[მანანა ნოზაძე]
მსახიობი გოგა პიპინაშილი მოითხოვს, ფილმ „გარიგება“-ში მის მიერ განსახიერებული მიტოს როლის ფოტოსურათი „გარიგება-2“-ის კინოკადრიდან ამოიღონ. იგი „გარიგება 2“- ის რეჟისორ ზაზა კოლელიშვილს მორალური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
„საქართველოში არსებობენ ვაი პროდიუსერები. ისინი იბრალებენ, რომ არიან ამა თუ იმ შემოქმედებითი ჯგუფის პროდიუსერები თუ ხელმძღვანელები. ვფიქრობ, რომ მათ პროფესიული მიდგომა უფრო მაღალ ხარისხში უნდა ჰქონდეს. მე ბატონი პროდიუსერი, გაფრთხილებული მყავდა, რომ ფილმთან მე და ჩემი სამსახიობო კარიერა არანაირ კავშირში არ უნდა ვყოფილიყავით და ამის პირობა მისგან მიღებული მქონდა. მას არ შეუძლია მაღალი ხარისხის ფილმის შექმნა და შენარჩუნება“, - განაცხადა პიპინაშვილმა.
საინტერესოა, რომ თავის დროზე „გარიგება 2“-ში გოგა პიპინაშვილმა აღარ ითამაშა. მის ნაცვლად მიტოს როლი ფილმის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა მოირგო. გოგა პიპინაშვილის თქმით, მას დიდი ანაზღაურება შესთავაზეს ფილმში სათამაშოდ, თუმცა ის სცენარის გაცნობის შემდეგ არ დათანხმდა, რადგან სცენარი მისთვის უინტერესო იყო. „გარიგება 2“-ის გამოსვლის შემდეგ, გოგა პიპინაშვილი აცხადებდა, რომ ფილმის სანახავად ვერ მოიცალა და არც აინტერესებდა.
„ადამიანური, მეგობრული პოზიციებიდან დამაიმედეს, თვითონ დავით ბეჟიტაშვილი შემპირდა, – ეს ფილმი თქვენ არ შეგეხებათო. არადა, ფილმის გამოსვლის დღიდან მეხება. ნაცნობები, უცნობები, შემთხვევით ქუჩაში შემხვედრი ადამიანები მეკითხებიან, რატომ არ თამაშობ, რა მოხდაო?“ - აცხადებდა თავის დროზე პიპინაშვილი.
ცნობილია, რომ მსახიობ და რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის მიერ ახლახანს გადაღებულ „გარიგება 2“-ში გოგა პიპინაშვილი არ თამაშობს. ამის მიუხედავად, 20 წლის წინ გადაღებული „გარიგება“-დან გოგა პიპინაშვილის რეკვიზიტი ბოლო სურათში მაინც გამოიყენეს.
გოგა პიპინაშვილი მისი რეკვიზიტების გამოყენებას აპროტესტებს. ამჯერად, მისი პრეტენზია „გარიგება 2“-ის პროდიუსერისკენ არის მიმართული. პიპინაშვილის რეაქცია კატეგორიულია: „თუ ჩემს სურათს არ ამოიღებენ და ამას არ გააკეთებენ, მიჩუქნია ყველა ფოტო, მათ შორის, ბავშვობისდროინდელ ფოტოებსაც მივცემ“.
ამასთან, მსახიობი პროდიუსერის არაპროფესიონალიზმსაც შეეხო: „როცა საქართველოში არსებობენ ვაიპროდიუსერები, მათ მიმართ მიდგომა უფრო სერიოზული უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა პიპინაშვილმა.
რეჟისორისა და მსახიობის ზაზა კოლელიშვილის მეუღლე ნათია კოლელიშვილი, რომელიც ამავდროულად, ფილმის სცენარის ავტორია, აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია, ამდენი ხნის შემდეგ რატომ გახდა ეს თემა გოგა პიპინაშვილისთვის აქტუალური.
„სურათი „რუსთავი-2“-ზე სამჯერ გავიდა, მარტო 60-ჯერ კინოთეატრებში იტრიალა, გარდა ამისა, მოსახლეობას აქვს შეძენილი ფილმის დივიდი-დისკები. ამდენად, ახლა გოგა პიპინაშვილის რეკვიზიტის ამოღებას არანაირი აზრი არ აქვს,“ - აცხადებს ნათია კოლელიშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას.
მისი თქმით, გოგა პიპინაშვილის პრეტენზია მისთვის იმ შემთხვევაში იქნებოდა გასაგები, თუ იგი პრემიერისთანავე, პირველ, მეორე ან მესამე დღეს გამოთქვამდა საკუთარ აზრს.
„პირადად ჩვენ სამონტაჟოში ამ ფილმის დაბრუნებას არ ვაპირებთ. თუ თვითონ გადაიხდის სამონტაჟოსთვის განსაზღვრულ თანხებს, მისი ნებაა“.
