გაამართლებს თუ არა საპენსიო რეფორმა?

გაამართლებს თუ არა საპენსიო რეფორმა?

მთავრობაში ამტკიცებენ, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა. სპეციალისტებს რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ თეორიულ ნაწილშიც და როგორი იქნება მისი პრაქტიკული მხარე, ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენია.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო საპენსიო სისტემის ამოქმედების შედეგად, ბიუჯეტს ხარჯი 90 მლნ ლარზე მეტით გაეზრდება. როგორც ცნობილია, შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე – მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად განახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში, 6%-ს უტოლდება. საპენსიო სისტემაში ჩართვა მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის სავალდებულო იქნება, ნაწილისთვის კი – ნებაყოფლობითი. 40 წლამდე მოქალაქეებს აუცილებლად მოუწევთ ფონდში შენატანის გაკეთება.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ შეიძლება ეს იყოს დამატებითი დატვირთვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ქვეყანას დაუბრუნდება.

„ბიზნესს შეიძლება, გადასახადების გადახდაც არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არაა გადასახადი. თან ბიზნესს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ გადასახადი თუ არ გადაიხადა კერძო სექტორმა, ქვეყანას სოციალური და კაპიტალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა არ ექნება და მეორე მხრივ, ის, ვინც არ იხდის გადასახადებს, არაკონკურენტულ გარემოშია. ამიტომ ამ მიმართულებით, დღეს გვაქვს საუკეთესო კოოპერაცია ბიზნესთან და დარწმუნებული ვარ, ასეთივე კოოპერაცია იქნება საპენსიო რეფორმის მიმართულებით, რადგან საბოლოო ჯამში, ის დანაზოგები, რომელსაც ჩვენ შევქმნით საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მოხმარდება მოქალაქეებს“, – განუცხადა „საქმის კურსს“ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სპეციალისტთა ერთი ნაწილი რეფორმას იწონებს, ხოლო მერე ნაწილი მისდამი სკეპტიკურად არის განწყობილი. ეკონომისტ მიხეილ დუნდუას აზრით, აღნიშნული რეფორმა იძლევა საშუალებას შეიქმნას გრძელვადიანი რესურსი ლარში. ეს კი ლარის გამყარების ერთ-ერთ მთავარ პირობად იქცევა.

„დაგროვებითი პენსია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დანაზოგების დიდი რაოდენობით მოცულობას და გრძელვადიანი რესურსით ლარში, საქართველო ამ შემთხვევაში გახდება საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანა, იმისათვის, რომ გადაიჭრას პრობლემა მხოლოდ საპენსიო რეფორმით შევძლებთ ამას.

აუცილებელია ქვეყანაში გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რათა მოხდეს ინვესტირება ქვეყანაში. იმისათვის, რომ ჩვენ მოვახეხოთ სხვა სექტორების განვითარება, საჭიროა საპენსიო რეფორმის ჩატარება. სანამ არ გადავალთ ამ სისტემაზე, მუდმივად ვიქნებით ამ ვითარებაში. ეს ყველაფერი ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველი სიბერის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა დუნდუამ.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კი საპენსიო რეფორმას სრულ კრახს უწინასწარმეტყველებს. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში ინსტიტუბისადმი ნდობა არ არსებობს, მოსახლეობას ვერ აიძულებ ენდოს ფონდს, სადაც მათი დანაზოგები განთავსდება. არავინ იცის, რა მოხდება წლების შემდეგ, როცა დასაქმებული საპენსიო ასაკს მიაღწევს და როგორ შეძლებს თავისი თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, გიორხელიძე ვარაუდობს, რომ რეფორმა არ გაამართლებს.