თამბაქოს კონტრაბანდა მინიმუმ 20-ჯერ გაიზარდა

თამბაქოს კონტრაბანდა მინიმუმ 20-ჯერ გაიზარდა

წლის დასაწყისიდან მოყოლებული თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. უკვე აღმოჩენილია ნახევარი მილიონი კოლოფი უაქციზო სიგარეტი. სავარაუდოდ, უფრო მეტი ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდა და გასაღდა კიდეც.

კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ბოლო ფაქტი 17 ოქტომბერს აღიკვეთა. საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო”, 4400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ბ-ს ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ასეთი შემთხვევები თითქმის ყოველ დღე ხდება და სავარაუდოდ, კონტრაბანდის გაცილებით მეტი ფაქტი ვერ ვლინდება. თუმცა, რაც უკვე გამოაშკარავებულია ისიც საგანგაშოა. ბოლო რამდენიმე თვეში ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მოიმატა თამბაქოს კონტრაბანდასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამაც.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის განვლილ პერიოდში კი უკვე 48 საქმეა აღძრული. ამავე მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 23 პირის მიმართ, 2017 წელს კი - 60 პირის მიმართ.

რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის განვლილ პერიოდში კი - 494 320 კოლოფი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 200 000-ზე მეტი კოლოფი სიგარეტის ამოღება, საბაჟო წესების დარღვევით, მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის მცდელობისას მოხდა.

ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ აქციზის მატება ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის წილს გაზრდიდა.

“ამის შესახებ ხელისუფლებას ჯერ კიდევ მაშინ ვაფრთხილდებდი, როდესაც ცნობილი გახდა, თუ რა დოზით იზრდებოდა აქციზის ღირებულება თამბაქოზე. შეუძლებელია კონტრაბანდის რისკები არ წარმოიშვას მაშინ, როდესაც შენს მოსაზღვრე ქვეყნებში სიგარეტი იაფია და ის დაახლოებით 1-ლარიანი სხვაობით იყიდება.  სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები კიდევ იქნება, რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით”, - განუცხადა “კომერსანტს” ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქციზზე ფასის მომატება იჩქარა. არადა, იმის პროგნოზირება, რომფასის ზრდა კონტრაბანდის რისკს გაზრდიდა, რთული არ იყო, მით უფრო, როცა რეგიონში თამბაქოს ნაწარმის ღირებულება გაცილებითნაკლებია.

“ფაქტია, აქციზის ფასის მკვეთრი ზრდის შემდეგ კონტრაბანდაც მოიმატებდა, რადგან მეზობელ ქვეყნებში გაცილებით ნაკლებია მისიღირებულება. ამის პროგნოზირება რთული არ იყო და ხელისუფლებაც ელოდა მოჭარბებულ რისკს. ამტკიცებენ, რომ სრულ მზადყოფნაში იყვნენ. რამდენად მოელოდნენ ამ მასშტაბს, ეს კიდევ სხვა საკითხია”, - აცხადებს ჯანიაშვილი.

წლის ბოლომდე კონტრაბანდის მასშტაბები, რა თქმა უნდა, კიდევ გაიზრდება. არალეგალური საქონლის შემომტანები დახვეწავენ მეთოდებსაც და კონტრაბანდული პროდუქციის აღმოჩენა უფრო და უფრო გართულდება.