ინტერვიუ ექიმ-რეპროდუქტოლოგ გია ცაგარეიშვილთან
ამბობენ, რომ ქართული საზოგადოება უფრო თამამი გახდა, ხმამაღლა მსჯელობს აქამდე ტაბუდადებულ თემებზე.. ეთანხმებით? მე – არა! მეტყვით გააჩნიაო.. ვითომ?
ხელოვნური, ანუ ინ ვიტრო განაყოფიერების საშუალებით საქართველოში დაბადებული პირველი ბავშვი უკვე 11 წლისაა. თუ თქვენ გაქვთ უშვილობის პრობლემა, ან იცით, რომ მეზობელი, ნათესავი, უბრალოდ კარგი ადამიანი ყველაზე დიდი ბედნიერების არქონის გამო – ერქვას მშობელი, იტანჯება, უბრალოდ წააკითხეთ ეს სტატია.
ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ცაგარეიშვილი, ინ ვიტრო განაყოფიერების დანერგვის სათავეებთან იდგა არამარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირში, ამიტომ უშვილობის პრობლემებზე, ინ ვიტრო განაყოფიერების მიღწევებზე და ჯერ კიდევ დაუძლეველ მცდარ წარმოდგენებზე რესპოდენტად ის შევარჩიეათ.
გია ცაგარეიშვილი: - საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების ოპერაცია პირველად ჩვენს მიერ ი.ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში ჩატარდა. მანამდე კოლეგებთან ერთად მოსკოვში სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ვმუშაობდით. მოსკოვს საბჭოთა კავშირში ამგვარი ოპერაციის გაკეთების იდეა, ი.ჟორდანიას ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბატონმა არჩილ ხომასურიძემ მიაწოდა. მისი დამსახურებაა, რომ ამ სფეროში ქართველი ექიმები ჩაერთვნენ და კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.
ინ ვინტრო განაყოფიერების შედეგად, ჩვენი მონაწილეობით მოსკოვში 80-იანი წლების ბოლოს დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც ელენა დაარქვეს. შემდეგ დავბრუნდით თბილისში იმ იმედით, რომ აქ შევქმნიდით ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეგვიშალა. ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, რომელიც გამოწერილი გვქონდა, ქვეყანაში შექმნილი ქაოსის გამო ჩვენამდე ვერ აღწევდა.
დაველოდეთ შესაფერის დროს და როგორც კი სიტუაცია შეიცვალა, მოვახდინეთ იდეის რეალიზება. ის პერიოდი როდესაც თბილისში ოპერაციებს ვერ ვაკეთებდით, უქმად არ დაგვიკარგავს, მოვიარეთ ევროპის ყველა ავტორიტეტული კლინიკა, სადაც ინ ვიტრო განაყოფიერება კეთდებოდა.
საკუთარი კლინიკის გახსნა დიდ რისკთან არის დაკავშირებული…
- ი.ჟორდანიას ინსტიტუტიდან ერთი წელია წამოვედით. იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს მახლობლად კლინიკა „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“ შევქმენით. ჩვენს მაგალითზე ჩანს, რომ კლინიკა ექიმებმა უნდა იყიდონ და მართონ ფინანსისტებთან და იურისტებთან ერთად. თავად ვწყვეტთ რა დროს რა ტექნიკის შეძენაა საჭირო, რა გადაწყვეტილებაა სასწრაფოდ მისაღები, ამასთან პაციენეტებს ყველა ეტაპზე ვთავაზობთ გამოკვლევასა და მკურნალობას. კლინიკაში უახლესი სამედიცინო აპარატურა გვაქვს. როგორც კი სამედიცინო ბაზარზე ახალი აპარატურა, მიკროსკოპი თუ სხვა სიახლე გამოდის, ის ჩვენს კლინიკაში მაშინვე ინერგება.
რამდენად იცის ქართულმა საზოგადოებამ რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება, იქნებ მკითხველისათვის გასაგებ ენაზე ავხსნათ? მიუხედავად 11 წლიანი გამოცდილებისა და მხოლოდ საქართველოში ამ გზით დაბადებული 3000-ზე მეტი ბავშვისა, ბევრისთვის ეს საკითხი უცნობია.
- ამ თემაზე მთელ მსოფლიოში ხმამაღლა საუბრობენ, საქართველოში კი უმეტესად მალავენ. ერთმა პაციენტმა მითხრა, მეზობელს ზუსტად ჩემნაირი პრობლემა აქვს, მაგრამ ვერაფერს ვეუბნები, არ მინდა მიხვდეს, შვილი რა გზით მეყოლაო. ამ მეთოდით ჩასახულ ბავშვს მუცლადყოფნის დროს უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში ხდება. ამ მეთოდით დღეს ძალიან ბევრ წყვილს აქვს საშუალება სრულფასოვანი ოჯახი შექმნას. თუ ქალს ანთების ან საშვილოსნოს გარეშე ორსულობის შედეგად საერთოდ ამოაჭრეს ფალოპის მილები, ბუნებრივი გზით დაორსულების შანსი არ აქვს. ამიტომ შეიქმნა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ქალის საკვერცხეებიდან ვიღებთ რამდენიმე კვერცხუჯრედს, გავანაყოფიერებთ ორგანიზმის გარეთ ანუ სინჯარაში, შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ, ემბრიონი გადაგვაქვს დედის ორგანიზმში.
