ცოტნე ანანიძის მშობლები ბათუმელ პოლიტიკოსებს გაჩუმებას სთხოვენ

ცოტნე ანანიძის მშობლები ბათუმელ პოლიტიკოსებს გაჩუმებას სთხოვენ

[ნინო მიქიაშვილი]

„სახალხო კრების“ ბათუმის კომიტეტის ერთ-ერთი წევრის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ტელევიზიის ბლოკირების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ცოტნე ანანიძის მშობლები ბათუმელ პოლიტიკოსებს სიტუაციის შესაძლო გამწვავების გამო, გაჩუმებას სთხოვენ.

ამის შესახებ „ობიექტივს“ „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ განუცხადა, რომელიც 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა. იმ დღეს 23 წლის ცოტნე ანანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„ობიექტივი“ ასევე ესაუბრა „სახალხო კრების“ კოორდინატორს აჭარა-გურიაში, მანანა სალუქვაძეს, რომლის თქმითაც სპეცრამზელებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს ცოტნე ანანიძე მასთან ერთად იყო - ტელევიზიის ბლოკირებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც პოლიციისთვის გაუწევია წინააღმდეგობა.

„ლეიბორისტი“ დავით რობაქიძე ამბობს, რომ ცოტნე ანანიძეს ბრალი არ უღიარებია და ამ ეტაპზე, არც საპროცესო შეთანხმებაზე მიუცია თანხმობა.

დავით რობაქიძე: პროცესზე ცოტნეს ბრალი არ უღიარებია. მოსამართლის დასმულ კითხვაზე, უნდოდათ თუ არა საპროცესო შეთანხმება? ამ ეტაპზე უარი განაცხადეს. მას სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, ბრალდების მხარის ინიციატივით, 18 ივლისს, ანანიძის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 18-მდე კიდევ ერთი პროცესია - 1 ივლისს იმ 7 ბიჭის სასამართლო პროცესი იწყება, რომლებსაც ტელევიზიის ბლოკირებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ორთვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

იყვნენ თუ არა პროცესზე ცოტნე ანანიძის ოჯახის წევრები?

- ცოტნე ანანიძის ოჯახის წევრები პროცესზე იმყოფებოდნენ.

რამდენად სწორია ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ ისინი ერიდებიან კონტაქტს, როგორც ჟურნალისტებთან, ისე სხვებთან?

- მართალი ხართ, ისინი უარს ამბობენ კონტაქტზე. მათი კატეგორიული თხოვნა იყო, რომ ვინც იქ ვიყავით (პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ცოტნე ანანიძის მეგობრები) განცხადებებისგან თავი შეგვეკავებინა, სიტუაცია, რომ არ გამწვავებულიყო. მათ სჯერათ და სწამთ იმის, რომ თუ გაჩერდებიან და პირში წყალს ჩაიგუბებენ, ამით ცოტნე ანანიძეს რაღაცით დაეხმარებიან.

იქვე ვუთხარი და ახლაც ვიმეორებ - საქართველოს მოსახლეობამ სიმართლე უნდა გაიგოს, გაჩუმებითა და პირში წყლის ჩაგუბებით, ვერც ამ ადამიანს ვუშველით და ვერც სხვებს. დღეის მონაცემებით ბათუმში 8 ადამიანს, რვა პირტიტველა ბიჭს ელის დიდი სასჯელები. ასეთ დროს პირში წყალჩაგუბებული დგომა დანაშაულია, როგორც ამ ბიჭების, ისე ქვეყნის წინაშე.

ცოტნე ანანიძეს მოხუცი დედა ჰყავს ცუდადო...

- მოხუცებული ადამიანია, უნერვიულია და ცუდად არის, წნევები აქვსო, ასე გავიგე, მაგრამ იმ 7 დაპატიმრებული ბიჭის ოჯახების მდგომარეობაც არანაკლებ მძიმეა.

„ობიექტივთან“ საუბრისას „სახალხო კრების“ კოორდინატორი, მანანა სალუქვაძე აცხადებს, რომ ცოტნე ანანიძე მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტივობის გამო დააპატიმრეს.

თქვენი ინფორმაციით, აპირებს თუ არა ცოტნე ანანიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რა დროსაც ბრალის აღიარება ხდება?

