ქართული კომპანიების ტენდერებში წახალისება უცხოელებს არ მოეწონათ

ქართული კომპანიების ტენდერებში წახალისება უცხოელებს არ მოეწონათ

სახელმწიფო ტენდერებში ქართული კომპანიებისთვის დაწესებულ შეღავათს საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. სამაგიეროდ, ქვეყნის შიგნით მხარს უჭერს, როგორც ბიზნესი, ასევე მთავრობაც. გადაწყვეტილება, წესით, მალე უნდა იყო მიღებული. სატენდერო პირობები ადგილობრივი ბიზნესის წასახალისებლად იცვლება.

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი კომპანიებისთვის 10%-იანი შეღავათის ამოქმედება ბიზნესასოციაციის წევრმა ლევან სილაგავამ დააანონსა.

ამ  მიმართულებით ბიზნესი სხვადასხვა მოდელებზე მუშაობს. ტენდერებში 4 მლრდ. ლარი იხარჯება, რასაც ძირითადად უცხოური კომპანიები იღებენ, რომლებიც ტენდერებში წინა პლანზე არიან. სილაგავას მიაჩნია, რომ სახელმწიფო სახსრების დიდი ნაწილი სწორედ ქართულ კომპანიებში უნდა დარჩეს. აღნიშნული ფაქტი კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას.

ეს საკითხი ბიზნესასოციაციამ მთავრობასთანაც შეათანხმა და მალე ძალაშიც შევა, მაგრამ უცხოური ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკამაც არ დააყოვნა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებას აკრიტიკებს. როგორც შესყიდვების სფეროში ევრობანკის წარმომადგენელმა ელიზა ნიევიადომსკამ განაცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესს ღია ბაზარი და ფინანსებთან ხელმისაწვდომობა სჭირდება და არა პრივილეგიები.

„ჩემი აზრით, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბაზარი, ვიდრე გარკვეული პროვილეგიები იყოს დაწესებული მათს სასასრგებლოდ. ჩვენი, როგორც ბანკის, მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაიზარდოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც გვაქვს, მაგალითად საქართველოში, როდესაც კონკრეტული ბიზნესები გაიზარდა და ახლა ჩვენ მათ რეგიონულ ბაზრებზე შესვლაში ვეხმარებით.

ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ პრივილეგიების შექმნა ადგილობრივი ბიზნესისთვის, საჭიროა. ისინი თავადაც მოახერხებენ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას საკუთარი შეხედულება აქვს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ერთადერთი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, არის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და გაზრდის შესაძლებობა. ამისთვის კი საჭიროა ღია ბაზარი და არა პრივილეგიები“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ელიზა ნიევიადომსკამ.

მე ვერ დავარქმევ პრივილეგიას ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში 10%-იანი წახალისების დანერგვას - ასეთი პასუხი აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან რაზმაძეს კრიტიკოსების მიმართ. ქართულ კომპანიებს სხვა კომპანიებთან ერთად უწევთ ღია ტენდერში მონაწილეობის მიღება, სადაც აუცილებელი პირობაა ტენდერში გამარჯვება.

„თუ კომპანიამ გაიმარჯვა, იმ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სუბსიდირების სახით კანონზე დაყრდნობით და არა ხელაღებით, ის მიიღებს წახალისებას. ტენდერში გამარჯვება არის უპირობოდ აუცილებელი კრიტერიუმი წახალისების მისაღებად“, - განაცხადა რაზმაძემ.

როგორც „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ აღამსრულებელი დირექტორი ანა საბახტარაშვილი აცხადებს, სავარაუდოდ, საუბარია იმაზე, რომ ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვებენ და გამოიყენებენ ქართულ პროდუქტს, დამატებით თანხას ბიუჯეტიდან მიიღებენ.

მისი განცხადებით, ნებისმიერი ხელშეწყობა, რომელიც ქართული კომპანიებისთვის ამ ეტაპზე დაწესდება, პოზიტიური იქნება. ქართული პროდუქცია  ხარისხით საკმაოდ კონკურენტურიანია, თუმცა წარმოების მასშტაბიდან გამომდინარე, ის კონკურენციას იმპორტირებულს ვერ უწევს.

შეღავათები კი მთავრობა ქართულ კომპანიებს, გარკვეულწილად, წაახალისებს და გამოაჯანსაღებს.

„ქართველ მწარმოებელს შეიძლება იმპორტირებულთან შედარებით უკეთესი ხარისხის მასალა გააჩნდეს, თუმცა, იმის გამო, რომ აქ დიდი რაოდენობების წარმოება არ ხდება, მყიდველი უპირატესობას იმპორტირებულს ანიჭებს. ასეთ პირობებში მთავრობის ეს გადაწყვეტილება დარგს გააჯანსაღებს“, - აცხადებს საბახტარაშვილი.