„ბიტკოინი არის ერთი დიდი აფერა, რომელიც აუცილებლად აფეთქდება“,- მიიჩნევს ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიოს გავლენიანი ადამიანი ჯეიმს დაიმონი.
დაიმონის მსგავსად, ქართველი ექსპერტებიც ბიტკოინს ფინანსური პირამიდის მსგავს თაღლითობად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ბიტკოინი საფრთხის შემცველი აღმოჩნდება.
რამდენად საფუძვლიანია მათი მოსაზრებები, ამის შესახებ For.ge თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა.
ბიტკოინით გატაცება მხოლოდ უცხოელების სენი არ არის. კრიპტოვალუტის პოპულარობა საქართველოში მზარდია. მართლაც მოჰყვება თუ არა მძიმე შედეგები ამ ძლიერ ციფრულ კრიპტოვალუტას საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის?
- ჩემი აზრით, ბიტკოინი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ მას სწორი მიმართულებით გამოვიყენებთ. ბიტკოინი გახლავთ ციფრული ვალუტა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპიუტერული პროგრამების დახმარებით შეიქმნა გარკვეული პროგრამა, რომელიც პირობითად დაიყო ერთეულებად და თითოეული ერთეული ღირს გარკვეული თანხა. მისი ღირებულება ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ყალიბდება და უკვე 3 ათას ამერკულ დოლარს გადააჭარბა, თუმცა მისი ფასი ოდესღაც 8 ცენტიდან დაიწყო. ბიტკოინის ღირებულების ზრდა ძალზე მასშტაბურია.
სხვა კრიპტოვალუტები ასეთი ტემპით რატომ ვერ განვითარდნენ?
- იგივე ტემპებით ვერ განვითარდნენ, რადგან, ბიტკოინის შემთხვევაში, წარმატების საფუძველი გახლდათ მისი დიდი რეკლამა. საკმაო რესურსი ჩაიდო ბიტკოინის გაპიარებაში მსოფლიო მასშტაბით. მართალია, ცალკეულმა ქვეყნებმა ბიტკოინს პრობლემები შეუქმნეს, ჩინეთში იგი აკრძალულია და არის კიდევ სხვა ქვეყნები, სადაც ბიტკოინებს პრობლემები ექმნება, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ისწრაფვის, შემოიღოს ეს ვალუტა. ესტონეთმა დაიწყო ეს პროცესი და სურს, კრიპტოვალუტა საგადამხდელო ერთეულად ჩამოყალიბდეს. ცალკეული კომპანიები ანგარიშსწორებას უკვე ბიტკოინებით იწყებენ. ესტონეთში არის ტაქსის კომპანია, რომელსაც შეგვიძლია, ბიტკოინით გადავუხადოთ მგზავრობის საფასური. თუ არ ვცდები, ბალტიის ავიახაზებმაც მიიღი გადაწყვეტილება მათთან ბიტკოინით ანგარიშსწორების შესაძლებლობის სასარგებლოდ.
ბალტიის ქვეყნებიც მცირეფართობიანია. თუკი საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის რთულ სოციალურ პრობლემებს შექმნის ბიტკოინით გატაცება, ესტონეთს არ ელის პრობლემები?
- ესტონეთი ჩვენზე მცირე ქვეყანაა, მაგრამ გააჩნია, ამ საკითხს ვინ როგორ შეხედავს. სარისკო ის არის, რომ ამ ფულის გაკონტროლება ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, კომპიუტერში შედიხართ თქვენს ფოსტაზე ან ფეისბუკზე, შეგყავთ თქვენი სახელი, პაროლი. ამასთან შედარებით, ბევრად უფრო რთული კომბინაციაა ბიტკოინით სარგებლობა, ძლიერად არის დაცული ბიტკოინის ანგარიში. როგორც ფოსტაზე ვამოწმებთ მეილებს, აქაც თქვენს ანგარიშებს ამოწმებთ, გაქვთ გარკვეული ბიტკოინები, ე.ი. ყიდულობთ მათ და თქვენი შეხედულებისამებრ მართავთ. ბიტკოინების მაღალი დაცულობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, შეაღწიოს თქვენს ანგარიშზე, გაგიკონტროლოთ, რამდენი გაქვთ ბიტკოინი, ან ჩამოგაჭრათ. ამიტომ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ასეთი გაუკონტროლებელი ვალუტის არსებობა ეკონომიკას დააზიანებს, ამავდროულად, კრიმინალს უბიძგებს, რომ შავი ფულის გათეთრება მოხდეს ამ ვალუტაში.
ვთქვათ, ვიღაცამ გაყიდა იარაღი და სურს ამ ფულის გათეთრება, მას შეუძლია, თავისი ფული ჩადოს ბიტკოინებში, რომელიც ელექტრონული ფულია და ამ ფულს ვერავინ ხედავს. რისკი, გარკვეულწილად, არის, თუმცა ოფშორული ზონები არ არის რისკი? ასეთი ზონები ბრიტანეთსაც აქვს, ესპანეთსაც, იაპონიასაც და უამრავ სხვა წარმატებულ ქვეყანას. იგივე რისკია იქაც. ადამიანს შეუძლია კრიმინალური ქმედება ჩაიდინოს, ოფშორულ ზონებში გაათეთროს ფული და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადმორიცხოს, მათ შორის საქართველოშიც.