მანანა სალუქვაძე: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა უნდა აღიაროს? არჩადენილი დანაშაული?!  თამამად და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ცოტნეს ბრალი არანაირ ქმედებაში არ მიუძღვის. ის დააპატიმრეს მისი იდეებისა და პოზიციის გამო. 21 მაისს გამართული აქციის დრო მე იქ ვიყავი, როცა ერას მოედნიდან აჭარის ტელევიზიასთან გადავინაცვლეთ. ცოტნეს სთხოვეს შესულიყო შიგნით და განცხადება შეეტანა. რაღაც მომენტში, მე და ცოტნე გვერდით გავედით, ეზოში, ცოტა მოშორებით - მე თბილისში უნდა დამერეკა, ცოტნე ჩემს გვერდზე იყო. ზუსტად მაშინ შემოცვივდნენ იქ სპეცრაზმელები.

რაც შეეხება საპროცესო გარიგებას - მის ოჯახს ამ საკითხთან მიმართებაში როგორი პოზიცია აქვს, ეს არ ვიცი. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ცოტნე ძალიან პრინციპული ადამიანია. პირადად ჩემთან აქვს ნათქვამი - „მე ყველაფერს გავუძლებ, ერთადერთი დედაჩემის ჯანმრთელობა მაწუხებს ძალიანო“. წარმოიდგინეთ, ცოტნე 23 წლისაა, ნაბოლარა შვილია, მას მშობლები და სამი უფროსი და ჰყავს.

შეიძლება ოჯახი რაღაცას ცდილობს, მაგრამ ცოტნეს, რომელიც ჩამოყალიბებული, უზომოდ განათლებული და დღევანდელი ახალგაზრდებისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია, არაფერი აქვს ასაღიარებელი. ვიმეორებ - ერთადერთი, რაც ამ ბიჭს აღელვებს, არის დედამისის ჯანმრთელობა.

თქვენი ინფორმაციით, მასზე ხორციელდებოდა თუ არა ზეწოლა დაკავების შემდეგ?

- მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი ის, რომ 16-ში, როცა ის პროკურატურაში დაკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს, ხელი სტაცეს და წაიყვანეს, სადაც ჯერ არსს. საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე ოჯახი გირაოს ითხოვდა, მაგრამ უარი უთხრეს. სად გაიქცეოდა და რა ბოროტმოქმედებას ჩაიდენდა, ეს არაჩვეულებრივი ადამიანი?!

სწორედ იმიტომ მოხვიეს ამ ბავშვს ხელი და კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი და ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს, რომ არ უნდათ აქეთა მხარეს იყვნენ ძლიერი და ჯანსაღი ადამიანები.

რას საქმიანობდა დაკავებამდე ცოტნე ანანიძე, გარდა იმისა, რომ „სახალხო კრებაში“ იყო გაერთიანებული?

- მას ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ახლა მაგისტრატურაში სწავლობს და პარალელურად, წიგნებზე მუშაობს. ძალიან იდეური ადამიანია, საოცრად მომზადებული. არ არის გაზულუქებული ოჯახის შვილი - ოჯახი ჰყავს ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში. თავად ბათუმში, დასთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

21 გამართულ აქცია ცოტნეს მიჰყვდა, ისევე, როგორც თითქმის, ყველა ბრიფინგი. სულ ტვ25-ზე იყო, რადგან ეს ის ადამიანია, რომელმაც იცის ლაპარაკი, ენა უჭრის, ტვინი უჭრის, გონება უჭრის. მას ბათუმში ძალიან ბევრი იცნობს, როგორც პოზიციიდან, ასევე ოპოზიციიდან და ამ ბიჭზე აუგი არავის უთქვამს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოტნეს ეს რეპრესიები რაღაცნაირად არ შეეხებოდა.

როგორც კერძო საუბრებიდან ვიცი, ცოტნეს პოლიტიკაში ჩართვას მშობლები დადებითად არ უყურებდნენ, მაგრამ მას ჰქონდა და აქვს თავისი პირადი პოზიცია. ამასთან, რასაკვირველია, ჰყავს მშობლები, დები და ყველას ანგარიშს უწევს. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ძალიან პრინციპულია და ყველანაირად თავის სიმაღლეზე იქნება. მეამაყება, რომ ცოტნე ჩემი უმცროსი მეგობარია და მეამაყება, რომ ვიცნობ.