დღეისათვის, უშვილობის ნებისმიერი სახის მკურნალობა იგულისხმება ფალოპის მილების არარსებობა, სხვადასხვა სახის ენდოკრინოლოგიური გენესის უშვილობა, უცნობი გენეზის უნაყოფობის შემთხვევები ამ მეთოდით იკურნება..
რამდენად აქტუალურია მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა?
- თანამედროვე მედიცინაში მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. სპერმის ინექციის მეთოდების დანერგვამ, მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა მთლიანად მოხსნა. ამ მეთოდის გამოყენებით, მამაკაცის ორგანიზმიდან ოპერაციული გზით მიღებული თუნდაც ერთი სპერმატოზოიდით შესაძლებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერება. იმ მამაკაცების 80 პროცენტს რომლებსაც დასმული აქვთ აზოოსპერმიის დიაგნოზი, შეიძლება შვილი ეყოლოს. აბსოლუტური აზოოსპერმია ძალიან იშვიათია. ეს მაშინ ხდება, როდესაც მამაკაცს დაბადებიდან აქვს თანდაყოლილი განვითარების მანკი.
რა დროს მომართავენ პაცინეტები თქვენს კლინიკას?
- ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც უკვე გამოვლილი აქვთ ურთულესი გზა, არ აქვთ დატოვებული არცერთი კლინიკა თუ ექიმბაში. ჩვენ მათი ბოლო იმედი ვართ. ხშირად ექიმებს უჭირთ პაციენტის დათმობა და ნაკლებად აკვალიანებენ თუ სად უნდა მივიდნენ. ასეთი დამოკიდებულება საზიანოა პაციენტისათვის და მას აკარგვინებენ მნიშვნელოვან დროს.
ხელოვნური განაყოფიერების შიში მაინც არსებობს…
-ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ ცდაზე დაორსულების შანსი 40-45 პროცენტია და ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში ერთნაირია. ჩვენი პაციენტებთან მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ მას ყველაფერს ვეუბნებით, რას და როგორ ვუკეთებთ. პაციენტს პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა ჰქონდეს. პაციენტი უნდა მივიდეს პროფილურ კლინიკაში და ნათლად დაინახოს, რომ მასზე ზრუნავენ. უკმაყოფილო პაციენტი ნიშნავს, რომ კლინიკა არ ვარგა.
ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის შემდეგ პაციენტი ჩვეულ ცხოვრების რიტმს რამდენ ხანში უბრუნდება?
- ინ ვინტრო განაყოფიერებას საერთოდ არ ჭირდება კლინიკაში ხანგძლივი წოლითი რეჟიმი. ანალიზების და გამოკვლევების შემდეგ იკრიბება კონსილიუმი და გადაწყდება რა პროცესები უნდა დავიწყოთ. თვითონ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში პაციენტს 2-3 დღეში ერთხელ უწევს კლინიკაში მოსვლა. ოპერაციის (პუნქციის) ჩატარების დღეს პაციენტი კლინიკაში ორი საათი რჩება. ემბრიონის გადატანს დღიდან სასურველია ქალი ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრების პასიურ რიტმზე გადავიდეს.
პაციენტების ნაწილს ურჩევნია ინ ვიტრო განაყოფიერება საზღვარგარეთის კლინიკებში გაიკეთონ...
- ასეთ „რჩევებს“ პაციენტებს უმეტესწილად ექიმები აძლევენ. არ დაიჯეროთ, რომ საფრანგეთში, უკრაინაში ან ამერიკაში ჩასულ პაციენტს, იმაზე დიდი ყურადღებას აქცევენ, ან უფრო მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებაა, ვიდრე ჩვენს კლინიკაში. უამრავი შემთხვევა გვაქვს, როცა ამა თუ იმ ექიმის მიერ საზღვარგაერთ გაგზავნილი პაციენტი უსახსრობის გამო ჩვენთან მოსულა და პირველივე მცდელობაზე დაორსულებულა. საზღვარგარეთ ძალიან ბევრი ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკაა, მათგან რომელი რას წარმოადგენს ძნელი გასარკვევია, ჩვენთან მოსულა პაციენტი, რომელმაც საზღვარგარეთ განაყოფიერებაში 50 ათასი ევრო გადაიხადა და ელემენტარულად არ ჰქონდა სამედიცინო ისტორია, ანუ ინის ამსახველი დოკუმენტი, თუ რა პროცედურები და გამოკვლევები ჩაუტარდა. თუ ამის მიზეზი კონფიდენციალურობაა, ეს მოქმედი კანონმდებლობითაც დაცულია და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენი პაციენტის ისტორია საზოგადოებას კლინიკა „ინ ვიტროდან“ გაეგოს, ეს მთავარი პრინციპია.
ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები?
- ჩვენს კლინიკაში პროფესიონალების გუნდი მუშაობს. მათ შორის, ექიმი- რეპროდუქტოლოგები ნატალია ხონელიძე, ნინო ქანთარია, ნანი მარსაგიშვილი და ქეთევან ოსიძე. ემბრიოლოგი მაია ქოიავა.