სურამელები ამბობენ, რომ მეწყერის გამო ჩინელები არიან დაკავებულნი

სურამელები ამბობენ, რომ მეწყერის გამო ჩინელები არიან დაკავებულნი

[თეონა ხარაბაძე]

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ სურამში მომხდარ კატასტროფას იქაური მოსახლეობა ჩინელების მიერ ტყეების გაჩეხვას უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, ის ჩინელები, რომლებიც ლიხის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის ლიცენზიას ფლობდნენ, უკვე დაკავებულები არიან. ხელისუფლება კი ამის შესახებ არანაირ განმარტებას არ აკეთებს.

რეალურად რა კავშირი აქვს ჩინელებს სურამის და რიკოთის ტრაგედიასთან და როგორია იქ შექმნილი ვითარება, ამ საკითხებთან დაკავშირებით პრესაჯი.ტვ გია ცაგარეიშვილს ესაუბრა, რომელიც გუშინ პარტიის დანარჩენ ლიდერებთან ერთად სურამში იმყოფებოდა.

გიორგი ცაგარეიშვილი: მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოწვეული იყო ბუნებრივი კატაკლიზმებით. ჩვენ სადაც ვიყავით, ვნახეთ, რომ ყველაფერი სრულად არის განადგურებული და ვფიქრობ, ხუთასზე მეტი ოჯახი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

ვშიშობ, რომ სურამში საკურორტო სეზონი ჩავარდნილია და ეს კიდევ დაემატება საერთო ზარალს. საერთოდ ზარალის მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. იქ მართლაც შემზარავი სურათი ვიხილეთ და მე ისევ იმ ემოციის ქვეშ ვარ. არ შეიძლება, ადამიანი ამ ყველაფრის შემხედვარე გულგრილი დარჩე.

ემოცია გასაგებია, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი ის არის, მიმიდინარეობს თუ ამის მიზეზების შესწავლა. ფაქტია, რომ ასეთი მასშტაბის მეწყერი ამ რეგიონში აქამდე არავის სმენია...

- მე არ ვიცი, ხელისუფლება რას სწავლობს და რას - არა. მაგრამ ფაქტია, რომ თავად მოსახლეობა სურამში მომხდარს ხიდზე აშენებულ მაღაზიას უკავშირებს.

როგორც ისინი ამბობენ, ეს მაღაზია ხუთი-ექვსი წლის წინ აუშენებიათ და მისი ბურჯები პირდაპირ მდინარეშია ჩამაგრებული. ერთმანეთთან ძალიან მოკლე დაშორებით ყოფილა განლაგებული. მდინარე რომ ადიდდა და სურამის ზემო ნაწილიდან წამოიღო დახოცილი პირუტყვი, რომ ჩარეცხილი სახლებიდან სხვადასხვა ნივთები და ტექნიკა, მოგლეჯილი ხეები, ეს ყველაფერი ამ ბურჯებში გაიჭედა, შემდეგ ამას მოჰყვა ლაფი და ჭუჭყი, რომელმაც სახერგილი ამოლესა და თვალსა და ხელს შუა უზარმაზარი ჯებირი გაკეთდა. ამის გამო, დაგუბებული წყალი გადავიდა ნაპირებზე, რამაც მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგები გამოიწვია.

შემდეგ ეს ჯებირი გახსნეს და დაგუბებული წყალი უკვე ქვემოთ, მტკვრისკენ წავიდა და გზაზე ყველაფერი წალეკა და გაანადგურა. ამიტომაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს მაღაზია რომ არ ყოფილიყო, წყალი გასასვლეს იპოვიდა და კატასტროფა ასეთი მასშტაბის არ იქნებოდა.

მშენებლობის ნორმების დაცვა მარტო თბილისში არ უნდა ხდებოდეს და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებს უნდა მიექცეს, რადგან იქ სავალალო ვითარებაა შექმნილი.

ანუ, თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ მაღაზია იყო ხიდზე აშენებული და ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ოფიციალურად ეს კატასტროფა ამ მაღაზიას ბრალდება? ამის ნებართვა ვინც გასცა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დაისვას

- მე აქ არაფერ შუაში არ ვარ. მე გეუბნებით იმას, რასაც იქაური მოსახლეობა ამბობს. ფაქტია, რომ მაღაზია იყო ხიდზე და მისმა ბურჯებმა ჩახერგა მდინარე, რასაც დატბორვა მოჰყვა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ მაღაზიის პატრონმაც უნდა აგოს პასუხი და იმანაც, ვინც მას ამის ნებართვა მისცა.

ნორმების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში უნდა მიექცეს, რადგან არ ვიცით, კიდევ სად რა შეიძლება მოხდეს. დღეს შეიძლება ხიფათი არ იყოს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ხვალ ბუნებამ ათასი სიურპრიზი მოგვიწყოს.

