დავით მაღრაძე: „რობერტ სტურუასთან მიმართებით ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯები ისტერიულია“

დავით მაღრაძე: „რობერტ სტურუასთან მიმართებით ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯები ისტერიულია“

[მანანა ნოზაძე]

რეჟისორ რობერტ სტურუას გამონათქვამები სააკაშვილის ხელისუფლების აქტიურ მხარდამჭერთა თავის ტკივილად იქცა და ამას უმალ მოჰყვა რეჟისორის დადანაშაულება არმენოფობიაში, ნაციონალობაში, ხელისუფლებისადმი ირონიულ დამოკიდებულებაში. მეორე მხრივ, არც რობერტ სტურუას თაყვანისმცემლები ჩამორჩებიან და რეჟისორის სპექტაკლებში წინასწარმეტყველურ პასაჟთა მიგნების, შორსმჭვრეტელური განცხადებებისა და უბრალოდ, მისი მხრიდან მართალი სიტყვის თქმის გამო, აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

რეჟისორი სკანდალური მოსაზრებების გამოთქმას არასდროს ერიდებოდა. ასე მოხდა მაშინაც, როცა იგი „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ქართული ზნე-ჩვეულებების შესახებ „ირონიული ნაწარმოების“, დადგმას აპირებდა.

სკანდალური ხაზი გაგრძელდა ლაშა ბუღაძის პიესის „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი... პრეზიდენტი“ დადგმისას, როცა ბევრმა მისი ერთ-ერთი გმირის მიღმა სააკაშვილის სახე დაინახა. სულ ბოლოს კი, რობერტ სტურუა არმენოფობიაში დაადანაშაულეს. 

ცალსახაა, რომ რობერტ სტურუა ხელისუფლების ნავში არასდროს მჯდარა და კონფორმიზმს ხელოვანი ადამიანის გზას ამჯობინებდა, რაც აისახა კიდეც სახელმწიფოს მხრიდან, მისი თეატრის ბოლოდროინდელ დაფინანსებაში.  

„საქინფორმისთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ რობერტ სტურუას პერსონის აქტუალობა კვლავაც დაანახა საზოგადოებას. რეჟისორი აცხადებს, რომ მისი სურვილია, საქართველოს პრეზიდენტი ქართველი იყოს.

„სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?“ ხოლო, შეკითხვაზე, რომ შუშანიკიც სომეხი იყო, იგი პაუხობს: „მერე ეგ შუშანიკივით ექცევა საქართველოს?!“_ კითხულობს რობერტ სტურუა სააკაშვილთან მიმართებით.

ცნობილი რეჟისორი ამავე აზრს ავითარებს რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლის დროსაც და დარბაზში დამსწრეთა აღფრთოვანებას იმსახურებს.

სტურუას პოლიტკორექტულობა დაუწუნეს. თუმცა ამ მოსაზრების ავტორები იქვე ჩიხში აღმოჩნდნენ, როცა თავადვე დასძინეს, რომ პოლიტკორექტულობა გარკვეულად თვითცენზურაა და ამდენად, ფარისევლობის ელემენტებსაც შეიცავს.

რობერტ სტურუამ კი პირდაპირ განაცხადა: ნუ ვითვალთმაქცებთ. არავისთვის უცხო არაა, რომ საკუთარი მძიმე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების ნაწილს არმენოფობია ახასიათებს და სტურუას მსგავსი აზრები უბრალო ადამიანებისგანაც არაერთხელ გაგვიგონია. რომ არა რობერტ სტურუას სახელი, ეს გამონათქვამიც ჩაიფარცხებოდა. მაგრამ, ცნობილ რეჟისორს არ აპატიეს...

სტურუას თანამოაზრემ და რუსთაველის თეატრის მხატვარმა შოთა გლურჯიძემ გენიალური შექსპირი გაიხსენა, რომლის „ვენეციელი ვაჭარიც“ ეთნიკური უმცირესობის, ამ შემთხვევაში, ვენეციელების მიმართ არაპოლიტკორექტულ ნაწარმოებად ითვლებოდა. ზოგიერთმა თეატრმა მისი დადგმა აკრძალა კიდეც. თუმცა ამის გამო, შექსპირის გენიალობას არაფერი დაკლებია. ამდენად, შოთა გლურჯიძის აზრით, საკუთარი გამონათქვამების მიუხედავად, რობერტ სტურუას ღირსება არ შემცირდება. პირიქით, როცა ადამიანი  უმრავლესობის წინააღმდეგ მიდის, ეს დასაფასებელია.     

