ყურძენი ბევრია, მყიდველი ჯერ პასიურია

ყურძენი ბევრია, მყიდველი ჯერ პასიურია

კახეთში რთველი დაიწყო, მაგრამ ოფიციალური პირები და გლეხები სხვადასხვა პათოსით საუბრობენ. ღვინის ეროვნული სააგენტოში ამტკიცებენ, რომ წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება და კერძო სექტორიდან დაინტერესება დიდია, გლეხები კი იმას ჩივიან, რომ უამინდობამ მოსავალი გააფუჭა, ამიტომაც მყიდველი პასიურია.

წელს მთავრობამ რთველისთვის სუბსიდია აღარ გაიმეტა.  მიუხედავად ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ამტიცებს, რომ გლეხებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ და ფასიც მათთვის მისაღები იქნება.

იმ შემთხვევაში თუ ყურძენს კერძო სექტორი არ ჩაიბარებს, საქმეში სახელმწიფო საწარმოები ჩაერთვებიან.

“გლეხი ყველა ვარიანტში ჩააბარებს ყურძენს ან კერძო სექტორს ან სახელმწიფო საწარმოს.  ყურძენზე გაზრდილი მოთხოვნაა კერძო სექტორის მხრიდან, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ კერძო სექტორმა არ ჩაიბარა, მაშინ სახელმწიფო ჩაიბარებს.

რაც შეეხება ფასებს, რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო 70 თეთრად მიიღებს, თუმცა იმედი გვაქვს, კერძო სექტორი ამას კიდევ უფრო მაღალ ფასად გააკეთებს“, - განაცხადა სამანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წელს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია ინდუსტრიულად 150 000 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს.  შესაბამისად, წლევანდელი რთველი წარმატებული იქნება.

„ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში, როცა ბევრ სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას პრობლემა შეექმნა, ყურძნის საკმაოდ უხვი მოსავალი გვაქვს. ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში, გაზრდილმა ექსპორტმა. წელს ამ მიმართულებითაც რეკორდულ მაჩვენებლს ველოდებით“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ისევე როგორც გიორგი სამანიშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორი მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ ყურძენი შეიძინოს.  ამიტომაც მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.

სხვაგვარ რეალობასთან უწევთ თვალის გასწორება კახელ გლეხებს. ისინი მოსავლის მოკრეფას არ ჩქარობენ, რადგან ყურძნის გაყიდვას ჯერ ვერ ახერხებენ. ფერმერები შიშობენ, რომ ძლიერი გვალვა, რომელმაც მოსავალი ისედაც უკვე ძალიან დააზიანა, გაჭიანურებული რთველის გამო ყურძენს კიდევ უფრო გააფუჭებს

სიღნაღის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ გასულ წლებში ამ დროს, მათ უკვე ჰყავდათ გარანტირებული მყიდველი, რომელსაც მოსავალი მოკრეფისთანავე მიჰქონდათ. წელს კი ყურძნის ყიდვის სურვილს აქამდე არავინ გამოთქვამს.

„რთველი კარზე მოგვადგა და მყიდველი არავინაა. ამ დროს სოფლები სავსეა ხოლმე კლიენტებით, მოდიან და წინასწარ გვითანხმდებიან ფასზე, ყურძნის მოცულობაზე. გვალვამ მოსავალი ისე გაგვიფუჭა, რომ ვიღას ენდომება? თუ სახელმწიფოც არ ჩაიბარებს, სად წავიღო ამდენი ყურძენი?  გვალვის გამო მარცვალი არ დამსხვილდა, თორემ ისე ბევრია.  ჩვენ მხარეს სეტყვა არ ყოფილა. რომ დავწურო, ღვინოსაც არ ჰყავს კლიენტი“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სიღნაღის რაიონში მცხოვრებმა ბესო მათეშვილმა.

წელს ყურძნის სუბსიდირებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. 2017 წლის რთველზე კახეთის რეგიონში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება აღარ გაიცემა. თანადაფინანსება შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე 2 ლარის ოდენობით.