[მანანა ნოზაძე]
სომხური პრესა მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, გარეგინ მეორეს საქართველოში ფეხიც არ დაედგა. უკმაყოფილო სომხებს საქართველოში მათი პატრიარქის ვიზიტის ყველა დეტალში საეჭვო ნიუანსები შეუნიშნავთ. გარეგინ მეორემ ქართულ მიწაზე ფეხი შემოდგა თუ არა, სომხურმა მედიამ შეამჩნია, ქართველმა და სომეხმა პატრიარქებმა ერთმანეთს მხოლოდ ხელი ჩამოართვეს და რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლნენო. ამასთან, სომხებმა დააფიქსირეს - „მიუხედავად იმისა, რომ ორივე იერარქი რუსულ ენას ფლობდა, ისინი მაინც თარჯიმნის საშუალებით ურთიერთობდნენ“.
სომხური მედიის ეჭვი უფრო შორს წავიდა. მათ ისიც არ მოეწონათ, რომ გარეგინ მეორე საქართველოს პატრიარქის თანხლებით გაემგზავრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივ სომხებთან შესახვედრად. Armenia Today-მ მყისვე „კომპეტენტურად“ დაასკვნა: ცხადია, ილია მეორის თანხლება იმისთვის გახდა საჭირო, რომ გარეგინ მეორე მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რათა ჯავახეთში ზედმეტი სიტყვა არ თქმულიყო.
როგორც ჩანს, ჩვენი სამხრეთელი მეზობლები მოელოდნენ, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა იმდენად ბედოვლათური იქნებოდა, რომ სომხურად გასაღებულ ქართულ ძეგლებს ხონჩით მიართმევდნენ. ამიტომაც უწოდეს მათი პატრიარქის საქართველოში ვიზიტს „ჩაფლავებული“.
ისიც საინტერესოა, თუ ისტორიული სიმართლე სომხების მხარესაა, რატომ არ აწყობთ სომხებს მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა, რომლებიც სადაო ეკლესიების კუთვნილებას დაადგენენ? თავიდანვე წაგებულად რატომ თვლიან თავს, როცა საქართველოს პატრიარქმა მათ მეცნიერებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნა შესთავაზა?
აი, რას ვკითხულობთ სომხურ მედიასაშუალებებში: „საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ მზად არის სწავლულთა კომისია ჩამოაყალიბოს, რომლებიც ორივე მხარის სადაო ფაქტებს შეისწავლიან. გარეგინ მეორემ ეს საკითხიც წააგო, როცა განაცხადა, რომ სომხური მხარე დათანხმდა სომხეთში კომისიის შექმნას, რომელიც სომხეთში ქართული ეკლესიების გადაცემის საკითხს განიხილავს“.
სომხური პრესა, ისევე, როგორც მათი პატრიარქი, დაჟინებით მოითხოვს 5 ეკლესიის მათთვის გადაცემას. რაც შეეხება ქართული მხარის მიერ მოთხოვნილ, სომხეთში მდებარე შუა საუკუნეების ისტორიულ ძეგლებს - ახტალასა და ქობაირში, სომხების თქმით, თურმე სომხური დინასტიის წარმომადგენლებმა ააშენეს, რომლებმაც მართლმადიდებლობა მიიღეს. მოკლედ, მართლმადიდებელ ქართველებს ეკლესიები იმიტომ აუგიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სომხებისთვის გადაელოცათ?!
ქართველი ისტორიკოსების თქმით, სომხებისთვის ქართული ნამონასტრალის ქვები საუკეთესო სამშენებლო მასალა ყოფილა. ისტორიული პარალელები მეტად საცნაურია. წინათ სომხები საქართველოში მტრის შემოჭრით სარგებლობდნენ და სწორედ მაშინ იგდებდნენ ხელთ ქართულ ეკლესიებს. მოგვიანებით კი, ყველაფერი მათ მარიფათზე იყო დამოკიდებული - ისინი ქართულ ქვებსა და წარწერებს ანადგურებდნენ.
