შემოსავლის ნახევარი ოჯახის გამოკვებაზე იხარჯება

შემოსავლის ნახევარი ოჯახის გამოკვებაზე იხარჯება

საქართველოში ადამიანების უმეტესობას არ აქვს საშუალება აუცილებელი მოთხოვნილების გარდა, თანხა სხვა რამეზეც დახარჯონ. მათი შემოსავლის ნახევარი ოჯახის გამოკვებაზე იხარჯება. ვითარება ინფლაციამ და ლარის გაუფასურებამ კიდევ უფრო დაამძიმა.

მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველო საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანების რიგშია, თუმცა იგი მრავალი მახასიათებლით ბევრად ახლოსაა მასზე გაცილებით ღარიბ ქვეყნებთან. ასეთი კომპონენტია მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში საკვების წილი, რომელიც ძალიან მაღალია.

„საქსტატის“ უკანასკნელი ანგარიშით, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების 44% საკვების შეძენაზე იხარჯება. დასავლურ ქვეყნებში სურსათზე მთლიან ხარჯებში გაცილებით ნაკლები წილი მოდის. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, საკვების დანახარჯები მოსახლეობის მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 6.4%-ია.

მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში საკვების დანახარჯები ასე გამოიყურება: აშშ - 6.4% სინგაპური - 6.7% დიდი ბრიტანეთი - 8.2% შვეიცარია - 8.7% კანადა - 9.1% ავსტრალია - 9.8% ავსტრია - 9.9%.

საკვებზე დანახარჯების მაღალი წილია ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, მაგალითად, კამერუნში საკვებზე დანახარჯების წილი 45%-ია, კენიაში - 46%, ნიგერიაში კი - 56%. სხვა უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, სავარაუდოდ, ის ხშირ შემთხვევაში აღემატება 50%-ს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, საკვებზე დანახარჯების მაღალი წილი პირდაპირ კავშირშია სიღარიბესთან. აშშ-ის შემთხვევაში მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 20% სურსათზე ხარჯავს საკუთარი შემოსავლების 28%-ს.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ამ მხრივ მეტად რთული მდგომარეობაა. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო წლებში, როდესაც ქვეყანას ლარის გაუფასურების რამდენიმე ტალღამ გადაუარა. შესაბამისად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაეცა, ინფლაცია კი გაიზარდა. ოჯახების უმეტესობა ვეღარ ახერხებს პირველადი მოხმარების საქონლის და სურსათის გარდა სხვა პროდუქციის შეძენას.

„საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ეს კომპონენტები გავლენას ახდენს შინამეურნეობების ხარჯის ზრდაზე. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ პროდუქციაზე ფასი ლარის მკვეთრი დევალვაციის პროპორციულად არ გაზრდილა.

შეიძლება ხელფასების დინამიკა გავაკეთოთ წლების მიხედვით, მაგრამ მათი მსყიდველუნარიანობა უნდა განვსაზღვროთ კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფთან მიმართებით. პირობითად, 2013 წელს რამდენი კილოგრამი ხორცის ან ბრინჯის შეძენა შეგვეძლო, კარტოფილის, კარაქის და ა.შ. ეს უნდა შევადაროთ ახლა რამდენის შეძენა შეგვიძლია და ამის მიხედვით უნდა მოხდეს გაანალიზება.

ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, საქონლის 70%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოდის. შესაბამისად, ლარის გაუფასურება დიდ პრობლემას ქმნის ამ მიმართულებით. შეინამეურნეობების ხარჯიც მატულობს, რასაკვირველია უპირატესად პირველადი მომხმარების საქონლის მიმართულებით“, - აცხადებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

ფაქტია, რომ მოსახლეობის წლიდან წლამდე განკარგვადი შემოსავალი უმცირდება. როგორც ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, ეს უკვე სახელმწიფოებრივ პრობლემად იქცა.

„მოსახლეობაში განკარგვადი შემოსავლის სიმცირე განაპირობებს სოციალურ პრობლემას, როცა ხალხს არ ჰყოფნის ფული ნორმალურ კვებაზე, დასვენებაზე, შთამომავლების უზრუნველსაყოფად და სხვა, რაც სახელმწიფოებრივ დონეზე არსებული პრობლემაა. მის გადასაჭრელად კი ნაბიჯს ჯერჯერობით არავინ დგამს - არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა“, - აღნიშნავს ელიავა.