მომხდარის მიუხედავად, ზაზა კოლელიშვილის მეუღლე აცხადებს, რომ გოგა პიპინაშვილი საინტერესო მსახიობია. ამდენად, იგი არ გამორიცხავს, რომ მისმა მეუღლემ ამ გაუგებრობის შემდეგაც მიიწვიოს იგი ფილმში სათამაშოდ.
ნათია კოლელიშვილის თქმით, მისი მეუღლე და გოგა პიპინაშვილი მეგობრები არიან, ხოლო თავად იგი გოგა პიპინაშვილის თანაკურსელია. თავად ფილმის რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. უბრალოდ, იგი აცხადებს, რომ საავტორო უფლებები არ დაურღვევია.
პრესაგე.ტვ ესაუბრა „გარიგება 2“-ის პროდიუსერ დავით ბეჟიტაშვილს, რომელიც გოგა პიპინაშვილის პრეტენზიის ადრესატია. პროდიუსერი აცხადებს, რომ ადრინდელი ფილმის რეკვიზიტების გამოყენება მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და ეს გოგა პიპინაშვილს, როგორც ცნობილ მსახიობს, უნდა სცოდნოდა.
„მისი ფოტო არ გამოგვიყენებია, არამედ დავდეთ მისი რეკვიზიტი პირველი სერიიდან. ეს გახლდათ მის მიერ განსახიერებული გმირის, მიტოს ფოტო. აქვე მინდა გითხრათ, რომ, ამ ფილმის საავტორო უფლებები, როგორც პირველი, ისე მეორე სერიის, ეკუთვნის კინოსტუდია „გარიგებას“. შესაბამისად, სამომავლოდ თუ რამე შეკითხვები ექნება ბატონ გოგას, უნდა მიმართოს კინოსტუდია „გარიგებას“. თუმცა, როდესაც ორივე სერიის მფლობელი არის კონკრეტული პიროვნება, ან კინოსტუდია, ასეთივე წარმატებით შეგვეძლო ჩვენ პირველი სერიიდან რაიმე ნაწყვეტის გამოყენება. ეს აპრობირებული მეთოდია.
საერთოდ, გაოცებული ვარ, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან ნახევარი წლის შემდეგ. ვფიქრობ, ეს უფრო პიარს ჰგავს და მაყურებლისთვის საკუთარი პერსონის შეხსენებას. ამჯერად, როგორც ჩანს, ისევ „გარიგებას“ იყენებს და ეს მხოლოდამხოლოდ „გარიგების“ პოპულარობაზე მეტყველებს.
თქვენი შემდგომი მოქმედებები როგორი იქნება?
- ის უდაოდ ძალიან ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ, ასევე, უდავოა ის ფაქტიც, რომ იგი ფართო მაყურებლისთვის სწორედ ზაზა კოლელიშვილის ფილმით „გარიგება“ გახდა პოპულარული. ასევე, იგი პოპულარულია შესანიშნავი საკონცერტო პროგრამით - „იუმორინა“. ასე რომ, მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ - უფრო „იუმორინას“ ჟანრში იყო თქმული.
როგორ გგონიათ, სასამართლომდე მივა საქმე?
- მერწმუნეთ, საამისოდ არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ფილმი ყველანაირი საავტორო უფლებების დაცვით იყო გაკეთებული .
აპირებთ, მას უშუალოდ დაელაპარაკოთ?
- არა, მე, როგორც ამ ფილმის პროდიუსერი, ბოლოჯერ ვიძლევი კომენტარს, რადგან ამ ფილმის ყველა უფლება კინოსტუდია „გარიგებას“ გადაეცა.
რატომ შეარჩიეთ სწორედ მისი რეკვიზიტი? რამდენად გამართლებულია ერთ-ერთ კინოკადრში გოგა პიპინაშვილის სურათის დადება, მაშინ, როცა ის მეორე სურათში არ მონაწილეობდა?
- ეს არ იყო მისი ფოტო, არამედ რეკვიზიტი პირველი სერიიდან. პირველ სერიაში ის მონაწილეობდა, ეს იყო მის მიერ განსახიერებული გმირის ფოტო, რაც მისი საკუთრება არ არის. ჩვენ ხომ არ დაგვიდია დღესდღეობით სადმე, ქუჩაში, რესტორანში გადაღებული მისი ფოტოები? ეს იყო მისი გმირის 20 წლის წინანდელი ფოტო.
იგი სურათში რომ აღარ მონაწილეობდა, მაინც დასაშვებად ჩათვალეთ ამ რეკვიზიტის გამოყენება?
- რა თქმა უნდა. განა ჩვენ არ შეგვეძლო მეორე სერიაში გამოგვეყენებინა თუნდაც ნაწყვეტი პირველი სერიიდან? მიკვირს კიდევაც, რომ ისეთმა პროფესიონალმა ადამიანმა, როგორც გოგა პიპინაშვილა, ეს არ იცის.