ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციები მცირდება. ამას ენერგოსექტორში მომუშავე ბიზნესმენები არასტაბილური გარემოთი ხსნიან. ერთ-ერთი მიზეზია ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი, რომელიც ხშირად იცვლება. კერძო კომპანიების მფლობელები თვლიან, რომ წარმოებული დენის ღირებულება ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობას არ იძლევა.
დეკემბერში სემეკმა თბოსადგურების ელექტროენერგიის საბალანსო ღირებულება დაიანგარიშა - 1 კვტ/სთ-ზე 14.2 თეთრი. იგივე ტარიფი გავრცელდა დერეგულირებულ სადგურებზეც. მოგვიენებით, ეს წესი შეიცვალა და 1 აპრილიდან დერეგულირებული ჰესების ელექტროენერგიის საბალანსო ღირებულება შემცირდა და 9 თეთრამდე ჩამოვიდა. ასეთი მაქსიმალური ტარიფი აქვთ რეგულირებად ჰესებს. როგორც ჩანს, ეს ძალიან არ მოეწონათ იმ ენერგოსადგურების მეპატრონეებს, რომლებიც აქამდე დენს საკმაოდ ძვირად ყიდდნენ საქართველოს ფარგლებშივე. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მათ უკმაყოფილება ღიად დააფიქსირეს.
კომპანია “ენერჯი სოლუშენის” ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ ღამეში ტარიფი ისე შეიცვალა, რომ არავინ ამის შესახებ არ იცოდა. “შუა წელიწადში ამ ცვლილებამ მთლიანად ამოგვაგდო ჯანსაღი სტრუქტურიდან. ვეღარ ვახერხებდით საკუთარი სესხის დაფინანსებას იმ ტარიფზე, რომელზეც ჩამოიწია“, - განაცხადა აბრამიშვილმა.
ენერგეტიკის სამინისტრომ ინვესტორებს პასუხი არ დაუგვიანა. როგორც მინისტრის მოადგილემ თორნიკე რიჟვაძემ “საქმის კურსს” განუცხადა, ერთ დღეში კერძო სექტორისთვის წესები არ იცვლება და სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კომუნიკაციას მაქსიმალურად ცდილობს.
“ერთ დღეში წესები არ იცვლება. ეს ცოტა უტრირებული ნათქვამია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დაინტერსებული მხარეები, ნებისმიერი ცვლილების პროცესში - წესებსა თუ სხვა ნორმატიულ აქტებში, აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მაგრამ ის ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს, ბუნებრივია განხორციელდება. ეს დინამიური პროცესია”, - განაცხადა რიჟვაძემ.
მისივე თქმით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის შემდგომ საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ მთელი რიგი ახალი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდეს. “ეს მიმდინარეობს და ძალიან მალე გვექნება ახალი კანონი, როგორც ელექტროენერგეტიკის ბაზარზე, ისე გაზის კუთხით”, - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო მართალია ხდილობს სექტორში ინვესტიციები მოიზიდოს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი სასურველიდან ძლიერ შორსაა. 2017 წლის პირველ ექვს თვეში ენერგეტიკაში 25.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75.1 აშშ დოლარი) დაახლოებით სამჯერ ჩამორჩება. კაპიტალდაბანდების კუთხით კი არც შარშანდელი წელი იყო სახარბიელო.
აბრამიშვილი კი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არასტაბილურობის შეგრძნებაა.
“ერთ-ერთი მთავარი და ჩვენთვის, ინვესტორებისთვის მტკივნეული არის არასტაბილურობის შეგრძნება. ჩვენ ვერ დავდებთ ბრალს მთავრობას იმაში, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მოტივირებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობას, გასაჯაროებას და წინასწარ კონსულტაციებს რაც შეეხება, აქ ცოტათი მოვიკოჭლებთ“, - განაცხადა აბრამიშვილმა.