი გამოიყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის ინფორმაციით კი, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული თანხა შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენას დასჭირდა.
ამ მომენტისათვის აზიური ფაროსანა უკვე გამოსაზამთრებლად თბილ ადგილებში იწყებს გადასვლას. მისივე თქმით, ღონისძიებების გატარება გაზაფხულიდან გაგრძელდება, როდესაც ფაროსანა გამრავლებისა და კვებისათვის მწვანე მცენარეებზე ისევ გადაინაცვლებს.