1990 წელს მარნეულის რაიონის სოფელ ახკერფში ქართული პოლიციის ბატალიონი გენერალ გელა ლანჩავას მეთაურობით იდგა. ლანჩავამ ინფორმაცია მიიღო, უცნობი მამაკაცი ყოველ დილით სოფლის ახლოს მდებარე ძველ ქართულ ბაზილიკაში ზურგჩანთით მიდის და საღამომდე რჩებაო. მართლაც, გელა ლანჩავას უნახავს, რომ სომეხ მამაკაცს ქართული ბაზილიკის საძირკველი გაუთხრია, თხრილში ჩამდგარა და საძირკველში მდებარე ქვემოდან მესამე ქვაზე სომხურ საამშენებლო წარწერას კვეთდა. მოხუც ქართველს შეუჩივლია ლანჩავასთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, სომხები ხშირად სომხურ წარწერებს ტვიფრავენო.
უფრო ადრე ასეთივე ისტორიას გადმოსცემდა მეცნიერი მიხეილ თამარაშვილი: „გასული საუკუნის 80-იან წლებში გახმაურდა ერთი ამბავი. თურმე თბილისის ნერსესიანის სემინარიის მოწაფეები პედაგოგებს შაბათ-კვირას თბილისის ახლო-მახლო მიდამოებში, ვითომ, ისტორიულ ძეგლთა დასათვალიერებლად მიჰყავდათ, სინამდვილეში, ქართულ ეკლესიებზე წარწერილ ეპიგრაფიკის ნიმუშებს ანადგურებდნენ“.
სხვათაშორის, სომეხ კათოლიკეებს თავის დროზე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიების მისაკუთრებაც უცდიათ, რაც კათოლიკე მიხეილ თამარაშვილს 1904 წელს გაუპროტესტებია.
ქართული ეკლესიების თვითმყოფადობაზე საუბრობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი ბონდო არველაძე, რომელსაც სომეხ მეცნიერთა „თავხედობის ტემპი“ აოგნებს. არველაძე ქართული ეკლესიების სომხებისგან მისაკუთრებას ისტორიის გაყალბების მცდელობად მიიჩნევს.
სხვათაშორის, სულ ახლახანს სომხური მედია ამ ქართველ მეცნიერსაც გადასწვდა და ირონიით აღნიშნა: „ბონდო არველაძემ ისიც კი გაბედა, რომ გარეგინ მეორეზე განაცხადა, „ერთადერთი, რაც გარეგინ მეორემ საქრთველოში უნდა გააკეთოს, ეს ქართველი ხალხისთვის პატიების თხოვნაა იმის გამო, რაც აფხაზეთში ბაგრამიანის სომხურმა ბატალიონმა ჩაიდინა“.
„1995 წელს ერევანში სომხურ ენაზე დაიბეჭდა რუკა-ცნობარი „სომხური ეკლესიები საქართველოში“. მისი ავტორი გახლდათ სამოველ კარაპეტიანი, სომხური ხელოვნების ისტორიის მკვლევარი. იგი ამტკიცებდა, რომ საქართველოში 650-მდე სომხური ეკლესიაა. რუკა-ცნობარის ელვისებური გამოცემის მიზეზი 1995 წლის გაზაფხულზე თბილისში ახალშენის (ნორაშენის) ეკლესიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გახლდათ, როცა დელეგაციაც კი გვეწვია ეჩმიაძინიდან. მაშინ ერევანში საჩქაროდ გამოაცხვეს ეს უბადრუკი რუკა-ცნობარი და „დოკუმენტურად“ დაფიქსირეს 650-მდე „სომხური“ ეკლესია.
ახლაც ვერ მოზომეს და მეტისმეტად ბევრი სომხური ეკლესია „აღმოგვიჩინეს“. თუ ამ ცნობარს დავუჯერებთ, გამოდის, სომხებს კი არ უცხოვრიათ ქართულ მიწაზე, ქართველებთან, პირიქით - ქართველები შეუხიზნავთ,“ -აცხადებს ქართველი მეცნიერი.
არგუმენტი ხომ უნდა ჰქონდეთ? ქართული ეკლესიის წყობა რამდენად ჰგავს გრიგორიანულს?
