საბავშვო ბაღები გადატვირთულია. დედაქალაქში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.
ზოგიერთ დაწესებულებაში იმდენი ბავშვია, რომ აღსაზრდელებს რიგრიგობით უწევთ ძილი. მშობლების ნაწილი ჩივის, რომ ჯგუფში ხანდახან 60-ზე მეტი აღსაზრდელია და მათ სათანადო ყურადღება არ ექცევა.
ბაგა-ბაღების პრობლემა განსაკუთრებით მაშინ გაჩნდა, როდესაც ნაცმოძრაობამ საბავშო ბაღების „ოპტიმიზაცია მოახდინა“ და მათთვის განკუთვნილი შენობები პრივატიზაციის გზას გაუყენა. ბოლო წლებში ამ მხრივ ვითარება თითქოს გამოსწორდა, მაგრამ სასურველისგან ჯერ შორსაა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ბაღი იქნება ქალაქში, ვიდრე ახლაა. ამჟამად ბაგა-ბაღებში აღმზრდელების რაოდენობა საკმარისია, კვება მოგვარებულია, მაგრამ ბაღების რაოდენობაა მცირე.
„იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებს, რათა გადავსებული კონტიგენტი გადანაწილდეს ახალ ბაღებში. ჩემი მერობის პერიოდში 12 ახალი ბაღი გვაქვს უკვე აშენებული და გახსნილი. ძველი შენობებიც გარემონტდა და დამატებით 500 ბავშვიც მივიღეთ. 13 ახალი ბაღის მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს, რათა უფრო მეტი ბავშვი მივიღოთ“, - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წელს თბილისის საჯარო ბაგა–ბაღებში 60 ათას 500 ბავშვი მივიდა, რაც წინა წელთან შედარებით 1500-ით მეტია. სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ადასტურებს, რომ წინა წელთან შედარებით საჯარო ბაღებში ბავშვების რაოდენობა ნამდვილად მომატებულია. მან ჯგუფებში ბავშვების გადატვირთულობის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ, სადაც ასეთი პრობლემა არსებობს, პერსონალს დაამატებენ.
რაც შეეხება 2017 წლის სხვა გეგმებს, თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, გაისად კი დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რაც ნაწილობრივ მოხსნის ახალ სასწავლო წელს ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემას.
გარდა ამისა, 2017 წლის ბიუჯეტით 35-მდე საბავშვო ბაგა-ბაღში დაგეგმილია პანდუსების მოწყობა, მოქმედ ბაღებში კი, აუთვისებელი ფართების გარემონტების გზით, ჯგუფების დამატება.
ერთ-ერთი ახალი საბავშვო ბაღი, N74, 18 სექტემბერს გაიხსნა პეკინის ქუჩაზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. ბაღის დირექტორი, ია ნინუა, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, რომ 350 აღსაზრდელს 70-კაციანი პერსონალი ემსახურება, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ აღსაზრდელების რაოდენობა ამ ბაღშიც ნორმაზე მეტია:
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საბურთალოსთვის ამ ბაღის გახსნა. ბევრი მოსახლეა და უამრავი ბავშვი რჩება ბაღის გარეშე. დღესდღეობით ჯგუფებში მაინც ბევრი აღსაზრდელი გვყავს - 35-დან 40 ბავშვამდე. მართლაც ძნელია ამდენ ბავშვს ერთდროულად მიაქციო ყურადღება, სუფრა გაუშალო, აჭამო, დაეხმარო, მაგრამ რომ ვუყურებ, აღმზრდელები მაინც ახერხებენ ამ ყველაფრის გაკეთებას“, - აღნიშნა ნინუამ.
რამდენმა აღსაზრდელმა ვერ შეძლო წელს ბაღებში დარეგისტრირება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. თემურ თორდინავა განმარტავს, რომ ეს მონაცემები საბავშვო ბაღებიდან სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ექნებათ.