თბილისი - ცათამბჯენების ქალაქი?!

თბილისი - ცათამბჯენების ქალაქი?!

გახდება თუ არა თბილისი ცათამბჯენების ქალაქი, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროის ამ ერთობ პოპულარულმა გატაცებამ განსხვავებული პოზიციები წარმოაჩინა.

მშენებლობის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დიღომი, ორთაჭალა, ბაგები ცათამბჯენებისთვის იდეალური ადგილებია, რადგან დედაქალაქი სიგანეში კი არა, სიმაღლეში უნდა განვითარდეს. ამ მხრივ მაღლივი შენობები ისე დაც გადატვირთული თბილისის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

სხვაგვარად ფიქრობს მშენებლობის მინისტრის ყოფილი მოადგილე,  „თბილმშენის“  ყოფილი დირექტორი ომარ კიკნაძე.  For.ge-სთან საუბარში სპეციალისტი აცხადებს, რომ, თუკი ცათამბჯენების აშენება თბილისის ლანდშაფტს სადმე შეეხება, ეს თბილისის დამახინჯება გამოვა. ამიტომ ვინც ამ წინადადებას გვთავაზობს, უპირველესად უნდა გვაჩვენოს სეისმოლოგების დასკვნა. ზოგადად კი, სეისმოლოგების მოსაზრებით ,თბილისში 12-14-სართულიან სახლზე მეტი არ შეიძლება.

„თუ მათ აქვთ რაიმე დასკვნა, რომ გარკვეული ღონისძიებების და გეგმვით, ნოუ-ჰაუთი შეიძლება თბილისში, ამ 8-ბალიანი მიწისძვრის პირობებში, ცათამბჯენების წამოჭიმვა, კი ბატონო, 100 და 200-სართულიანიც ააშენონ, გავიდნენ თბილისის ზღვაზე, ზაჰესში, მაგრამ მანამდე დადონ ოფიციალური დასკვნა. ამის გარეშე საუბარი დილეტანტურია. კავკასია მოძრავ ქანებზე მდებარეობს და, ცხადია, აქ დიდი მიწისძვრების საშიშროებაა. წელიწადში 1 სანტიმეტრი სიჩქარით მოძრაობს ქვედა ფენა, სამხრეთიდანაც მოდის კიდევ მეორე ფენა და როდის დაეჯახებიან ერთმანეთს, კაცმა არ იცის. ასეთია გეოფიზიკოსების მოსაზრება. რა, თბილისს სიგანეში ტერიტორია არ აქვს? ასეთი ტერიტორი არამდენიც გინდათ, იმდენია. მაგალითად, ფონიჭალა, ავჭალა. რატომღაც ახლა უნდათ, დილეტანტები მოატყუონ და სურათი ისე დახატონ, თითქოს პროგრესულები არიან და თბილისის მიწას უფრთხილდებიან“,- აცხადებს ომარ კიკნაძე და სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ 21-ე საუკუნის ურბანისტიკამ ცათამბჯენების მშენებლობა მართლაც მოიტანა, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.

ომარ კიკნაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ მიწას ეკონომიური გამოყენება სჭირდება, მისი გაფლანგვა არ შეიძლება. არც ის შეიძლება, რომ თბილისში რუსთაველის პროსპექტზე, იმელის უკან 40 - სართულიანი სიმახინჯე წამოჭიმეს. მისი აზრით, ეს არის თბილისელების სირცხვილი, იმ არქიტექტორების სირცხვილი, რომლებმაც კაპიკებად გაყიდეს თბილისი. ასეთივე სამარცხვინობაა, რაც სპორტის სასახლის უკან ხდება, ეს არის ჯუნგლები, შანხაი, რასაც ჭკუათმყოფელი არქიტექტორი მხარს არ დაუჭერდა, ფულზე გადარეული არქიტექტორის გარდა.

„თავის დროზე 22- სართულიანი სასტუმრო „ივერია“ როცა აშენდა, ის მაინც კლდეზე იყო აგებული და მაშინ გეოლოგების, გეოფიზიკოსების, სეისმოლოგების დასკვნა არსებობდა.  მემგონი,  ცათამბჯენების სპეციალისტები არც გვყავს.  90 - იანწლებში, როცა კონტრაქტების დადების პრაქტიკა არ ჰქონდა საქართველოს, სპეციალური კანონი შემუშავდა. მაშინ არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრი იყო გურამ მირიანაშვილი, იმპერიოდში ჩვენი წინადადების წარდგენა გვთხოვეს. ჩვენ ჩავწერეთ, უცხოური ფირმა და კომპანია თუ შემოვა საქართველოში და დადებს კონტრაქტს, იქ უნდა იყოს პირობა, რომ ადგილობრივი მუშახელის 70% დასაქმდება და ასეთ მიმართულებებზე ადგილობრივი ფირმები დაკავდებიან, რომლებიც შეასრულებენ გარკვეულ სამუშაოებს. ეს რომ განხორციელებულიყო, ჩვენ თან დღეს უკვე პროფესიონალი ფირმები იქნებოდა და არავის მოყვანა არ დაგვჭირდებოდა. სირცხვილია, რომ დღეს ტუალეტებს თურქები გვიშენებენ, სპეციალისტები კი ელიავაზე დგანან“.

ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე “ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცათამჯენების მშენებლობა თბილისში არ შეიძლება, ვინაიდან ეს არის ერთი დიდი უბედურების გაგრძელება. ამ დროს მერობის არც ერთ კანდიდატს პროგრამაში არ აქვს შეტანილი ყველაზე დიდი საშიშროება,  საუბარია სეისმურ საშიშროებაზე, რადგან მიწისძვრები კარზეა მომდგარი.

