ხელისუფლება ანაკლიის პროექტის განხორცილებაზე დიდ იმედს ამყარებს. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ამოქმედება მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, საქართველო დაიბრუნებს ისტორიულ მისიას, ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ანაკლია სულაც არ ჰგავს ლაზიკის უტოპიურ ექსპერიმენტს, რომელიც სააკაშვილს წინასაარჩევნოდ ახსენდებოდა. ანაკლიის პორტი უამრავი ადამიანის დასაქმებას გვიქადის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სწორედ ანაკლიაში გადის შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალქვეშა კანიონი (მდინარის ყველაზე ღრმა ხეობა). აქ საზღვაო პორტის სიღრმე 20,5 მეტრია. შედარებისთვის, ბათუმში -14 მეტრია, ფოთში - 8,5 მეტრი. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ანაკლიის სიახლოვეს პორტის აშენების იდეა არსებობდა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, იდეაში, ანაკლიის პორტი ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია. ღრმაწყლოვანების გამო იგი თეორიულად საინტერესო საინვესტიციო ობიექტს წარმოადგენს. თუმცა რამდენად განხორციელებადია და როგორ შეიძლება ვაქციოთ რეალობად, ეს რთული და სერიოზული საკითხია.
„ფაქტი სახეზეა, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ნაპირგასამაგრი სამუშაოები ხორციელდება, წყალგამყოფებიც შენდება. ამიტომ დაველოდოთ წლის ბოლოს, დეკემბერში გამოჩნდება პირველადი შედეგები. ამ პორტს მილიარდამდე ინვესტიცია, სერიოზული თანხები სჭირდება“,-მიიჩნევს ემზარ ჯგერენაია.
ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ კარგად აქვს შესწავლილი ანაკლიის საკითხი და იმ პარამეტრებით, რა პარამეტრებიც დღეს გაცხადებულია ანაკლიის პორტთან მიმართებით, სპეციალისტებს შორის კითხვის ნიშნებს არ იწვევს და განხორციელებადია ეტაპების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში შესვლის პირველი ეტაპი იქნება საწყისი, სასტარტო ეტაპი, ამას დაემატება გაცილებით მეტი პარამეტრი და გაძლიერდება ტვირთბრუნვა. საბოლოო ჯამში კი, მივიღებთ მოხერხებულ, გეოგრაფიულად და ლანდშაფტურად სწორად დაგეგმილ საზღვაო ინფრასტრუქტურას.
„უნიკალური ადგილია ანაკლია. საქართველოსთვის ეს იქნება სერიოზული შენაძენი, აღარაფერს ვამბობ ტრაფარეტულ სიტყვებზე-სამუშაო ადგილები, შემოსავლების ზრდა... ეს თანმდევი პროცესია, საამისო გამოცდილება ჩვენ გვაქვს. ენგურჰესის პროექტი რომ დავიწყეთ, სამეგრელოში სულ რაღაც ორი ოდა იდგა, ხისგან აშენებული. მშენებლობის დასრულებისას კი უკვე მივიღეთ ქალაქები, დაბები, საცხოვრებლები, თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურით. ანაკლია ზუსტად ამის ანალოგი გახდება.
ამას გულმოდგინედ და თავდაჯერებულად იმიტომ ვამბობ, რომ ენგურჰესის პროექტირება და მშენებლობა უშუალოდ იყო დაკავშირებული ანაკლიის საზღვაო ზოლის შესწავლასთან, მის შეფასებასთან. 2013 წლამდე ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში ყველაზე მაღალ თაღოვან კაშხლად ითვლებოდა და მისი წყალსაცავის გარღვევის ან უმნიშვნელო ბიძგების პირობებშიც შესაძლებელი იყო იქ კატასტროფული ხარჯების გადმოდინება, რომელსაც შეეძლო გამოეწვია კატასტროფული შედეგები. ამიტომ კარგად შევისწავლეთ ანაკლიის მიდამოები, სადაც ახლა პორტი უნდა განვითარდეს. ძალიან კარგად ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს პორტებს, რადგან ჩემი სპეციალობა - ჰიდროტექნიკური მშენებლობა პორტების მშენებლობასაც ითვალისწინებს.
ყველას შევედავები, თუ ვინმე შემეწინააღმდეგება, რომ ენგურის კანიონი უნიკალური ადგილი არ არის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის. სინამდვილეში, ასეთი ადგილები მსოფლიოში იშვიათია და ენგურის ღრმაწყლოვანს რომ იძახიან, ხალხს არ ესმის, ეს რას ნიშნავს. ენგურს აქვს კანიონი, რომლის სიღრმეც 60 მეტრია და ეს კანიონი სწორედ მაღალი ტვირთამწეობის გემებისთვისაა განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, ანაკლიასაც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევრაზიული კონტინენტისთვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება. ანაკლიის პორტის შესაძლებლობა ბევრად აღემატება ფოთის პორტის პარამეტრებს. ღრმაწყლოვანი და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო გემების მისაღებად ფოთის პორტის პარამეტრები შეზღუდულია“, - ამბობს ანზორ ჭითანავა და ანაკლიის პორტის მსოფლიო პროცესებში ჩართვას ელის, რასაც აბრეშუმის გზა და ევრაზიული ტვირთბრუნვა ითხოვს.