რეჟისორთან დაკავშირებით ასეთ შეფასებასაც მოისმენდით: რობერტ სტურუას ყველაფერი ეპატიება, რადგან დიდი რეჟისორია. იგი მარჯანიშვილსა და ახმეტელზე აღმატებულ რეჟისორადაც მოიხსენიეს. როგორც ჩანს, ამ მოსაზრების ავტორები ხელმძღვანელობენ ცნობილი სენტენციით, რომლითაც გოეთესაც ეპატიებოდა ყველაფერი, რადგან ის ადამიანებისგან განყენებულად მდგარი გენიოსი იყო.

სტურუას მოწინააღმდეგენი ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ამის დასტურად  „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ასეთი კითხვაც დაისვა: სტურუამ რომ კაცი მოკლას, მოუწონებთ? ამ შეკითხვას სტურუას ფანმა ლაშა ბუღაძემ იუმორით უპასუხა: „სტურუა კაცს არ მოკლავს. მაგას რავა იკადრებს?!“

ზოგიერთები შეახსენებდნენ სტურუას, რომ მის უკან დიდი მემკვიდრეობა იდგა. ამდენად, სომხებზე საუბრისას იგი სწორედ მის მიერვე ღირსეულად განვლილ ათწლეულებს უნდა შეეჩერებინა. შეახსენებდნენ ცნობილი მწერლის გივი შაჰნაზარის სახელსაც, რომელსაც სტურუას ყველა სპექტაკლის წარმატება ახარებდა და ამჯერად, მათი აზრით, სტურუას არმენოფობიური გამონათვამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ბევრად უფრო კრიტიკული შეფასებებიც გაკეთდა. გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ქართველი რეჟისორის მიმართ უცენზურო გამონათქვამებს არ იშურებდა. მისი თანამოაზრენი სტურუას შეხედულებას „კლიმაქტოიდური მოხუცის“ ბოდვად აფასებდნენ. გადასწვდნენ სტურუას სპექტაკლებსაც და მათ გენიალურობაშიც ეჭვი შეიტანეს.

შეფასება ასეთი იყო: „როგორ შეიძლებოდა ასეთი შეხედულებების ავტორი შესანიშნავი რეჟისორი ყოფილიყო?! ეტყობა, იმ დროს ალტერნატივა არ არსებობდა“.  

იყო თუ არა რობერტ სტურუას გამოსვლა ეპატაჟური, სკანდალური გამოხდომა, რაც პერიოდულად ხელოვანი ადამიანებისთვის უცხო არ არის. ამის შესახებ „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში პოეტმა დავით მაღრაძემ და მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.  

პოეტ დავით მაღრაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას სურს, ყველა მისი ნაბიჯი იყოს ისტორიული, ამ დროს კი მისი ყველა ნაბიჯი გახლავთ ისტერიული“.

 როგორც მწერალი ლაშა ბუღაძე აღნიშნავს, რეჟისორი რობერტ სტურუა „რეჟისორ“ სააკაშვილს თავისებურ პაექრობაში იწვევს. რამდენად ჯდება სტურუას გამონათქვამი ეპატაჟის ჩარჩოში?

- რა თქმა უნდა, სტურუას გამონათქვამი ეპატაჟურია. ოღონდ, გახსოვთ „დათა თუთაშხიაში“ ერთი ეპიზოდია. ვახტანგ შალითური რომ იწვევს თუთაშხიას, დათა კი პასუხობს, უსინდისობა იქნება ჩემი მხრიდან თქვენთან დუელში გამოსვლა, რადგან ძალიან დიდი უპირატესობა მაქვსო. ახლაც სტურუა ამ სიტუაციაშია, ძალიან დიდი უპირატესობა აქვს რეჟისორ სტურუას შოუმენ სააკაშვილთან. 

