ბანკები მიწებს მაინც დაეპატრონებიან

ბანკები მიწებს მაინც დაეპატრონებიან

ბანკებმა ჯერ მთავრობას მოახვიეს თავზე თავისი პოზიცია და ახლა პარლამენტშიც წარმატებით აღწევენ საწადელს. `სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით მიიღო უპრობლემოდ გავიდა და მალე დამტკიცდება კიდეც. კომერციულ ბანკებს ექნებათ უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, დაინტერსებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტებით უნდა მიმართოს დარგის პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც საკითხის შესწავლის შემდგომ, საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.

მთავრობაში მორატორიუმის პრინციპების დამახინჯებასთან დაკავშირებით რაიმე რაიმე პრობლემას ვერ ხედავენ. როგორც პრემიერი, ასევე იუსტიციის მინისტრი მიიჩნევენ, რომ ამ მცირე დეტალით არაფერი იცვლება.

„ამ წუთში ბანკებს აქვთ პრობლემები და იმისთვის, რომ საქართველოში მომუშავე ბანკებმა არ გააჩერონ თავიანთი საქმიანობა, შედის გამოცხადებულ მორატორიუმში მცირედი ცვლილება. იგი გულისხმობს შემდეგს: თუკი ქართველ გლეხს დასჭირდება საქართველოში მოქმედ ბანკში ჩადოს თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწა და მიიღოს სესხი, ბანკმა შეძლოს დროებით ასეთი ქონება დაისაკუთროს, მაგრამ ბანკს აეკრძალება ეს მიწა უცხოელებზე გაიყიდოს. ამიტომ წმინდა წყლის სპეკულაციებია, რომ ეს ცვლილება მორატორიუმში რამეს ცვლის. პრინციპი იყო და რჩება იგივე – საქართველოში არის სასოფლო-სამეურნეო მიწის მცირე რესურსი, ის უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მისი განიავება. ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაზიარებული პოზიცია“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მინისტრი ამტკიცებს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები არ უნდა გაიყიდოს იმ უცხოელებზე, რომლებიც, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო ჩამოდიან ხანდახან საქართველოში, რომ შეჭირვებული ქართველისგან შეიძინონ მიწა და გამოკვებონ თავიანთი ოჯახი, რადგან საკუთარ ქვეყანაში არა აქვთ საკმარისი მიწა, რომ მოიყვანონ კარტოფილი ან თუნდაც სიმინდი.

სპეციალისტები მთავრობის წევრთა ასეთ პათოსს ვერაფრით იზიარებენ. მორატორიუმის დასრულებამდე არანაირი სახის გამონაკლისი მართებულად არ მიაჩნია პროფესორ ჯუმბერ ფანჩულიძეს. მისი აზრით, ხელისუფლებას საერთოდ არ აღელვებს ქართული მიწა დაშესაბამისადაც იქცევა.

„მორატორიუმი თუ გამოცხადდა, იგი ვრცელდება გარკვეული პერიოდი და გამონაკლისის დაშვება საერთოდ წარმოუდგენელია. ნებისმიერი დათმობა არის ნონსენსი, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. მაშინ საერთოდ რატომ ვაცხადებთ მორატორიუმს? ეს არის უბადრუკი გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ აღელვებს ქართული მიწა და შესაბამისადაც იქცევა. რატომ არ ჯდებიან მორატორიუმის ჩარჩოებში არ მესმის. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ მათ დათმობა ბანკებმა აიძულეს“, - აღნიშნა ფანჩულიძემ.