ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული ხორცმა ისევ გაძვირება დაიწყო და უკვე საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. მომხმარებელი სიძვირის გამო შეწუხებულია, ხოლო საქონლის ხორცის დეფიციტის გამო ცხოველთა სასაკლაოების ნაწილი იხურება.
ბაზარზე არსებულ ვითარებას ფეხს ვერ უწყობს ბიზნესიც. სასაკლაოებში ჩივიან, რომ მათი საქმიანობა ყოველწლიურად უფრო და უფრო წამგებიანი ხდება. მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება, მათ შორის, ბოლო პერიოდში საქონლის ხორცის ნაკლებობა და მაღალი ფასი.
როგორც აღმოჩნდა, ქართულ ხორცზე მეზობელი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია. სამომხმარებლო ღირებულებაზე თავისი გავლენა ლარის დევალვაციამაც მოახდინა, რის გამოც პროდუქტის ფასმა წლის დასაწყისიდან დღემდე ჯამში 2-3 ლარით მოიმატა.
თელავში მდებარე სასაკლაო, შპს „ქართული ხორცის პროდუქტების“ ხელმძღვანელი, სანდრო მეგუთნიშვილი განმარტავს, რომ ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტია, ამის მიზეზი კი ცოცხალი საქონლის ექსპორტზე გაყვანაა. მისი ინფორმაციით, ფერმერებს საქონელი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანში გაჰყავთ. მომატებულია საქონლის ფასიც.
„ყასბები რომ დადიან, ჩადიან დედოფლისწყარომდე, უვლიან სოფლებს, თუმცა, იმ რაოდენობის საქონელს ვეღარ შოულობენ, რაც მაგალითად, წინა წელს. ბოლო პერიოდში ცოცხალი საქონელის მოძიება გაჭირდა“ - განუცხადა „კომერსანტს“ მეგუთნიშვილმა.
ბაზარზე არსებულ რთულ ვითარებას ადასტურებენ სპეციალისტებიც. „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ მეხორცული საქონლის რაოდენობა შემცირებულია.
„ქართულ ხორცზე მოთხოვნა დიდია, თანაც აქტიურად გაჰყავთ აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანში. ექსპორტი ერთხანს შეჩერებული იყო, მაგრამ კვლავ განახლდა და ახლა უცხოურ ბაზრებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადის. სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ქართული პროდუქტის მიმართ მეტი ნდობა გამოიწვია. ამანაც განაპირობა ინტერესი უცხოელების მხრიდან. ადგილობრივ ბაზარზე გაძვირების ტენდენციაა და დეფიციტიც აშკარაა.
ექსპორტის ზრდა კარგია იმ შემთხვევაში, თუკი ფერმერებს მიეცემათ საშუალება და მეხორცული საქონლის მოშენების საშუალება ექნებათ. ჯერჯერობით ამ მხრივ რესურსი მწირია. ჯერ უნდა ვიფიქროთ მეხორცული მიმართულების განვითარებაზე და შემდეგ - ექსპორტზე, რომ ადგილზე არ შეიქმნას დეფიციტი და ქართველი მომხმარებელი არ დაზარალდეს“, - განაცხადა ჭიჭაყუამ.
სურსათის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, ერაყში, საუდის არაბეთსა და სირიაში ხორციელდება. წლების განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი არ გადიოდა, მაგრამ შარშან ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 2008 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ იზრდება. 2008 წელს ქვეყნიდან 584.4 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2016 წელს წელს კი ეს მაჩვენებელი 36,841.6 ათას დოლარამდე გაიზარდა. 2015 წელს კი ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა 20,103.4 ათასი დოლარი შეადგინა.
კიდევ ერთი პრობლემა - წარმოების შემცირებაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ხორცის წარმოება თითქმის 9,6 ათასი ტონით შემცირდა. თუ 2015 წელს ქვეყანაში ხორცის წარმოება იყო 62,1 ათასი ტონა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 52,5 ათასამდე შემცირდა.