სავალუტო ბაზარზე სრულიად გაუგებარი ვითარებაა შექმნილი. ლარი დიდი სისწრაფით უფასურდება მაშინ, როდესაც არანაირი გარე თუ შიდა ფაქტორი ამის საფუძველს არ იძლევა. პირიქით, ვითარება სწორედ ლარის სასარგებლოდაა. დოლარი სუსტდება, რეგიონში სტაბილური სიტუაციაა, უცხოური ვალუტის შემოდინება მაღალია, ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად იზრდება, ხოლო ბიუჯეტი თანაბრად იხარჯება. მაშინ, რა ემართება მოახლოებული არჩევნების წინ ეროვნულ ვალუტას?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებას რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირებს. მათ შორისაა, სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 2.50-იან ნიშნულზეა დაგეგმილი. შესაბამისად, მთავრობა და ეროვნული ბანკი შეეცდებიან ლარს მიმართულება ამ ნიშნულისკენ მისცენ.
„თუ ამ ნიშნულს არ დაიჭერენ, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემები შეექმნება. ამას კი ხელისუფლება თავს აარიდებს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც წინ არჩევნები გვაქვს“, - აცხადებს ჭარაია და დასძენს, რომ თანდათან ტურისტული სეზონი უკვე სრულდება, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი რაოდენობით საგარეო ვალდებულები გააჩნია, ეს კი უარყოფითად აისახება ლარზე, რადგან საგარეო ვალდებულებების მომსახურება დოლარში ხორციელდება. „კომპლექსურად, თუ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, ეს არის სწორედ გაუფასურების მიზეზი“, - აცხადებს ჭარაია.
ბანკების ასოციაციის დირექტორი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება არ მომდინარეობს ეკონომიკური ფაქტორებიდან და მეტწილად არასწორ მოლოდინს უკავშირდება.
“ის, რაც დღეს სავალუტო კურსთან დაკავშირებით ხდება, არის სწორედ ამ არასწორი, პირობითად ტრანსფორმირებული მოლოდინის შედეგად წარმოქმნილი აჟიოტაჟი. ადამიანები, მათ შორის მეწარმე პირების ნაწილი, ყიდულობენ უცხოურ ვალუტას იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ მომენტში მათ ეს სჭირდებათ თუ არა.
სამწუხაროდ, ამ ცრუ მოლოდინის შედეგად, ადამიანები არათუ რაიმე სარგებელს იღებენ, არამედ ხშირად არცთუ უმნიშვნელო ზარალს ნახულობენ. როდესაც ვალუტის გაუფასურებაზე არანაირი, პირველ რიგში, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არ მოქმედებს, კურსი სწრაფადვე უბრუნდება წონასწორობის ნიშნულს, რადგან გაცვლითი კურსი აშკარად გასცდა იმ ზღვარს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს და დღეს სწორედ ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი. შესაბამისად, კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ”, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დაახლოებით 4 პროცენტით გაუფასურდა. ეს პროცესი კი განსაკუთრებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში შეინიშნება. „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი ეროვნული ვალუტის ვარდნის პროცესს სეზონურ გაუფასურებას და ეროვნული ვალუტის მიმართ არსებულ მოლოდინს უკავშირებს.
„ბოლო 3 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ მერყევია. ვალუტის გაუფასურება განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდს ახასიათებს, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კი გამყარების მოლოდინი არსებობს“, - განუცხადა “კომერსანტს” ადეიშვილმა.
მართალია, ლარის კურსის პროგნოზი ამ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, გაცვლითი კურსი გარკვეულ პერიოდში დასტაბილურდება.