სხვათა შორის, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თუ ჩავხედავთ, ოფშორული ზონებიდან ძალიან დიდი რაოდენობის თანხა გადმოედინება საქართველოში. შეიძლება, ვიღაცამ ფული კრიმინალური გზითაც იშოვა, მერე ოფშორულ ზონაში გადარიცხა, იქიდან კი საქართველოში განახორციელა ინვესტიცია და დღეს აბსოლუტურად ღია ეკონომიკურ აქტიურობას აწარმოებს. ამაში არის რაღაც მიუღებელიც, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომ ამ ადამიანმა ჩვენს ეკონომიკაში ჩადო ფული და ჩვენს ეკონომიკას ავითარებს, ქმნის სამუშაო ადგილებს, იხდის გადასახადებს. ამიტომ ბიტკოინი იქნება, ოფშორული ზონა თუ სხვა მექანიზმი, ფულის გათეთრების უამრავი მექანიზმი არსებობს, ეს მექანიზმები ყოველთვის არსებობდა. უფრო მეტიც, დღესდღეობით წარმოუდგენელია, ფულის გათეთრება ვიღაცამ ვერ შეძლოს, თუკი ამისი სურვილი გაუჩნდება.
ფაქტია, რომ ჩინეთმა კრიპტოვალუტით ვაჭრობა აკრძალა. მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული ინვესტორი, უდიდესი აქციების მფლობელი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი უორენ ბაფეტი და სხვა ფინანსისტებიც გმობენ ბიტკოინით სარგებლობას. როგორც ჩანს, ეკონომისტებს შორის ერთიანი უარყოფითი აზრია ჩამოყალიბებული.
- ეს იმით არის განპირობებული, რომ აღნიშნული ვალუტა რეალურად არაფრითაა გამყარებული. ეს გახლავთ ელექტრონული ვალუტა, რომლის უკან არც სახელმწიფო დგას, არც ჯარი, არც ეკონომიკა და არც არაფერი მსგავსი, გარდა ინტელექტუალური ცოდნისა და კომპიუტერული აპარატურის. რამდენიმე ქვეყანამ ერთობლივად რომ აკრძალოს ბიტკოინით ვაჭრობა, ანტიპიარი წავიდეს, შესაძლოა, ამ ვალუტის ღირებულება მაშინვე ათასობით დოლარიდან ნულამდე შემცირდეს. ეს არის რეალური რისკი, რატომაც არ შეიძლება ამ ვალუტის ბოლომდე ნდობა. მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბდა ის ფასი, რომელიც დღეს არის, ხვალ კი შეიძლება გამოვიდეს რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი და თქვას, ბიტკოინზე გადასვლას არ გირჩევთ, რადგან მალე მსოფლიოში იგი აიკრძალება. ამან შესაძლოა, მის ფასზე იმოქმედოს და, თუ დღეს თქვენ ერთ ბიტკოინს პირობითად 3 ათას დოლარად იყიდით, ხვალ შეიძლება მისი ფასი 1 დოლარი გახდეს და ამით თქვენ 3 ათასი დოლარი დაკარგოთ.
საქართველოში რამდენად პოპულარულია ბიტკოინით გატაცება?
- საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. თეორიულად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ხდება ბიტკოინების მოპოვება. შესაძლებელია ბიტკოინის პირდაპირი შეძენაც, მაგრამ ალტერნატიული გზაა რომ თქვენ თვითონ იყიდით დანადგარს და ეს დანადგარი გამოგიმუშავებთ ბიტკოინს. ეს დანადგარი საკმაოდ ძვირი ღირს. ეს იგივეა, სახლში დააყენოთ მზის პანელი, რომელიც უფასო ელექტროენერგიას მოგაწვდით. საქართველოში ბიტკოინის „წარმოება“ იგივე „მაინინგი“ ძალიან პოპულარულია.
ამ აპარატის ელექტროენერგიის ხარჯიც საკმაოდ დიდია, ერთი აპარატმა შესაძლოა თვეში დაახლოებით 100-150 ლარის ელექტროენერგია მოიხმაროს და ის საკმაოდ ხმაურიანიცაა. ამის მიუხედავად, ცალსახად ცუდს მე ამ ყველაფერში მაინც ვერ ვხედავ. გარკვეულწილად, ამით ხდება ეკონომიკის სტიმულირება. დავუშვათ, ეს ბიტკოინი გამოიმუშავა ქართველმა ახალგაზრდამ, იყიდა დანადგარი და მიიღო თავისი ბიტკოინი, მან ხომ ფული იშოვა, სხვისთვის ხომ არაფერი წაურთმევია? მერე ეს ახალგაზრდა ამ ფულს გაანაღდებს და თავისთვის სასურველ პროდუქტს შეიძენს. საუკეთესო შემთხვევაში ქართულ ეკონომიკაშიც დააბანედბს.
სოლიდური თანხის მფლობელი ხდება ეს ახალგაზრდა?
- საკმაოდ კარგი ფულის შოვნის საშუალება აქვს იმ პირობებში, თუ სტატუს კვო შენარჩუნდება. ხოლო, თუ ბიტკოინის ფასი დაეცემა, შეიძლება, ამ ბიტკოინის მოპოვებაში მის მიერვე ჩადებული ათასობით დოლარი დაკარგოს. ამიტომ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ბიტკოინი არის სარისკო კაპიტალი და არა გამდიდრების უპირობო შესაძლებლობა.