ვალების მომხრეეები და მოწინააღმდეგეები

ვალების მომხრეეები და მოწინააღმდეგეები

რამდენად საშიშია ვალები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ყველა მიმართულებით თვალიის დაუხამხამებლად იღებს? ამ საკითხთან დაკავშირებით აზრები მკვეთრად განსხვავებულია, როგორც პოლიტიკოსებში, ასევე ფინანსურ წრეებში. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზრდილ ვალდებულებებს ეკონომიკური წინსვლა „ითხოვს“, ნაწილი კი თვლის, რომ მთავრობა ქვეყანას ვალის ჭაობში მიათრევს. 

„სესხი და ვალი არ არის საშიში, თუ ის კონკრეტულ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება. ბიუჯეტით გაწერილი ვალდებულებების ზრდა უკავშირდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს“ - ასე აფასებს არსებულ ვითარებას ეკონომისტი ლევან კალანდაძე და იქვე დასძენს, რომ ამას ყველაფერს სჭირდება ფინანსური რესურსი, რომელიც საქართველოს არ აქვს.

„ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს ინვესტორების მოძიება და დამატებითი რესურსების მოზიდვა. მხოლოდ რიკოთის მაგისტრალის პროექტი, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს, 500 მილიონზე მეტს საჭიროებს. სახელმწიფო ამ ფულს სახარჯოდ და სოციალური ვალდებულებების გასტუმრებისთვის არ იღებს. ეს ფული იდება ეკონომიკაში, საქმდება უამრავი ადამიანი, კომპანიები, რომლებიც ამ პროექტებს ახორციელებენ, იხდიან გადასახადებს და ბიუჯეტში შეაქვთ ფული. ჩვენ თუ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა უახლოესი წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების, რაც გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა, ასეთი პროექტები უნდა განვახორციელოთ. თუ ეს არ გვინდა, გვაქვს სხვა ალტერნატივა - არ ავიღოთ სესხი, არ განვავითაროთ ეკონომიკა და დავტოვოთ იმ დონეზე, რა დონეზეც გვაქვს და არ შევქმნათ განვითარების პერსპექტივა. ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკა. მე მესმის, რომ ზოგადად სესხის აღება არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არის სესხი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანის სტაბილურ და მდგრადი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებას“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

საპარლამენტო უმრავლესობა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ შეხედულებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ვალების აღების ტემპი დასაშვებზე მაღალია. „მარტო შიდა ვალი იზრდება 400 მილიონი ლარით, არანაკლები სისწრაფით იზრდება საგარეო ვალიც. ამ ქვეყანაში ბოლო წლებში რაც კეთდება, ყველაფერი ვალით კეთდება. მთავრობამ ბოლო 6 წელიწადში (თუ 2018 წლის 400 მილიონსაც დავუმატებთ) მარტო შიდა ვალი 3 მილიარდი ლარის ოდენობით აიღო. ეს ფული სხვადასხვა სფეროში იხარჯება, მათ შორის, ჯანდაცვაში, რომელმაც უკვე მილიარდი ლარი „შეჭამა“, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს. ვალმა უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, სამაგიეროდ, ჩვენი მშპ-ი ძალიან ნელი ტემპით იზრდება, ის სასაცილო მოცულობისაა: 35-40 მილიარდი ლარი, თუ დოლარში ვიანგარიშებთ, კაპიკებია. ქვეყნის ვალმა მშპ-ის 50%-ს მიაღწია, წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 34% იყო“, - აცხადებს დეპუტატი რომან გოცირიძე.

პარლამენტარის შეფასებით, ჩვენი ვალი სახიფათო არ არის იმ მეთოდიკით, რომლითაც მთავრობა ანგარიშობს, რადგან მთავრობა სახელმწიფო საწარმოების ვალს არ ითვლის.

„მარტო რკინიგზას 1 მილიარდზე მეტი ვალი აქვს, თუ სხვა საწარმოების ვალებსაც დავაჯამებთ, საქართველოს სახელმწიფო ვალი კრიტიკულ ნიშნულს უკვე დიდი ხანია გადასცდა. ასე რომ, მთავრობას შეუძლია უსასრულოდ აიღოს ვალები და მერე სხვა მთავრობას გადაულოცოს მათი გასტუმრება. ვალებით საქმის კეთება ზომიერ ფარგლებში შეიძლება, მაგრამ რასაც ესენი აკეთებენ, უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება“, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი.

მის მოსაზრებას იზიარებს ფინანსისტი აკაკი ცომაია ამბობს. მისი თქმით,  მართალია, მთავრობის ვალში არ შედის უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საგარეო ვალი, მაგრამ ამავე დროს არსებობს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო საწარმოები. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ვალდებულებები და საერთო ჭრილში არც ისე მცირეა მისი წილი.

„საქართველოს მთავრობა არ მიიჩნევს ამ ვალს თავის ვალდებულებად, თუმცა სახელმწიფო საწარმოები, რომელთა უმრავლესობა არ არის მომგებიანი და ვერ ახერხებს, საქმიანობის ეფექტურად წარმართვას, წლიდან წლამდე ზრდის ქვეყნის ვალს. ძირითადი პრობლემა საგარეო ვალის კომპონენტში მისი არაეფექტური ხარჯვაა.

რაც შეეხება, ზოგადად, საგარეო ვალდებულებების მოცულობის ზრდას, იგი მომდინარეობს არსებული საბაზრო მოთხოვნიდან. აქედან გამომდინარე, იქნება ეს საფინანსო თუ სხვა ინსტიტუტები, კომერციულ საწყისზე იღებენ ვალს“, აღნიშნავს ცომაია.

სხვაგვარად უყურებენ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატ რევაზ არველაძის შეფასებით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ვალს არ იღებდეს და საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი.

„მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციები ზოგჯერ შეღავათიან, 1,5-2%-იან ვალებს გამოყოფენ და როგორ შეიძლება ამაზე უარი ვთქვათ? ეს თანხა ხომ ეკონომიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს? ვინმემ რომ გადახედოს, რამდენია აშშ-ის და სხვა მოწინავე ქვეყნების ვალი, საქართველოს ვალი აღარ გაუკვირდება. მით უმეტეს, ის ვალები, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად არის მოზიდული, გრძელვადიანია - 15, 20-წლიანი და უფრო მეტიც. თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს, ვალი კიდეც უნდა ავიღოთ და კიდეც დავფაროთ. 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 12 მილიარდს აჭარბებს. ასე რომ, ვალში გასაცემი 760 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რომელსაც ბიუჯეტი ვერ გაწვდება“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას არველაძემ.