რა ქონება დააგროვა სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ

რა ქონება დააგროვა სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ

(იბეჭდება შემოკლებით)

როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაცია? რა შემატა მის ქონებას ვარდების რევოლუციამ?

პრეზიდენტს ისევ 95 ათას ლარად შეფასებული ბინა აქვს ბარნოვზე. ეს ბინა 2002 წლის ოქტომბერში შეიძინეს, მას შემდეგ რაც ახალშენის ქუჩაზე გაყიდეს სახლი 110 ათას ლარად. სხვათა  შორის, როგორც დეკლარაციაში წერია, ბარნოვზე ეს ბინა 98 ათას ლარად იყიდეს, მერე კი დეკლარაციაში 95 ათას ლარად შეფასებულ ბინად ჩაწერეს. 3 ათასი ლარი „აორთქლდა“? თუ პრეზიდენტის სახლის კრიშას „ჟოლობი“ გაუფუჭდა, წყალი ჩავიდა და ფასი დავარდა? სხვათა შორის „ალიამ“ კაი „ჰედლაინი“ იპოვა პრეზიდენტის დეკლარაციაში. 2004 წლის დეკლარაციაში პრეზიდენტს ბინის მისამართად მითითებული აქვს ბარნოვის 7, შარშან კი მითითებული ჰქონდა ბარნოვის 9. ახლა როგორ გავიგოთ, შარშან მიდიოდა შეცდომით სხვის სახლში პრეზიდენტი თუ წელს?

პრეზიდენტ სააკაშვილს სტრასბურგის ბანკში 12 500 ევრო აქვს შენახული. ეს ანგარიში მან 1997 წელს გახსნა. ამ ბანკში, შარშანდელი დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს 4 ათასი ევრო ჰქონდა. მოკლედ, გაპრეზიდენტება მარტო სტრასბურგის ბანკის ანგარიშში 8 500 ევროს შემატებით დაეტყო. გარდა ამისა, წელს, 26 მარტს, პრეზიდენტმა „ბაზის ბანკში“ ანგარიში გახსნა და 5 000 დოლარიც შეიტანა. ქვეყნის პირველ ლედის კი ანგარიში „თიბისიში“ აქვს გახსნილი, სადაც 3 500 ევრო უდევს. შარშან 2 300 ევრო ჰქონდა. მოკლედ, გაპრეზიდენტების შემდეგ პრეზიდენტის ოჯახმა საბანკო ანგარიშები 14 700 დოლარით გაზარდა.

ისე, ჩვენში დარჩეს და, საიდან? ჩვენს პრეზიდენტს რამე განსაკუთრებული შემოსავალი დაფიქსირებული არა აქვს, თუ არ ჩავთვლით მივლინება-სემინარების ხარჯებს, რომლის წლიური ჯამი 3 530 დოლარს ადგენს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენს დაფრინავს მიხეილი საზღვარგარეთ, ერთი კითხვა აუცილებლად გაგიჩნდება: ვახ, კაცო, სად იპოვა ასე მუქთა ევროპა, ჩვენც გვითხრას, წავალთ, გავივლ-გამოვივლით ხოლმე. საბანკო ანგარიშებს ამდენით ნაღდად ვერ გაზრდიდა სანდრას „ფოლკსვაგენი“, რომელიც შარშანდელ დეკლარაციაში იყო და წელს აღარ არის. ვერ გაზრდიდა იმიტომ, რომ ის „ფოლკსვაგენი“ სულ რაღაც 1800-ლარიანი იყო.

იქნებ ეს ყველაფერი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დანაზოგია? მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეობით 3 400 ლარი იშოვა, პრეზიდენტობით - 6851 ლარი, ჯამში და დოლარებში - 5 353 დოლარი. სანდრა რულოვსს თვეში 1500 ევრო აქვს, წელიწადში - 18 ათასი ევრო (22 030 დოლარი). რა გამოდის? ჩვენი პრეზიდენტი ან „ლევად“ მუშაობს სადმე და არ გვიმხელს, ანდა პირველ ლედის იბრიყვებს და მისი ხელფასი თავის საბანკო „შჩოტებზე“ შეაქვს.

მიმდინარე შემოსავალ-გასავლის გარდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ქონება 2003 წლის აპრილისთვის შეადგენდა 110 435 ლარს (57 518 დოლარი). ახალი დეკლარაციით კი მისი ქონება, ნიტრატიანი მარწყვივით, 15 377 დოლარით „გასუქდა“ და 72 895 დოლარი შეადგინა.

2003 წლის დეკლარაციის მიხედვით, მიხეილის წლიური შემოსავალი 4 800 ლარი იყო, სანდრა რულოვსის - 12 ათასი დოლარი. მოკლედ, ხელფასის სახით მათ ოჯახში დაახლოებით 14 400 დოლარი შევიდა. ახალი დეკლარაციით კი, მიხეილის წლიური შემოსავალი - 5 383 დოლარი იყო, პირველი ლედისა კი - უკვე 22 000 დოლარი. მოკლედ, ოჯახის წლიურმა შემოსავალმა 27 383 დოლარი შეადგინა, რაც 12 983 დოლარით გაიზარდა.