[გიორგი ბექაური]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია რამდენიმე ათეული სკოლის შემოწმებას იწყებს. გენინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების საქმიანობას შეისწავლის, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს. საატესტატო გამოცდების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ათეული სკოლაც, მათ შორის 190-ე, მე-7, 37-ე და 108-ე საჯარო სკოლები, რომელთა მოსწავლეებმა დაბალი შედეგები აჩვენეს. სამინისტრო ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლებში სწავლება სათანადო დონეზე არ იყო უზრუნველყოფილი.
„სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაცია და ამ რამდენიმე ათეული სკოლის მიერ ნაჩვენები შედეგების თანახმად, დარღვეულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი. ასევე დარღვეულია ყველა მოსწავლის უფლება, მიიღოს სრულყოფილი საშუალო განათლება“, - განაცხადა გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, იმ სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომლებმაც ცუდი აკადემიური მოსწრება აჩვენეს, ადმინისტრაციის და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაევალათ. თუ რომელიმე სამეურვეო საბჭო თავს აარიდებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, თავად სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„გამოცდები ჩატარდა მაღალ დონეზე და მოწონება მოიპოვა არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე. ბევრი ქვეყანა აპირებს და სწავლობს ჩვენს გამოცდილებაზე. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ათეულ სკოლაში, სამწუხაროდ, იყო ნაჩვენები დაბალი მაჩვნებელი, რის გამოც მივმართე თხოვნით ამ სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომ განიხილონ ამ სკოლების ადმინისტრაციების პასუხისმგებლობა. სკოლის დირექტორი არის პასუხისმგებელი სკოლის სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, CAT-ის მოდელის საატესტატო გამოცდები საეთო ჯამში წარმატებულად დასრულდა. 1520 საჯარო და კერძო სკოლაში საგამოცდო პროცესი გამართულად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა. 50 000-მდე მოსწავლემ საკუთარი ცოდნა 8 საგანში გამოსცადა, სამინისტროს ინფორმაციით მათგან 30%-მა მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო 5%-მა საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა.
საატესტატო გამოცდებში სულ 6000 მოსწავლე ჩაიჭრა. ასე რომ, ატესტატის გარეშე სკოლადამთავრებულთა 13% დარჩა.
„ველოდით ასეთ შედეგს, რადგან, მოგეხსენებათ, დამამთავრებელი კლასების სწავლებაში ჯერჯერობით არის ხარვეზი“, - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სოსო გოგილიძე და იმასაც დასძენს, რომ უატესტატოდ დარჩენის გამო, დარეგისტრირებული 34 000 აბიტურიენტიდან 800-900 აბიტურიენტი ვერ შეძლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის გადამწყვეტი გამოცდები, მაგრამ გარკვეულწილად არის ბერკეტი პედაგოგების ხელში. ყველასთვის ცნობილია, რომ დაინტერესება ყველა საგნის შესწავლაზე მაღალ კლასებში პრაქტიკულად არ არის. რეალურად თუ შევხედავთ, ასეთი სიტუაციაა: მე-10-12 კლასებში ბავშვები სწავლობენ იმ საგნებს, რომლის ჩაბარებასაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპირებენ და რა მიმართულებითაც უნდათ უმაღლეს სასწავლებელში სწვალის გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ სწავლობდნენ 4 საგანს, მეორე 4 საგანი კი უგულებელყოფილი იყო“, - აცხადებს გოგილიძე.
სხვათა შორის, გამოცდებამდე არსებული მოლოდინი იმისა, რომ სკოლადამთავრებულთა ყველაზე სუსტი წერტილი საბუნებისმეტყველო საგნები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია იქნებოდა, არ გამართლდა. ჩაჭრილი მოსწავლეები სულ სხვადასხვა საგნებში აღმოჩნდნენ მოუმზადებლები.
აკადემიკოსი ზურაბ ვახანია ამბობს, რომ თუკი ჩატარდებოდა ეს გამოცდები ისე, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი, ანუ საგამოცდო დავალებები სასწავლო სტანდარტების მოთხოვნების ნახევრად მაინც თუ იქნებოდა შესაბამისი, მაშინ ამ გამოცდებს სკოლადამთავრებულების 70% ვერ ჩააბარებდა.
„გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტური დავალებები ძალიან გააადვილა. ამ გაადვილების შემდეგ გახდა შესაძლებელი ის, რომ ძალიან ბევრმა ეს გამოცდები ჩააბარა. აქ მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი რამე, რამაც ტესტიც გააადვილა: მოსწავლეები, რომლებც მოხვდნენ მე-2-3 ცვლაში, მათ წინასწარ იცოდნენ, რა საკითხები იყო ტესტში იმიტომ, რომ სხვებისგან, დილის სესიაზე გასულებისგან იგებდნენ“, - განაცხადა ვახანიამ.