- თბილისში ხუთ ეკლესიას გვედავებიან. სურბგევორქის ეკლესია, ყოფილი მერიის ზემოთ, ნორაშენის ეკლესია, ლესელიძის ქუჩაზე, რომელიც სომხების თქმით, 1467 წელს სადათის მიერ არის დაფუძნებული. ჯვარის მამის ტაძართან, სურბნშანის ეკლესია ვერცხლის ქუჩაზე, ლესელიძიდან რომ დაუყვებით (ადრე იქ სამკითხველო საცავი იყო, დაიწვა წიგნები, ახლა ცარიელია). კიდევ ორ ეკლესიას გვედავებიან ავლაბარისკენ (კამინ ავეტარიანი და სურბ მინასი). რაც შეეხება სურბგევორქის ეკლესიას, ადრე იგი ქართულ ეკლესიად იყო ცნობილი. მე-13 საუკუნიდან, როცა მონღოლები შეესივნენ საქართველოს, სომეხთა ხელში აღმოჩნდა. მას მერე იქ სომხური ხელნაწერები გვხვდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს დედაქალაქ თბილისში დედაციხე ნარიყალაა. გეკითხებით, იმ დედაციხეში ვისი ეკლესია შეიძლება ყოფილიყო, თუ არა ქართველების? მას ხომ ციხის დიდ ეკლესიას უწოდებდნენ? მე-13 საუკუნეში სომხების ხელში აღმოჩნდა, და იჩემებენ, ჩვენიაო.
ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სურბშანის ეკლესიაც ქართული იყო - წმინდა ნიკოლოზის სახელი ერქვა. ამას მოწმობენ პლატონ იოსელიანი, ზაქარია ჭიჭინაძე და თავად ეკლესიის წყობა. 1701 წლის შემდეგ, ის სომხებმა ჩაიგდეს ხელში. მაშინ სომეხი მამასახლისები იყვნენ გევორქები - მელიქ გევორქი და მისი შვილი. შემდეგ ეკლესიას ზემოდან დააშენეს, სომხური წესით შეცვალეს. ისინი ყოველთვის კარგად იყენებდნენ საქართველოს ბედუკუღმართობას და მტრების შემოტევის დროს იტაცებდნენ ჩვენს ეკლესიებს.
გამოცდილი თვალი ხომ ისედაც მიხვდება, რომ წყობით ოდესღაც ქართული ეკლესია იყო?
- მიხვდება, თუმცა ისინი ქართულ წარწერებს სპობდნენ, ან მის ადგილას სომხურს აშენებდნენ. საბუთები, რომლის ძალითაც სომხურ ეკლესიას აგებდნენ, წესრიგში აქვთ. იქ ჩანს, რამდენი ურემი კირი, ქვიშა, ქვა მიიტანეს, რამდენი მუშახელი შრომობდა. ამ დოკუმენტებს გვიფრიალებდნენ. ის, რომ ადრე ქართული იყო, სდუმან, ან მოსპეს დოკუმენტები.
სამცხე-ჯავახეთში 1830 წლამდე მოსახლების 80-90 % ქრისტიანი ან მაჰმადიანი ქართველი გახლდათ. 1830 წელს მეფის რუსეთის ადმინისტრაციამ მდიდარი სომხების მიერ მოსყიდულ, გენერალ პასკევიჩის თაოსნობით, ერზრუმიდან სომხების 40 ათასი ოჯახი ჩამოასახლა. ამან წალკაში მცხოვრები ძირძველი ქართველები აიძულა, გაქცეულიყვნენ. ასე შეიცვალა დემოგრაფიული ვითარება სომხების სასარგებლოდ. მათ მეფის მთავრობამ ფულადი დახმარება მისცა, ააშენეს სახლები, მოღონიერდნენ და მიტოვებულ ქართულ ეკლესიებს მიადგნენ. ზოგიერთი დაშალეს და ხელახლა ააშენეს სომხურ-ქართული ეკლესია, ქვები კი დაიჩემეს.