რობერტ სტურუას ბოლოდროინდელ გამონათქვამში არანაირი ანტიარმენიული პათოსი ვერ შენიშნეთ?

- ეს მისი ნებაა. მან მკაფიოდ თქვა, რასაც გულისხმობდა და ამით სომხების საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს. რობერტ სტურუამ აღნიშნა - მე სურვილი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს ქართველი. მას არ უთქვამს, რომ სომეხი არ უნდა.

თქვენთვის რომ ეკითხათ,  ვის ინდომებდით საქართველოს პრეზიდენტად?

- ჩემთვის სულერთია, რა ნაციონალობის იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მთავარია, პატიოსანი, ნორმალური სულის, ჯანსაღი სულიერი მდგომარეობის იყოს. ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მის ნაციონალობას, არამედ მის ფსიქიკას და აზროვნების კატეგორიას ვანიჭებ უპირატესობას.

სტურუას გამონათქვამებმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი ეს გამონათქვამი დაჩრდილავს რობერტ სტურუას? ითქვა კიდეც, რომ შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადონ მის სპექტაკლებს.

- პირადად მე ძალიან ხშირად ვესწრებოდი და ვესწრები რობერტ სტურუას სპექტაკლებს, მოყოლებული „ყვარყვარედან“. ამ დროს კი, ეს ხალხი არ მახსოვს მის სპექტაკლებზე. ეგენი ხომ მაინც არ ესწრებოდნენ?! ამდენად, რა მნიშვნელობა აქვს მათ ბოიკოტს?!  მე პირადად ბედნიერი ვარ, რომ სტურუას თანამედროვე ვარ. არასდროს რაიმე ქსენოფობიური რობერტ სტურუას არც შემოქმედებაში, არც მოქალაქეობრივ მრწამსში არ ყოფილა. ქსენოფობიური დამოკიდებულება სჭირს ნაციონალურ მოძრაობას.

მე ვაცხადებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერები არ ჰყავს. მხარდამჭერები ჰყავს სიმართლეს, ნაციონალურ მოძრაობას კი ჰყავს დამჭერები. ამ დამჭერებს აქვთ ქსენოფობია რუსეთის მიმართ. პოლიტიკოსების მიმართ კი არ აქვთ ეს ქსენოფობია, არამედ უფრო დოსტოევსკის, ტოლსტოის მიმართ. დიდი ხანია, უკვე საქართველოში იკვლევენ ამ მწერლების სისხლის შემადგენლობას, თუ რამდენი წვეთი იყო მათში რუსული?! ეს აწუხებთ. რა არის, იცით? ეს გახლავთ პერიფერიული სიმპტომი. საქართველოში ქსენოფობიური სიმპტომი არ სჭირს სტურუას, არამედ, სამწუხაროდ, სჭირს ნაციონალურ მოძრაობას. ზაზა შათირიშვილმა ახსენა ძალიან კარგად, როგორც ამერიკელებისთვის ბინ ლადენია, ასე გახდა ნაციონალური მოძრაობისთვის დოსტოევსკი. ასე რომ, ისინი ამ ქსენოფობიურ გაუგებრობაში არიან.

რობერტ სტურუას ვუსურვებ, ძალიან დიდ შემოქმედებით წარმატებებს, რადგან მისი სახით მართლაც გენიალური ადამიანი მოევლინა საქართველოს თეატრალურ ხელოვნებას.  

შეგნებულად ხომ არ ხდება ამ თემის წამოწევა და ანტიქსენოფობიურობით სპეკულირება, რათა ზოგიერთებმა გრანტებით იხეირონ?

- გრანტების სპეციალისტი არ ვარ. ამდენად, ეს საკითხი ჩემთვის უცნობია.

მწერალი ზაზა ბურჭულაძე აცხადებს, რომ სტურუას გამონათქვამი მართლაც არმენოფობიურია, თუმცა სტურუას უფლება აქვს, იყოს უხამსი.