„მაღლივი კორპუსების მშენებლობას ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ას მეტრზე მაღალი შენობის აშენება, ფაქტობრივად, არ ხდება. არსებობს საერთაშორისო გაერთიანება, ასოციაცია, რომლის სპეციალისტების მიწვევის გარეშეც ვერცერთი ქვეყანა ვერ ბედავს ამ სიმაღლის შენობების და პროექტებას და აშენებას. საქართველოში კი ყველანაირი დარღვევით აპროექტებენ შენობებს.  2010 წელს ამოქმედებული კანონით, რაც სეისმური და პროექტების ახალ ნორმებს გულისხმობს, არ შეიძლება 12 სართულზე მაღალი რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის შენობებისაგება, თუ არ იქნა დაცული ოთხი სეისმური ღონისძიება. ასეთი სეისმური სამუშოების ჩატარების არც დანადგარები გვაქვს, არც მოწყობილობა - მექანიზმები, არც კადრები არ გვყავს. ამიტომ 12- სართულიანზე მაღალი კორპუსების აშენება თბილისში უკანონოა, რაც ჩვენ დავადასტურეთ, როცა სამივე დონის სასამართლო მოვიგეთ დ აფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე 32-სართულიანი ექვსი მეგაკორპუსის მშენებლობა შევაჩერეთ“,- აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ, რომელმაც განმარტა, რომ სულ ახლახან სამ დარგის სპეციალისტებმა ჩამოაყალიბეს „მშენებელთა ლიგა“ და მათი სურვილია, პრეცედენტული სამართლის პრაქტიკის გავრცელება. ამდენად, 32 სართულზე მაღალი შენობები უკანონოდ უნდა გამოცხადდეს.

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დედაქალაქის სიმაღლეში ზრდა ახალი კონცეფცია არ არის და მსოფლიოში ცდილობენ,  ქალაქები ვერტიკალურად განვითარდეს. არა თუ ვერტიკალურად, ქალაქები უნდა განვითარდეს მიწის ქვემოთაც, ანუ უნდა მოეწყოს ცათამბჯენები მიწის ქვეშ, ეს არის იგივე „დაუნსკრეიპა“ .თანამედროვე ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა და სეისმურად აქტიურ ქვეყნებშიც შეიძლება ცათამბჯენების აშენება.

„ცხადია, თბილისში ცათამბჯენები უნდა აშენდეს. მესამე და მეოცე სართულზე ცხოვრება აბსოლუტურად ერთი და იგივეა. როგორც კი მოშორდებით მიწას, სოფელს, უკვე სხვა ცხოვრება იწყება. ეს არის ქალაქური ცხოვრება, რომელიც ბევრ რამეს კრძალავს და ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. 50 წლის წინ ფრანგებმა პარიზის ცენტრში არც თუ ისე დიდი შუშის ცათამბჯენი დადგეს. ამის გამო მთელი საფრანგეთი აჯანყდა, რადგან ეს ერთადერთი მაღლივი შუშის შენობა გაჩხერილივით იყო. ამის შემდეგ ფრანგები წავიდნე ნდეფრანსში, ანუ ქალაქგარეთ და გამოყვეს ერთი რაიონი, სადაც ყველა ერთმანეთს  ეჯიბრებოდა ცათამბჯენების მშენებლობაში .რაც შეეხება თბილისს, დიდ დიღომში ცათამბჯენების მშენებლობაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ, ზოგადად, დიღომში უნდა დაინგრას პირველი კვარტალი, როგორც რუსეთში დაანგრიეს  „ჩერიომუშკები“ და იქ გააშენეს მაღლივი კორპუსები .ბევრმა საბჭოთა დედაქალაქმა პირველი მიკრორაიონები დაანგრია. ეს გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე ახლის მშენებლობა. ეს ბინები არაკომფორტულია, ადამიანებს მეტი მოთხოვნილება აქვთ. მათი დანგრევის შემდეგ კი უკვე არსებულ კომუნიკაციებზე ახლის შენება გაცილებით იაფიდაჯდება“,-გვითხრა არქიტექტორმა და ორთაჭალასა და ბაგებში ცათამბჯენების აშენების იდეა სუფთა არქიტექტურულ პროფესიულ საკითხად მიიჩნია.

მანვე განმარტა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს კოლეგიალურად საბჭოზე არქიტექტორების დ აარაპოლიტიკოსების ან პოპულარობის მაძიებლების მონაწილეობით. ვახტანგ დავითაია თვლის, რომ ცათამბჯენები განტვირთავს ქალაქს, თუმცა რამდენ სართულიანი უნდა იყოს ისინი, 18-20-სართულიანი, თუ 30 - 40 - სართულიანი, ამას ადგილმდებარეობა, გეოლოგია, ურბანული სიტუაცია განსაზღვრავს. მისივე თქმით, ქართველი არქიტექტორები ცათამბჯენებს კი არა, ყველაფერს ააშენებენ. უბრალოდ, სააკაშვილს მიაჩნდა, რომ ქართველი არქიტექტორები ვერაფერს შეძლებდნენ. ეს მაშინ, როცა ქართველებისთვის არქიტექტურა ისეთივე გენეტიკური დარგია, როგორც მეღვინეობა. უცხოელი არქიტექტორები ჩვენ ვერაფერს გვასწავლიან, პირიქით შეგვიძლია ვასწავლოთ.