„პანორამა თბილისის“ შესახებ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, რომლებიც დღეს ელიავას ბაზრობაზე უნდა მოიკითხონ“

„პანორამა თბილისის“ შესახებ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, რომლებიც დღეს ელიავას ბაზრობაზე უნდა მოიკითხონ“

„პანორამა თბილისის“ შესახებ უკვე იმდენი აზრი გამოითქვა, რომ აშკარაა, ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. პოლიტიკოსები პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ ამ თემას, თუმცა ჩუმად არიან ის ადამიანები, რომელთაც სამშენებლო სფეროში თავისი სიტყვა ეთქმით. გამონაკლისია არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ამ პროექტს თავიდანვე დაუჭირა მხარი, რადგან „არ შეიძლება, კარგ საქმეს ცუდი დაარქვან“.

რაც შეეხებათ სხვა სპეციალისტებს, ისინი ამ თემაზე საუბრისგან ან თავს იკავებენ, ან აცხადებენ, რომ არ იცნობენ აღნიშნულ პროექტს. წესით, ამ პროექტის მესვეურთა ინტერესში უნდა იყოს, „პანორამა თბილისის“ ჩანაფიქრი უფრო ფართოდ წარუდგინონ საზოგადოებას. ასეთ შემთხვევაში, კითხვებიც ნაკლები დარჩება და მავანნიც პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გამოიყენებენ ამ თემას.

მშენებლობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „თბილმშენის“ ყოფილი დირექტორი ომარ კიკნაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომპანორამა თბილისს“, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროექტს, გეოლოგების, გეოფიზიკოსების, სეისმოლოგების დასკვნა სჭირდება და დღეს ამ დარგის სპეციალისტები ელიავას ბაზრობაზე „შურუპებს“ ყიდიან. ევროპაში სახელგანთქმული ზავრიევის ინსტიტუტი კი მიხურა სააკაშვილმა.

რაც შეეხება თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ომარ კიკნაძის აზრით, თაბორის მთაზე, ამ მთა-ხრიოკზე კაცი თუ რამეს გააკეთებს, სად წაიღებს? ეს თბილისისთვის კარგი გადაწყვეტილება იქნება. პუშკინის სკვერთან მიმართებით კი ომარ კიკნაძეს ცოტა ეეჭვება. მისი მოსაზრებით, როდესაც იმ ტერიტორიაზე, ცეკავშირის ადგილზე სასტუმროს აშენებდნენ, მაშინ უნდა ეფიქრათ პარკინგზე. დღეს კი იქ ისტორიული სკვერია მოწყობილი, გაივლი, ხანში შესული ხალხი ზის, გამოივლი, ბავშვები სხედან. ამიტომ თბილისს თუ ამოაცლი ამ ადგილს, ის უთუოდ დააკლდება. თუკი სხვა ადგილს გადააკეთებ ევროპულად, ისიც დააკლდება, რადგან თბილისი თბილისია და აქაურ მაცხოვრებლებსაც და ტურისტებსაც თბილისის ნახვა სწყურიათ და არა - მიწისქვეშა პარკინგების ხილვა.

„ტერასულ განაშენიანებას ვემხრობი. თუ ვინმე სახურავზეც გააშენებს სკვერს, ამასაც მოვიწონებ. ევროპაში 30 კვ. მეტრი გამწვანება მოდის ერთ სულ მოსახლეზე, თბილისში კი მხოლოდ 3 კვადრატულია. ეს მაშინ, როცა 20 წლის წინ 12-15 კვადრატული მეტრი იყო. რატომღაც ახლა გახდა 3 კვადრატული, რადგან ვიღაცამ ამით ფული იშოვა. ხომ გახსოვთ, რა ამბები ატყდა ყაზბეგის პროსპექტზე 50 წლის ფიჭვები რომ მოჭრეს შუაღამისას? რა უნდა ელაპარაკო ამისთანა ერს? თუ ვინმე რამეს გააშენებს და ამით ძველი არ დაინგრევა, ამას ყველა უნდა მიესალმოს. თუ ეს სეისმურ, მეწყერულ პროცესებს შეუწყობს ხელს, ესეც უნდა ვიცოდეთ. მაგრამ ეს ქუჩაში მიკროფონით ხელში კი არ უნდა იძახოს ვიღაცამ, არამედ ამის შესახებ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, რომლებიც ელიავას ბაზრობაზე უნდა მოიკითხონ“, - აღნიშნა ომარ კიკნაძემ.

ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ, სამწუხაროდ, „პანორამა თბილისის“ ჩანაფიქრს არ იცნობს, რადგან, ალბათ, არც არის გასაჯაროებული ეს პროექტი. უბრალოდ, ტელევიზიიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იმაზე მეტი სართულები ემატება ამ პროექტს, ვიდრე ეს ადრე იყო ჩაფიქრებული. საუბარია ცეკავშირის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე. ამიტომ ეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უშუალო მოვალეობაა, რადგან არ შეიძლება, სამშენებლო ნებართვა გაცემული იყოს ისე, რომ საბოლოო პროექტი არ იყოს დასრულებული.

რაც შეეხება თაბორის მთას, ანზორ საკანდელიძეს აცხადებს, რომ გაუჭირდება ასე ფრაგმენტულად ამხელა მშენებლობის შეფასება. ამიტომ დასრულებული სახით მშენებლობის პროექტს როცა წარმოგვიდგენენ, მაშინ შეეძლება კომენტარის გაკეთება.