2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება იზრდება. ამ მიმართულებით ცვლილებები ყოველწლიურად შედის. თავიდან ჯანდაცვის პროგრამის მოცულობა 450 მლნ დოლარის ფარგლებში იყო, წლიდან წლამდე 100-100 მილიონი ლარით იზრდებოდა. მას შემდეგ, რაც სახელმწფიო პროგრამამ ცვლილება განიცადა და ზოგიერთი კატეგორია მის მიღმა დარჩა, თითქოს ხარჯების ოპტიმიზაცია მოხერხდა. თუმცა, მომავალი წლის ბიუჯეტმა დაადასტურა, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ფული მაინც არ ჰყოფნის.
2017 წელს ჯანდაცვის პროგრამაზე 660 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, გაისად სახელმწიფო 704 მილიონის დახარჯვას გეგმავს. 44-მილიონიანი ზრდა რამდენიმე თვის წინანდელი ცვლილების ფონზე საკმაოდ სოლიდურია.
გაზაფხულზე განხორციელებული ცვლილებების მიხედვით გაიმიჯნა სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პაკეტები, ასევე გარკვეული შემოსავლის მქონე პირებს შეეზღუდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა და ამოქმედდა დიფერენცირებული პაკეტები. ამით სახელმწიფომ რამდენიმე მილიონი ლარი დაზოგა, მაგრამ დადგენილ ხარჯებში მაინც ვერ ეტევა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე აცხადებს, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მიმართვიანობის გაზრდაა.
„მიმართვიანობის ზრდის გამო, მომავალი წლის ბიუჯეტშიც პროგრამის დაფინანსება იზრდება. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვაში შესულ ცვლილებების შედეგს, ამის გამოისობით პროგრამას ბენეფიციართა რაოდენობა არ დაკლებია. ზოგადად კი, ჯანდაცვაზე დანახარჯი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იზრდება და ასეა საქართველოშიც“, - აღნიშნა სოფრომაძემ.
მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ საბიუჯეტის ხარჯის ზრდის მიზეზი ჯანდაცვის სერვისებზე ფასების მატება არ არის. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამედიცინო მომსახურება არ გაძვირებულა“, - განუცხადა „კომერსანტს“ სოფრომაძემ.
სხვაგვარად ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც თავისი საქმიანობით მჭიდროდ არიან დაკავშირებული სამედიცინო სფეროსთან. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელ დევი ხეჩინაშვილის თქმით, წლის განმავლობაში მომსახურების ფასი სამედიცინო სფეროში იზრდება, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო პროგრამები. პარალელურად, ფასების ზრდასთან ერთად, სადაზღვევო პრემია ვერ იზრდება, რამდენადაც ერთწლიანი ხელშეკრულებებია დადებული.
„სამედიცინო სფეროში მაღლა მიდის ფასი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. სახელმწიფო პროგრამები არ იძლევა განვითარების საშუალებას, ეს ფაქტია. ბიზნესი არ იზრდება, პრემია არ იზრდება, ზარალიანობა კი მატულობს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი და იქვე დასძენს, რომ დაზღვევის სფეროში ძალიან რთული მდგომარეობაა, რამდენადაც მთელი სექტორის მოგება ძალიან მცირეა.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძეც ამბობს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით გაძვირების ტენდენცია შესამჩნევია. ამის უმთავრესი მიზეზი მედიკამენტებზე მზარდი ფასია. შესაბამისად, წამლების გაძვირება მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობას ამცირებს.
ჩიხლაძის აზრით, საფასო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის უზარმაზარი მოგებაა, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს რჩებათ. ამიტომაცაა, რომ ფასნამატის მიხედვით ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები მთელ რეგიონში პირველ ადგილზე არიან.