რას მოუტანს „მიშისტი“ პანფილოვის მოღვაწეობა საქართველოს

რას მოუტანს „მიშისტი“ პანფილოვის მოღვაწეობა საქართველოს

საქართველოში ახალი სატელევიზიო არხის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თბილისში და, თურმე, საზღვარგარეთაც კი, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მით უმეტეს, რომ მისი სახელწოდება - "პირველად კავკასიაში", ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის, სწორედ საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან ასოცირდება და თუ აქამდე ხშირად გვესმოდა ფრაზა "პირველად საქართველოში", ახლა, მათი თქმით, ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის გეგმები და სარეკლამო პროპაგანდა კავკასიაზე გავრცელებასაც ითვალისწინებს.

ოპონენტთა შეშფოთებას, უმეტესად, მაინც ის ფაქტი იწვევს, რომ ამ ტელევიზიაში სამუშაოდ საქართველოში გადმოსახლებული ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, სავარაუდო წამყვანი ალა დუდაევა (ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ქვრივი) და სავარაუდო დამფინანსებელი ბორის ბერეზოვსკი ანტიპუტინისტური განწყობით არიან ცნობილი.

ამდენად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც შიშობენ, რომ ამ პოლიტიკამ, შესაძლოა, მხოლოდ ზიანი მოუტანოს ქართულ სახელმწიფოს და რუსეთთან დამოკიდებულებაში ახალი კონფრონტაციის საფრთხე შექნას.

დაახლოებით ამავე აზრისაა ქართველი ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. თუმცა, იგი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ახალ ტელევიზიას საქართველოში ბერეზოვსკი დააფინანსებს.

მას შემდეგ, რაც თბილისში ბერეზოვსკის გახმაურებული, მაგრამ მაინც ბურუსით მოცული ვიზიტი განხორციელდა და უცნობი დარჩა, რაზე ისაუბრეს, ან რაზე შეთანხმდა საქართველოს ხელისუფლებასთან ბადრი ბატარკაციშვილის ყოფილი პარტნიორი და მეგობარი, მის სახელს ბევრი სავარაუდო პროგნოზი თუ ჭორი დაუკავშირდა.

გავრცელებულ ინფორმაციას საფრანგეთიდან გამოეხმაურა კავკასიის ხალხთა ასამბლეის ქართველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პოლიტემიგრანტი, "ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა-ემიგრანტების" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სტრასბურგში ლადო ხმელიძე.

"ეს არის ანტიქართული მოძრაობა. ვის სჭირდება საქართველოში ზაკაევის და ბერეზოვსკის შექმნილი ტელევიზია?! რუსეთისთვის საქართველოს და ჩეჩნეთის გაერთიანება არის დამღუპველი და ის ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს შორის მტრობა დათესოს. ხელისუფლებამ მისცა მათ ფული და ტელევიზიას უხსნიან ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივისთვის" წართმეულ სიხშირეზე, რომ ამუშაონ რუსეთის სასარგებლოდ. ეს იქნება საბოლოო დაღუპვა მთლიანად კავკასიის", - მიაჩნია ლადო ხმელიძეს.

განსხვავებული პოზიცია გააჩნია დსთ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ზურაბ ხონელიძეს, რომელმაც საკუთარი კონცეფციაც შექმნა კავკასიაში საქართველოს მთავარი ფუნქციის აღსადგენად. ამდენად, თავად ამგვარი ტელევიზიის გახსნის ფაქტი მისთვის მისასალმებელია. დაუზუსტებელ ინფორმაციებზე კომენტარისაგან კი თავს იკავებს.

"ფაქტია, რომ უძველესი დროიდან საქართველო იმ ისტორიით, გეოგრაფიული მდებარეობით, გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ინტერესთა გადაკვეთით ისეთ ეპიცენტრშია, რომელსაც ერთიანი კავკასიური სოციო-პოლიტიკური სივრცე ქვია. ტელევიზიის ფუნქციას უფრო სხვაგვარად ვხედავ, ვინაიდან ერთადერთი, როგორც გლობალური ფუნქციის მატარებელი, იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის შემქმნელი ერი არის ქართველი. ამდენად, საქართველოში ასეთი ტელევიზიის შექმნა მიზნად უნდა ისახავდეს საქართველოს მხრიდან მოძმე კავკასიელი ხალხისადმი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი კეთილგანწყობის დემონსტრირებას და კავკასიაში საქართველოსადმი გენეტიკური კოდის აღდგენას", - აცხადებს ზურაბ ხონელიძე.

