საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეკონომიკას კარგი თვალით შეხედეს

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეკონომიკას კარგი თვალით შეხედეს

ეკონომიკური ზრდის პროგნოზებში მთავრობის ოპტიმიზმი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გაიზიარეს. ახლა ყველა ერთხმად ეკონომიკის მინიმუმ 4,5%-იან წინსვლას პროგნოზირებენ და უფრო გაბედულები 5%-საც დასაძლევ სიმაღლედ მიიჩნევენ.

სარეიტინგო კომპანია „ფიჩმა“ გაითვალისწინა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული ეკონომიკური შოკების მიმართ და მშპ-ს ზრდის წლევანდელი პროგნოზიც გააუმჯობესა.

კომპანიის რელიზში აღნიშნულია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 4% შეადგინა, რაც 0.4%-ით აღემატება გაცილებით მაღალი საკრედიტო შეფასების მქონე ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა 2017 წლის 1-ელ ნახევარში, რასაც ხელი შეუწყო როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ.

„ფიჩის“ შეფასებით საქართველოს ეკონომიკის ზრდა როგორც 2017, ასევე მომდევნო 2 წლის განმავლობაში 4.5% ფარგლებში იქნება.

სარეიტინგო კომპანია აქცენტს აკეთებს საქართველოს საბანკო სექტორის სიძლიერეზე და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლებისა, საბანკო სექტორის განვითარების მაღალი დონე აბალანსებს დოლარიზაციასთან ასოცირებულ რისკებს.

სხვათა შორის, ზაფხულიდან მოყოლებული მთავრობა ამტკიცებდა, რომ წელს მშპ-ს ზრდის ტემპი დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბებდა და ახლა მას მხარი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აუბეს. მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს.

ბანკის ახალი ანგარიშის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები“-ს თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, თუმცა 2019 წლისთვის 5,0%-მდე შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ წინა ივნისის ანგარიშის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0,7 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, 2018 წლისთვის კი 0,3 პროცენტით.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 და 2018 წლებისთვის. ბანკის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2,7%-ს შეადგენს, 2018 წლისთვის კი - 2,9%-ს.

საერთაშორისო მხარდაჭერამ კიდევ უფრო გაალაღა საქართველოს მთავრობა. რამდენიმე დღის წინ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა. კვირიკაშვილის დაპირებით წელს მთავრობა 5%-იან ზრდას მიაღწევს, მომდევნო წლებში კი ზრდა „7% და უფრო მაღალი იქნება“.

„საქართველოში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ განვახორციელეთ ამბიციური საგადასახადო რეფორმა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას გაუნაწილებელ შემოსავლებზე და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ლიბერალიზაციას. ჩვენი მოლოდინით, წელს მიღწეული იქნება 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო შემდგომ წლებში 7-პროცენტიანი და კიდევ უფრო მეტი ზრდა“, - ამბობს კვირიკაშვილი.

საინტერესოა, რომ 7%-იანი და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის დაპირება პრემიერ-მინისტრმა პირველად გასცა. მთლად ასეთი ოპტიმისტი არ გამოდგა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თუმცა უკეთეს მომავალს ისიც წინასწარმეტყველებს. გვენეტაძის აზრით, წელს 4%-ზე მეტად გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, გაისად კი ტემპი კიდევ დაჩქარდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 4.5-პროცენტიან ზრდას ელოდება 2018 წელს გაუმჯობესებული საგარეო და შიგა ფაქტორების გამო.