საინტერესოა, რომ 1830-დან 1900 წლამდე მათი რუკის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 87 სომხური ეკლესიაა. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, თანაც იმ პერიოდში, წელიწადში, თითქმის, ერთი ეკლესიის აშენება ძნელი გახლდათ. გაითვალისწინეთ, ყველა მათგანი კარგად ნაგებია. ეს მოხდა ქართული ეკლესიების მითვისების ხარჯზე, რასაც მოწმობს მე-19 საუკუნის ქართული და რუსული პრესა: ივანე გვარამაძე, ნიკო ბერძენიშვილი...
იმ მხარის მკვიდრი ივანე გვარამაძე 1901 წელს წერდა: „ჩვენს სარწმუნოებას, ძეგლებს მუსლიმანები უფრო პატივისცემით ეპყრობოდნენ, ვიდრე სომხები. სულ დაანგრიეს, დაგლიჯეს, გადაყარეს, ხუცური წარწერები წაშალეს და თავიანთის ჯღაბნა დაიწყეს. ბევრგან ქართული წარწერით სასაფლაოები დალეწეს, ეკლესიების ძველი სასაფლაოები დათხარეს და ძვლები ღელე-ხევებში გადაყარეს“.
ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის რა არსებითი განსხვავებაა?
- მათ სანათლავი ჩრდილოეთის მხარეს აქვთ. სომხური საკურთხეველი მაღალია, ქართული - დაბალი. ჩვენი ეკლესიის აღნაგობა ჰაეროვანია, ჩვენი წინაპრები გაფორმებას - ჩუქურთმას მეორად დატვირთვას ანიჭებდნენ. იქ კი პირიქითაა, მათი ეკლესიები უფრო მძიმედ გამოიყურება, ჩუქურთმებითაა გაწყობილი. როცა ქართველების სულიერ საუნჯეს ისაკუთრებდნენ, საკურთხეველს მაღლა სწევდნენ და სომხურ ჯვრებს გამოსახავდნენ ქართულის ნაცვლად.
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სომხებს მეტი გასაქანი მიეცათ?
- ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართული ეკლესია რუსმა ეგზარქოსებმა გაძარცვეს, სინოდმა ჩამოართვა ჩვენს ეკლესიას მიწები, სიმდიდრე. ასევე მოხდა ეჩმიადინში, მაგრამ მათ მალე დაუბრუნეს დამოუკიდელობაც და მიწებიც. უპატრონოდ დარჩენილ საქართველოში სომხური კაპიტალი დატრიალდა.
რატომ მივაჩუმათეთ ფაქტები და სომეხ მეცნიერებს ამდენი დავაცადეთ?
- მიჩუმათებული არ ყოფილა. ამ დამოკიდებულების გამო დაიწერა „ქვათა ღაღადი“. სხვა მეცნიერებიც წერდნენ, მაგრამ ყველაზე ხმამაღლა ილიამ ამხილა ისინი. ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში დაიწყო, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, სომეხმა კათალიკოსმა აბრაამმა ენციკლიკა გამოსცა და თავის ხალხს ქართველებთან ლოცვა-კურთხევა, ნათლობა-ნათესაობა აუკრძალა. გამონაკლისი გახლდათ ვაჭრობა. ერევანში ქართული ეკლესია იყო მე-19 საუკუნეში. ისე დაანგრიეს, გააქრეს, კვალსაც ვერ მივაგენით.
„ქვათა ღაღადის“ შემდეგ სომხები გონს ვერ მოეგნენ. ტაო-კლარჯეთი და მისი ხუროთმოძღვრებაც სომხურად გამოაცხადეს. ერთი კანონზომიერება შეინიშნება თბილისის ე.წ. სომხური ეკლესიების განლაგებაში. თითქმის ყველა მათგანი ქართული ეკლესიის ახლოს დგას, რაც მოულოდნელი უნდა იყოს განხეთქილების შემდეგ. ჩვენები მათ ერეტიკოსებად თვლიდნენ. ამდენად, საეჭვოა, თავიანთი ტაძრის მახლობლად ტერიტორია დაეთმოთ. ეს სომხებს გამიზნულად, ქართული ეკლესიების დასაკუთრების მიზნით სჭირდებოდათ.