მეწყერში ჩაკარგული საქართველო

მეწყერში ჩაკარგული საქართველო

[მერაბ ბრეგაძე] 

ბოლო დღეებში კოკისპირული წვიმების შედეგად წარმოშობილ სტიქიურ მოვლენებს ადამიანების მსხვერპლიც მოჰყვა. მოვარდნილმა ღვარცოფმა და ქვაღორღმა მთლიანად ჩახერგა რიკოთის უღელტეხილის ის მონაკვეთი, სადაც საზოგადოებრივი კვებისა და სანიტარული წერტილები იყო განთავსებული. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც, ოფიციალური ინფორმაციით, 24 მლნ ლარი დაიხარჯა, მეწყერმა წაიღო.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, გზაზე სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები და ავტობუსები ვეღარ მოძრაობენ. გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც სახიფათოა. დამეწყრილ ადგილზე მიწა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოწყდეს და მსხვერპლი გამოიწვიოს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის რეაბილიტირებული გზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რვა თვის წინ გახსნა. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია მისცა“, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა:

„გზა გაკეთებულია და საერთოდ, პრობლემა არ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რეაბილიტაციაში ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ფულს ვიხდიდით, ბატონო პრეზიდენტო, გარანტიას ვიძლევი, რომ 10 წელი ამ გზას პრობლემა არ ექნება“.

თუმცა, გახსნიდან ერთ თვეში გზა დაზიანდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს, თუმცა ამ მასშტაბის დაზიანება, როგორიც ახლაა, ჯერ არ ყოფილა.

„საქართველოში ნალექების რადეობის ზოგადი მატება შესამჩნევი არ არის, მაგრამ ექსტრემალური მოვლენები მოხშირდა და ამინდი უსისტემო გახდა, მიზეზი კი გლობალური დათბობაა“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში.

„მსოფლიოს მასშტაბით ტემპერატურამ 0,6 გრადუსით მოიმატა. ეს ციფრი თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ კლიმატური სისტემა წონასწორობიდან გამოვიდა და ამიტომაც, როგორი ამინდი იქნება ამის პროგნოზირება ვეღარ ხერხდება. წინა წლებშიც იყო საქართველოში მსგავსი სტიქიური მოვლენები, მაგრამ ახლა უფრო გააქტიურებულია - უფრო ხშირად და უფრო ძლიერად არის.

მაგალითად, თვიური ნალექის რაოდენობა შეიძლება უცვლელი იყოს, მაგრამ მთელი თვის ნორმის ნახევარი ერთ-ორ დღეში მოდის და ეს იწვევს ამ კოკისპირულ წვიმებს და წყადიდობებს. მოსახლეობაც აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბური სტიქიური მოვლენები არ ახსოვთ. გლობალური დათბობის პროცესის გაგრძელებასთან ერთად, ექსტრემალური მოვლენები მთელ მსოფლიოში თანდათან კიდევ უფრო გააქტიურდება“, – აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი გრიგოლ ლაზრიევი.

„საქართველოს მთავრობაში პრევენციული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება ზედმეტი ფულისა და დროის ხარჯვად მიაჩნიათ“, – ამბობს „მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

მისი თქმით, იმისთვის, რომ სტიქიური მოვლენების დროს თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევები, აუცილებელია მთავრობა ატარებდეს კომპლექსურ ღონისძიებებს, რაც დღეს არ ხდება. მისი თქმით, გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მომზადებულია სტიქიური მოვლენების დეტალური აღწერა, რომელიც დარიგებულია ყველა რეგიონის ხელმძღვანელისთვის: „მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მათი სამაგიდო წიგნია“.

ჩხობაძის თქმით, პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, მთავრობამ არ უნდა იფიქროს ფისკალურ ეფექტზე. მას მიაჩნია, რომ რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოწოლას რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, კლიმატური ცვლილებების შემდეგ მომატებული ტენიანობა, ასევე, სეზონისთვის არადამახასიათებელი ნალექების რაოდენობა და არასწორად გაცემული მშენებლობის ნებართვები.

ჩხობაძე არ გამორიცხავს, რომ თავად რესტორანმა „რიკოთმა“ მოახდინა მეწყერის პროვოცირება. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩხობაძე მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ინერტული მასალის იმ მდინარეებიდან ამოღება, სადაც დიდი რაოდენობითაა, გაიმართოს სადრენაჟო სისტემა და მშენებლობის ნებართვების გაცემისას, აუცილებლად გათვალისწინებული იყოს სტიქიური საფრთხეები.

„პრესაგე.ტვ–სთან“ სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და საჭირო პრევენციულ ზომებზე, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე საუბრობს:

- ღვთის ნებით, ქართველებს უნიკალური ბუნება გვაქვს, მაგრამ ამას ეკოლოგიური საფრთხის შემცველი მთელი რეგიონი მოსდევს. ეს ზონა ქვეყნის ტერიტორიის 70%–ს იკავებს. აქედან გამომდინარე, ბუნებას ფაქიზი მოპყრობა სჭირდება, რომ ეკოლოგიური კატასტროფებო არ მოხდეს.

უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ საქართველოს ტერიტორიის 40 პროცენტი ტყეებს უკავია. სხვათაშორის, ამ ტყეების 95 პროცენტი სწორედ ფერდობებზეა განლაგებული. მას არასამეურნეო, დაცვითი, ეკოლოგიური ფუნქცია აქვს, იმისთვის, რომ არ წარმოიშვას ღვარცოფები, მეწყერები, წყალდიდობები და ა.შ.

ეს ტყეები უკვე ოცი წელიწადია გამუდმებით იჩეხება. ამან თავისი შედეგი გამოიღო. საქართველოს ტყეები მიმდინარე პროცესებს ვეღარ უძლებს და არეგულირებს. ამიტომაც, სტიქიური მოვლენები მეტად გახშირებულია.

ამის პარალელურად, პროცესები კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან დედამიწაზე გლობალური დათბობა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ამ დროს ზღვებიდან და ოკეანეებიდან წყლის აორთქლება მეტია და ინტენსიური ნალექების რაოდენობა იზრდება. ეს ხდება როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. ბუნებრივია, თუ ამ ნალექებს შემაკავებელი ფაქტორი ტყის სახით არ დახვდა, შედეგები ადვილად წარმოსადგენია.

გარდა ამისა, აქ წმინდა სახელმწიფო მიდგომის პრობლემაცაა. საქართველოში არანაირი მშენებლობა (მათ შორის გზების) აღარ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. თავის დროზე ეს კანონმდებლობა „მწვანეთა პარტიამ“ შევქმენით, როდესაც პარლამენტში ვიყავით. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს კანონმდებლობა დაანგრიეს და სადაც უნდათ, როგორც უნდათ ისე აშენებენ. შესაძლებელია ისეთ ადგილას ააშენონ ან გაიყვანონ გზა, რომ იქ არსებული საფრთხეები საერთოდ არ გაითვალისწინონ. მერე მოხდება უბედურება და პასუხისმგებელიც არავინაა.

ასე რომ, როგორც ხელისუფლებას აქვს დიდი წვლილი ამ უბედურებებში, ასევე გლობალური დათბობის პროცესსაც და ასევე - ჩვენს გეოგრაფიულ სფეციფიკას. ბოლო 20–25 წლის განმავლობაში, ამ უბედურებების, ტყეების განადგურების და უპასუხისმგებლო მიდგომების გამო, ქვეყანაში 50 ათასი ეკოდევნილი ოჯახი წარმოიშვა. პატარა სახელმწიფისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია.

რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს, რომ დამანგრეველი შედეგების შემცირება მოხდეს?

– ცივილიზებულ სახელმწიფოებში მეტეოროლოგიური პროგნოზების გარდა, არსებობს პროგნოზების სხვა სახეობებიც. ადრე ეს საქართველოშიც იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს სამსახურები ნელ–ნელა მოკვდა. ამას ჰიდროლოგიური პროგნოზები ჰქვია, როდესაც წყალდიდობებთან დაკავშირებით სპეციალური სამსახურები მუშაობენ. საქართველოს მდინარეებზე მარტო 280 დაკვირვების პუნქტი არსებობდა. სისტემატურად ზომავდნენ მდინარეების სიჩქარეებს, ტემპერატურას, ქვა–ღორღს და ა.შ. ეს დაკვირვება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30–იანი წლებში დაიწყო.

მონაცემები შესაბამის ინსტიტუტს გადაეცემოდა, რომელიც შემდგომში საჭირო რეკომენდაციებს იძლეოდა. ეს მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილების საშულებას იძლეოდა. ეს პროგნოზები აღარ არსებობს. ყველაფერი პოსტ–ფაქტუმ ხდება, როდესაც ვიღაც დაიხრჩობა, მეწყერში მოყვება და ა.შ. მერე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუბერნატორი ჩავიდა და სიტუაცია ადგილზე ნახა. გამაგებინეთ, გუბერნატორის წყალდიდობას შეეშინდება თუ მეწყერს?

350 მილიონი დოლარის ზარალი ადგება საქართველოს ყოველწლიურად ამ სტიქიური პროცესების გამო. უღირთ ამად? ასეთი რა ღირს საქართველოდან გატანილი ხე–ტყე? ტყიბულის მაჟორიტარ კუბლაშვილს უნდა ვკითხო ერთი, იქაური უნიკალური, წითელ წიგნში შეტანილი წაბლი რომ გადის და პირწმინდად რომ გაანადგურეს, ვინ არის ამაში ჩართული? შემთხვევით, ეს კუბლაშვილმა ხომ არ იცის?

მეორეც, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყანაში მშენებლობის ნორმები არ არსებობს. კაცმა არ არ იცის, ვინ, სად, რას აშენებს. გეოლოგიური დასკვნა რომ არ სჭირდება მშენებლობას, ეს ნორმალური ამბავია? მეწყრული ზონა კი, თითქმის, მთელ საქართველოს მოიცავს. ამის დარაიონებაც არსებობს და შესაბამისი რუქებიც. თუმცა, ამას აღარავინ ითხოვს. ოღონდ ფული გადაიხადე და რაც გინდა ის აკეთე.

გზა თუ მაინცადამაინც მეწყრულ ზონაში არის გასაყვანი, ეს სპეციალური ტექნოლოგიებით კეთდება, ესტაკადებით და სპეციალური დამცავი მექანიზმებით. თუ მოსახლეობაზე ფიქრობ, ასე უნდა მოიქცე და თუ არა, მაშინ მორიგ მსხვერპლს უნდა დაელოდო.