იქაური მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ, თურმე, თავის დროზე ემუდარებოდნენ ამ მაღაზიის მფლობელს, რომ მაღაზია ამ ტერიტორიაზე არ აეშენებინა.

მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ რიგითი ადამიანი რასაც ვუყურებ, თუ რა ტემპით მიმდინარეობს ტყის გაჩეხვა, ასეთი ღვარცოფები აღარ უნდა გვიკვირდეს.

ამიტომაც აქ დამოუკიდებელი ექსპერტების და გეოლოგების შეფასებაც საინტერესოა, თუ რა მოხდა იმ ადგილას, საიდანაც დაიწყო ღვარცოფი. ამაზე ხალხში ათასი ჭორ-მართალი ტრიალებს და ამის ასე უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

რა ჭორებზეა საუბარი?

- ხალხი ამბობს, რომ რამდენიმე ჩინელია დაკავებული, რომელიც ამ რეგიონში ხე-ტყეს კაფავდნენ. როგორც იცით, ხე-ტყის ლიცენზიების უმეტესობა ჩინელებს აქვთ ხელში ჩაგდებული. როგორც სურამებლები ამბობენ, ამ რეგიონშიც ტყით სარგებლობის ლიცენზია ჩინელებს ჰქონიათ და ისინიც, თურმე, გაშმაგებით ჩეხავდნენ ტყეს და იქაური მოსახლეობა ლიხის ქედზე მომხდარ კატასტროფას სწორედ ამას უკავშირებს.

ანუ, მოსახლეობა ამბობს, რომ ეს ჩინელები ამ კატასტროფის შემდეგ დაიჭირეს?

- კი, ასე ამბობენ. გარდა ამისა, კიდევ იმასაც ამბობენ, რომ აქ კომუნისტების დროს რაღაც რეზერვუარები ყოფილა, რომელმაც დაგროვილ წყალს ვერ გაუძლო და ამან წალეკა მოსახლეობა.

ასეთი ვერსიები მუსირებს და აუცილებელია, ყველა ეს ვერსია შესწავლილი იქნას, თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. მე ვნახე ოთხმოც წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იქ ცხოვრობენ და ისინი ამბობენ, რომ ასეთი რამ ხაშურსა და სურამში არასოდეს არ მომხდარა. ეს ადამიანები ამ გარემოში არიან გაზრდილები და მათ ნათქვამი ყურადღებას საჭიროებს.

ისინი რას ამბობენ, ასეთი დიდი წვიმები სხვა დროს ყოფილა?

- რა თქმა უნდა, ყოფილა. სააკაშვილს კი უყვარს თქმა, პირველად საქართველოშიო, მაგრამ ეს ხომ დაუჯერებელია ვთქვათ, რომ ასეთი წვიმა ადრე არასოდეს ყოფილა.

ამიტომაც არის ეს საკითხი ძალიან საეჭვო და საზოგადოებას უნდა ჰქონედს ღია და ნათელი პასუხი, თუ რა მოხდა და რატომ.

თქვენ ხომ შეხვდით იქაურ ხელისუფლებას, ამ ვერსიების შესახებ არაფერი ჰკითხეთ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ასეთი კითხვები დავუსვით, მაგრამ ისინი ყველაფერს ბუნებრივ კატაკლიზმებს აბრალებენ.

ჩინელების დაკავების შესახებ არ იკითხეთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მათგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ხელისუფლება იქ ამ პრობლემების გამოსაძიებლად კი არ არის, არამედ დასდევს ჩასულ ოპოზიციას, თუ ხალხს რას ეტყვის.

ჩვენ სადაც გავჩერდით, ყველგან დაგვდევდა გუბერნატორი, გამგებელი, გაურკვეველი წარმოშობის, სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაცმული ადამიანები და გვერდიდან არ გვშორდებოდნენ.

ეს სასაცილოდ შეიძლება გეჩვენებოდეთ, მაგრამ დამიჯერეთ, სატირალია, როდესაც ასეთი უბედურების დროს ხელისუფლება ოპოზიციის სადევნად იცლის.

ხელისუფლება რეალურად ეხმარება მოსახლეობას თუ მხოლოდ ტელევიზიებით კეთდება ასეთი განცხადებები?

- ხელისუფლება მოსახლეობის დახმარებას ნამდვილად ცდილობს და ვერ ვიტყვი, რომ არ ეხმარება. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრ ადგილას ძალიან დიდი უკმაყოფილებაც ვნახე. ელემენტარული ტექნიკა არ ყოფნით, რომ გაიტანონ მდინარის მიერ დალექილი სიბინძურე. მიწის ნაკვეთები საერთოდ განადგურებულია და ამას დროული გაწმენდა ესაჭიროება.

მოსახლეობის თქმით, ეს კატასტროფა ღამით არ მოხდა და ადამიანები სიკვდილს ამით გადაურჩნენ.