- ვინმე რიგითი მოქალაქის ხმამაღლა გამოთქმული აზრი რომ ყოფილიყო, სალაპარაკოც არ გახდებოდა. ეს იყო ცნობილი ადამიანის ნათქვამი და ამიტომაც იქცა განსჯის საგნად. მაგრამ მე ამ ნათქვამზე უფრო მეტად დარბაზში მსხდომთა რეაქციამ გამაკვირვა და მომჭრა ყური. რუსთაველის თეატრში ნათქვამ ამ სიტყვებს პუბლიკის მხრიდან მოჰყვა არა პროტესტი, არამედ მოწონების ტაში, რაც სრულიად სამარცხვინოა. უფრო ადრე სააკაშვილმაც თქვა თავის სიტყვაში „ზანგები ხომ არ ვართო?“, რაზეც მისმა ადმინისტრაციამ მალე ოფიციალური ბოდიში მოიხადა. თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს უყვარს, რობერტ სტურუა კი -უმრავლესობას. ასე რომ, სტურუას ნათქვამს უფრო დიდი ემოციური გავლენა აქვს საშუალო სტატისტიკურ ქართველზე, ვიდრე სააკაშვილს. სტურუას ეს არმენოფობიური გამონათქვამი კი უბრალოდ უხამსობაა.  ამის მიუხედავად, რობერტ სტურუას აქვს უფლება, იყოს უხამსი. მთავარია, საზოგადოება როგორ მიიღებს და შეაფასებს ამ უხამსობას.

სტურუას ნათქვამს თქვენ უხამსობად აღიქვამთ. და მაინც, ეს იყო შეცდომა, გადაცთომა თუ ეპატაჟური გამოვლინება, რომელიც, ასევე, თქვენც გახასიათებდათ, თუნდაც ქუთაისში სტუმრობის დროს?

- მე არ ვარ რობერტ სტურუა და შესაბამისად, არ გახლავართ ამ შეკითხვის ადრესატი. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით.

როგორ გგონიათ, ნათქვამი კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა განმარტოს რობერტ სტურუამ, თუ ეს მისი ნებაა და უნდა დარჩეს ისტორიას, როგორც სტურუასეული ფრაზა?

- ვიმეორებ, რობერტ სტურუას აქვს უფლება იყოს უხამსი, ვერავინ დაუშლის მას ამ უხამსობას. უბრალოდ, როგორ მიიღებს საზოგადოება, ეს მეორე მხარეა.

თქვენი კოლეგა, ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ ეს არის რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ, ასევე, რეჟისორ სააკაშვილის გამოწვევა, ერთგვარი დიალოგი ხელისუფალსა და რეჟისორს შორის. ეთანხმებით ამას, რომ ორი რეჟისორის პაექრობის მომსწრენი ვართ ვერბალურ, სიტყვიერ დონეზე?

- გარკვეულწილად, ამ იუმორისტულ გამონათქვამში არის სიმართლის მარცვალი. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ბოლომდე სიმართლედ ეს არ შეიძლება მივიჩნიოთ.

რა ეროვნების შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი?

- რასაკვირველია, ნებისმიერი ეთნიკური ერის უმცირესობის წარმომადგენელი შეიძლება გახდეს ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს მისაღებად მიმაჩნია.

თუმცა იმავე სომხებს რომ ვკითხოთ, ქართველი ენდომებათ თუ არა პრეზიდენტად, ალბათ უარყოფითი პასუხი იქნება.

- არ ვიცი, იქნება თუ არა ასეთი პასუხი. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე და ეთნიკური ნიშნით არ უნდა ვარჩევდეთ ადამიანებს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ქსენოფობიური თემის წამოწევა შეგნებულად ხდება? იქნებ ძალით ატყდა აჟიოტაში, რათა ვიღაცებმა გრანტები მიიღონ და ამისთვის რობერტ სტურუას, როგორც ცნობილი რეჟისორის, სახელი გამოიყენეს?

- ვერაფერს გეტყვით, რადგან ცხოვრებაში არასდროს გრანტთან შეხება არ მქონია და არ ვიცი, როგორ ხდება ეს ამბები. წარმოდგენა არ მაქვს.