გლენ კემპბელი დიდ სცენას ემშვიდობება

გლენ კემპბელი დიდ სცენას ემშვიდობება

რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და გიტარისტმა, ქანთრის მეფედ წოდებულმა გლენ კემპბელმა აქტიური მუსიკალური მოღვაწეობის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

 

ნახევარი წლის წინ, 75 წლის მუსიკოსს ექიმებმა ალცგეიმერის დაავადება დაუდგინეს.

 

კემპბელის ინფორმაციით, ის უახლოეს მომავალში ახალი ალბომის ჩაწერას დაასრულებს, შემდეგ გამოსამშვიდობებელ საგასტროლო ტურნეს გამართავს და საყვარელ გიტარას სამუდამოდ გვერდზე გადადებს.

 

“გლენი შესანიშნავი მუსიკოსია. ასაკის მიუხედავად ჩინებულ ფორმაში იმყოფება. სამწუხაროა რომ ექიმებმა ალცგეიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიფიქრეთ და აქტიური მუსიკალური კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღეთ. გლენს სურს რომ დიდი სცენიდან თავაწეული წავიდეს” - განაცხადა მუსიკოსის მეუღლემ.

 

გლენ კემპბელის ახალი სტუდიური ჩანაწერი “Ghost on the Canvas” გაყიდვაში მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გამოვა. ამ ალბომის ჩაწერაში  ქანთრის მეფის გარდა კრის აიზეკი, დიკ დეილი, ბილი კორგანი და ბრაიან სეტცერიც მონაწილეობდნენ.

 

გლენ კემპბელი 1936 წლის 22 აპრილს დაიბადა. მუსიკალური კარიერა როგორც გიტარისტმა ქალაქ ლოს-ანჯელესში დაიწყო. თავის დროზე ფრენკ სინატრასთან, ელვის პრესლისთან და ჯგუფ “The Beach Boys”-თან თანამშრომლობდა.

 

წინა საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში, გლენმა სოლო კარიერა წამოიწყო და პოპულარობას რამდენიმე წელიწადში მიაღწია. ორმოცდაათ წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 70 ალბომი გამოუშვა, რომელთა საერთო ტირაჟმა აშშ-ში 45 მილიონს მიაღწია.

 

2005 წელს, გლენ კემპბელი “ქანთრის დიდების დარბაზის” საპატიო წევრად მიიღეს.