აუდიტის სამსახურმა მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ დასკვნა მოამზადა - სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, როგორებიცაა ეკონომიკური ზრდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მიმდინარე დეფიციტის ანგარიში და ინფლაცია, დამატებით განმარტებებს საჭიროებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, კანონპროექტში არ არის წარმოდგენილი განმარტებები პროგნოზირებული ფისკალური მაჩვენებლების „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის შესახებ (გადასახდელების წესი - 30.0% (მშპ-სთან), ბიუჯეტის ბალანსის წესი (ბიუჯეტის დეფიციტი) - 3.0% (მშპ-სთან), ვალის წესი - 60.0% (მშპ-სთან)), ასევე, ფისკალური ინფორმაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშიც.
დასკვნის მიხედვით 2018 წლის გადასახდელების წესის პროგნოზირებული მაჩვენებელი 29.9%-ის დონეზეა განსაზღვრული და მცირედით ჩამორჩება ორგანული კანონით დადგენილ 30.0%-იან ნიშნულს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის კანონის პროექტის შემდგომი წარდგენა მოიცავდეს განმარტებას თუ რა პარამეტრები განაპირობებენ განსხვავებას ბიუჯეტის დეფიციტის პროექტში წარმოდგენილ მაჩვენებლებს შორის.
ასევე, ბიუჯეტის კანონის პროექტი არ მოიცავს საკმარის ინფორმაციას სტრუქტურული და ციკლზე მორგებული დეფიციტის შესახებ, რომელთა შემუშავება და მონიტორინგი სახელმწიფო ვალის მაჩვენებლის მშპ-სთან მდგრადობის შენარჩუნებას ემსახურება. IMF-ის პროგნოზით, 2018 წლისათვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ციკლზე მორგებული ბალანსი (დეფიციტი) -2.4%-ს, ხოლო სტრუქტურული ბალანსი (დეფიციტი) -2.7%-ს გაუტოლდება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, აუდიტის სამსახურის შეფასებით, კანონპროექტით ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 4.5%-ის დონეზე და 0.5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს WB-ის და 0.3 პროცენტული პუნქტით IMF-სა და EBRD-ის პროგნოზებს.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებაა ასევე ინფლაციის 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებს შორის. კერძოდ, IMF-ის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება, ხოლო ADB-ის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს BDD-ით განსაზღვრულს (4.0%). ამასთან, 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 2.0 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება IMF-ის, ხოლო 1.7 პროცენტული პუნქტით ADB-ის პროგნოზებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 9 თვის მონაცემებით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6.2%-ს შეადგენს, ხოლო წლის ბოლო პერიოდი ხასიათდება ინფლაციური პროცესების გააქტიურებით, მოსალოდნელია 2017 წლის ინფლაციის წლიური მაჩვენებლის გადაცდომა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (4.0%). აქედან გამომდინარე, სასურველია კანონპროექტი შეიცავდეს დამატებით განმარტებას 2018 წლის ინფლაციური პროცესების შესახებ“, - ნათქვამია დასკვნაში.
დასკვნის თანახმად, IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ექსპორტ-იმპორტთან მიმართებაშიც.
დასკვნის თანახმად, კანონპროექტი საშუალოვადიან პერიოდში მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 8.0%-ზე მეტი ოდენობის რესურსის მიმართვას. თუმცა, როგორც დასკვნაშია მითითებული, არც აღნიშნული დოკუმენტით და არც სხვა ნორმატიული აქტით განსაზღვრული არ არის თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტად და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით გაწეულ გადასახდელად, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს მიზნობრივი ნიშნულის შესრულების მონიტორინგის პროცესს.
აუდიტის სამსახურის კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად ოპტიმისტურად არის განწყობილი მთავრობის მეთაური - როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, “2017 წელს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით 37%-იანი ზრდა გვაქვს”.
„მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ზრდაა დაგეგმილი. ეს გახდა შესაძლებელი ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებით და საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური მუშაობით. ეს გაკეთდა ისე, რომ სოციალური მიმართულებით არათუ არ მოგვიკლია არც ერთი თეთრი, არამედ გავზარდეთ კიდეც ჩვენი დანახარჯები“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება 2018 წელს, პრემიერის განმარტებით, მომავალ წელს ძალიან ბევრი პროექტის ერთდროულად დაწყება იგეგმება.
„მომზადების პროცესი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა და 2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს არა მარტო თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთლიანი ჯამი ამ პროექტებისა, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. ეს არის 1 მილიარდ 800 მილიონზე მეტი დანახარჯი, რაც ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილია და კიდევ უფრო მეტი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ხოლო ეს, რა თქმა უნდა, აისახება თითოეული ადამიანის ყოფაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის სერიოზული განვითარების წელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელს ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება და 6 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 32.1%-ით მოიმატებს. ეკონომისტის პროგნოზით, 2022 წლისათვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 19 მილიარდ 156 მილიონი ლარი გახდება.
პროგნოზის გაკეთებისას დუნდუა სსფ-ს მონაცემებს ეყრდნობა - როგორც ეკონომისტი განმარტავს, 2013-2016 წლებში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად საქართველო ეკონომიკა გაიზარდა მაშინ, როცა 2004-2012 წლებში ამ მაჩვენებლით საქართველო სამხრეთ კავკასიაში ბოლო ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა აზერბაიჯანს და სომხეთს. 2004-2007 წლებშიც კი, როცა წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპი ფიქსირდებოდა, საქართველო ასევე ბოლო ადგილზე იყო და მას სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანა მკვეთრად უსწრებდა. კერძოდ, 2004-2007 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკა 134%-ით გაიზრდა, სომხეთის - 62%-ით, საქართველო კი - 43%-ზე ნაკლებით.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე 2018 წელს პირველად გადააჭარბებს 10 ათას დოლარს და 10 105.57 დოლარს გაუტოლდება (მსყიდვეულნარიანობის პარიტეტი გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლას ამერიკის შეერთებული შტატების ფასებით. ასეთ, ერთიან საფასო სისტემაში ყველა ქვეყნის მშპ-ს გამოთვლა ქვეყნების ურთიერთშედარების საშუალებას იძლევა და კეთილდღეობის ეკონომიკური საზომია. ლ.ზ.),- აცხადებს დუნდუა.
მისივე განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წლისთვის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ,საქართველოს რეალური მშპ (ანუ მუდმივ ფასებში დათვლილი) 12 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო მისი ნომინალური მაჩვენებელი 15 ათას დოლარზე მეტი იქნება.