მანქანების ტექდათვალიერების საფასური 60 ლარს არ გადააჭარბებს და მძღოლებს არ გაუჭირდებათ მისი გადახდა, თუმცა ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ბევრი ვერ შეძლებს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მზარდი მოთხოვნის პირობებში გაძვირდება სათადარიგო ნაწილები და საბურავები, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს, რომელიც ყველას მოეთხოვება: ეს არის - მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. როგორც ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი მიხეილ ხმალაძე აცხადებს, ეს ჩამონათვალი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, რაც ყველას მოეთხოვება, აქ არანაირი შეღავათი არ იმოქმედებს.
2018 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული 2 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მთელი ავტოპარკის შემოწმება მოხდება.
„პირველ ეტაპზე არის ორწლიანი ციკლი, რათა მთლიანად მთელი ავტოპარკი მოვიცვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პირველ ტესტირებას 2018 წლიდან, ეს იქნება ორწლიანი, მაგრამ შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლის“, - განაცხადა ხმალაძემ.
ტექდათვალიერება დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება. როგორც მიხეილ ხმალაძემ აღნიშნა, ყველა ვარიანტში მთავრობა ზედა ზღვარს დააწესებს, ანუ ფასი იქნება რეგულირებული, რათა შემდეგ ბაზარზე ხელოვნურად არ მოხდეს ფასის გაზრდა და მოსახლეობას ტვირთად არ დაწვეს.
გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა კონკრეტული ციფრი ამ ეტაპზე არ სახელდება, რადგან შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას, მძღოლს ხარვეზების აღამოსაფხვრელად დაახლოებით, ერთი თვე მიეცემა, თუმცა ხმალაძის ინფორნაციით, კონკრეტული გრაფიკი ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.
ტექდათვალიერების მიმართ მკაცრი მიდგომა სათადარიგო ნაწილებისა და საბურავების გაძვირებას გამოიწვევს. პარალელურად მოიმატებს ავტოხელოსნების მომსახურების საფასურიც.
იმპორტიორები და მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ მანქანის მოწყობილობის რამდენიმე დეტალის ფასი ნამდვილად აიწევს. მაგალითიად, უამრავი მანქანა დადის ამჟამად კატალიზატორის გარეშე. ამ დეტალზე აშკარად გაჩნდება მოთხოვნა და შეიძლება, დეფიციტიც შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში ფასიც მოიმატებს. 100%-ით შეიძლება ითქვას, რომ კატალიზატორები ნამდვილად გაძვირდება.
რაც შეეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 26 ტესტირების ცენტრი, რომელთაც აქვთ 35 ტესტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ერთი ტესტირების ცენტრი, მაგრამ ჰქონდეს რამდენიმე ხაზი. ერთ ხაზზე კი ერთი მანქანა იტესტება.