სამყარომ, უფრო სწორად კი ფიფამ, ეგრეც ვერ მოახერხა საუკუნის ფეხბურთელის დასახელება. უფრო სწორად, საინტერნეტო გამოკითხვისა და მსოფლიო ფეხბურთის თავკაცთა აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა და ვერც დაემთხვეოდა. პირველთა რჩეული მარადონა გამოდგა, მეორეთა - პელე.
საქმე ისე წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო: მარადონამ ქოში უკუღმა ჰყარა, პელემ ჩვეული ამაყი სიდინჯე გამოავლინა და ჯილდოც გაიყო.
ამით ჯილდო სასაცილო შეიქნა, ფიფამ კი სრული მოუქნელობა და მოუმზადებლობა გამოამჟღავნა. პელეს რომ ირჩევდა, ფიფა არა მხოლოდ სპორტული მიღწევებით და ნიჭის დაფასებით ხელმძღვანელობდა, არამედ იმითაც, რომ პელე ჯენტლმენური განწყობის კაცია, მარადონა კი უმართავი, უფრო გეტოს მენტალიტეტის ჯეელი.
მაგრამ ფიფას კონსერვატიზმი, ორ დიდ ფეხბურთელს შორის უფრო წესიერი მოქალაქის არჩევას რომ გულისხმობდა, უძლური აღმოჩნდა. მარადონას წესიერება კი არა, ამერიკის პრეზიდენტის უწესობა შეიქნა სალაღობო და გასართობი. ასეთია დღევანდელი მსოფლიო. ოცდაათი წლის წინათ საქმე სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ ის, რაც მაშინ მიუღებელი რამ იყო საზოგადოების თვალში, დღეს უფრო ხშირად გასართობია. ბევრ რამეში ასეა და ძველნი და ახალნი ერთმანეთს „საუკუნის ფეხბურთელის“ საკითხშიც შეეტაკნენ.
შეეტაკნენ და ჯილდოც გაიყო.
სხვაგვარად რომ შევხედოთ, საუკუნის ერთი რჩეულის დასახელებაც არ არის მთლად სწორი რამ. მხოლოდ არასწორი კი არა, სისულელეა. ახლა მეფეების დრო გადავარდნილია. ამიტომაც გამოვიდა ისე, რომ მაინც არ მოხერხდა ერთი მეფის კურთხევა.
რა დროს მეფეებია?
ფეხბურთი ხალხისთვის არის.
ხალხი კი ბევრად ძლიერი და თავისუფალია, ვიდრე ძიები, სოლიდურობას და წესიერებას რომ ქადაგებენ და თავადაც ვერ არიან მთლად სოლიდურნი და წესიერნი. ამიტომ მოხდა, რომ... თორემ ვინ ოხერი იტყვის, მარადონა სანიმუშო კაცია და პელე უწესო კაციაო. უბრალოდ, დღევანდელებს უფრო ის უყვართ, ვინც დღეს იყო, ვინც მათსავით უბრალო და სასაცილოა და ვინც მართლა ზღაპრულად თამაშობდა ფეხბურთს. ამიტომაც ფიფას კომისია უფრო პატარა გამოდგა, ვიდრე ინტერნეტის ხაზებით მოსული შედეგი.
დღეს სამოცი წლის კაცები პოპულარულნი არ არიან, დღეს ორმოცი წლის ჯეელების დროა.
ასეა და ფიფაც ამიტომ გამოჩნდა სასაცილო.