ზურაბ ხონელიძისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ ტელევიზიამ კავკასიაში კულტურულ-საგამანათლებო ფუნქცია შეასრულოს. რაც შეეხება ბერეზოვსკის ფაქტორს, ხონელიძისთვის ცნობილი არ არის, რამდენად რეალურია გავრცელებული ხმები მისი მხრიდან დაფინანსების შესახებ. ამას გარდა, თავად კარგად იცნობს ბერეზოვსკის და არ მიაჩნია, რომ ბერეზოვსკი ამ ავანტიურაზე წავიდეს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჯოხარ დუდაევის ქვრივმა შემოთავაზება უკვე მიიღო. მაგრამ მისი ორჭოფობაც სწორედ ბერეზოვსკის სავარაუდო დაფინანსებას უკავშირდება.

თავდაპირველად ითქვა, რომ "პირველად კავკასიაში" ტელეკომპანია "ალანიას" ბაზაზე იქმნებოდა, ალბათ, იმიტომ, რომ იგი რუსულენოვანი ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული. ამას ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივის" ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომლის წართმეულ სიხშირეზეც "ალანია" მაუწყებლობს.

ამჟამად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული "ფანჯარა კავკასიაში" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე დამკვიდრდება და რუსულ, აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ამეტყველდება. მისი წამყვანი ოლეგ პანფილოვი კი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის მიზეზად რუსეთში დემოკრატიული მედიის არასებობას ასახელებს.

რადიო "პალიტრის" ეთერში სტუმრობისას, ქართველმა კოლეგებმა მას შეახსენეს, რომ საქართველოდან ყოველდღიურად მოსახლეობის დიდი რაოდენობა მიდის ემიგრაციაში, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ისიც უთხრეს, რომ რუსეთთან შედარებით, შესაძლოა, საქართველოში უკეთესი ვითარებაა, მაგრამ დემოკრატიას პრობლემები აქაც საკმარისად აქვს.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო სივრცეებში მოღვაწე პანფილოვი არსად წასვლას არ აპირებს და ქართული ენის კარგად დასაუფლებლად ქართველ მანდილოსანზე დაქორწინებასაც გეგმავს. ოღონდ, როგორც ჩანს, ჯერ საცოლე შერჩეული არ ჰყავს. ვინ იცის, ვის გაუმართლებს ამ მხრივ. ფაქტია, მისი რჩეული ოპოზიციურად განწყობილი ვერ იქნება, რადგან პანფილოვი არ მალავს, რომ "მიშისტია" და ქართული მედიის გარკვეულმა ნაწილმა "დეზინფორმაცი"-ით მოაბეზრა თავი.

ისიც საინტერესოა, "ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ" პროექტის ავტორი საქართველოში ანალოგიურ სიტუაციას რამდენად ობიექტურად შეაფასებს. მით უმეტეს, რომ ოქტომბერში, იგი საქართველომ ეუთოში ქართული მედიის უფლებების დამცველად წარადგინა.

ვიდრე კავკასიაზე მაუწყებლობისთვის შექმნილი ახალი საინფორმაციო სივრცე ამოქმედდება, ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, ალბათ, კიდევ გაგრძელდება. ისე, საქართველოში ბევრი ქართველიც გვინახავს ემიგრაციიდან დაბრუნებული, უცხოეთში კარგი სამსახურის მიტოვების საფუძველზე სამშობლოში მოღვაწეობისთვის ჩამოყვანილი და მერე უმუშევრად დარჩენილი, ან ისევ ემიგრაციაში დაბრუნებული. რა გზას დაადგება ოლეგ პანფილოვი, ამას დრო გვიჩვენებს!