არჩილ გამზარდია: „ისიც არ ვიცით,  ბიძინა ივანიშვილი „ტუზი“ იყო თუ „ჯოკერი“

არჩილ გამზარდია: „ისიც არ ვიცით, ბიძინა ივანიშვილი „ტუზი“ იყო თუ „ჯოკერი“

საარჩევნო მარათონი გახსნილია, ფალავნებიც რიგ-რიგობით ავსებენ პოლიტიკურ ველს. ზოგიერთი დიდი ხანია, საარჩევნო კამპანიას ეწევა - ზოგიც ახლა ემზადება ასპარეზზე გამოსასვლელად. მოკლედ, ოქტომბრის ბრძოლისთვის მზადება ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის - თუკი არსებულ პოლიტიკურ ფონზე, როდესაც პროგნოზირება ადვილია, რამე საინტერესო შეიძლება მოხდეს - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, არჩილ გამზარდია გვესაუბრება.

ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც დამოუკიდებლად იბრძოლებს მერობისთვის, აპროტესტებს, რომცესკომ არაგონივრული ვადა დაუწესა ხელმოწერების შეგროვებისთვის. ხელისუფლებას რატომ არ უნდა აწყობდეს ელისაშვილის არჩევნებში მონაწილეობა? - ვგულისხმობ, თუკი ცესკო ტენდენციური იყო და ეს პირობითად, შეიძლება აღვიქვათ ხელისუფლების პოზიციად - მრავალრიცხოვანიკანდიდატები არჩევნებში, არსებითად, ოპოზიციური ხმების გაფანტვას ნიშნავს, რაც ხელისუფლებას ხშირად, აწყობს ხოლმე...

- აქ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი - რამდენად პოლარიზებულია საზოგადოება. მაგალითად, 2016 წლის არჩევნებზე სწორედ საზოგადოების პოლარიზების წყალობით მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ანუ ამომრჩეველი იძულებული იყო, ნაციონალების ფონზე „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა ხმა. ანუ ხმების გაფანტვის მექანიზმი ყოველთვის ეფექტური არ არის.

ახლა საინტერესო ის არის, რომ უკვე იკვეთება - არც საზოგადოების ზედმეტი პოლარიზაციაა კარგი. არჩევნებში მართალია მრავალი სუბიექტი მონაწილეობდა, მაგრამ საქმე დავიდა „ნაციონალურ მოძრაობამდე“ და „ქართულ ოცნებამდე“ - ანუ სინამდვილეში მხოლოდ ეს ორი ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს.

შესაძლოა, ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდეს და ვისაც „ქართული ოცნება“ არ მოწონს, ხმა მისცეს „პარტიოტთა ალიანსს“, ელისაშვილს ან ვინმე სხვას. ანუ არ არის აუცილებელი, ხმების გაფანტვა აწყობდეს ხელისუფლებას; შესაძლოა არც აწყობდეს.

ელისაშვილისთვის ხელის შეშლა რა კუთხით შეიძლება სასარგებლო იყოს მმართველი ძალისთვის, ესეც საინტერესოა - თუ ელისაშვილი მეორე ადგილს დაათმობინებს ნაციონალებს, ეს უნდა აწყობდეს ხელისუფლებას.

შეიძლება, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ელისაშვილის გარკვეული დოზით წარმატება „ქართულ ოცნებას“ უნდა აწყობდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რას აჩვენებს შიდა მარკეტინგული კვლევები.

ჩვეულებრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლა შესაძლოა, ელისაშვილ-უდუმაშვილს შორის იყოს მოსალოდნელი...

- შიდა კვლევები პარტიებისთვის უფრო სანდოა, თუმცა, შედეგები შეიძლება საზოგადოებამდე არც მიდიოდეს. თუ ხელისუფლება თვლის, რომ ელისაშვილის შანსები უფრო მაღალია, ვიდრე უდუმაშვილისთვის გადასწრება, მაშინ ის სახელისუფლებო კანდიდატთან კონკურენციაში აღმოჩნდება.

ექსპერტულ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ ელისაშვილის მონაწილეობის შემთხვევაში მოსალოდნელია მეორე ტური. გამოდის, რომ მხოლოდ უდუმაშვილის კონკურენტი არ არის?

-ამის თქმა ძნელია. ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ ელისაშვილი კალაძისთვის გადამწყვეტი კონკურენტია. თუმცა რაც დრო გადის, მოსახლეობის განწყობებიც შეიძლება შეიცვალოს... აქტიური აუდიტორიაც არ არის დიდი. ძირითადი ამომრჩეველი ყველას მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, მათი პოზიცია შეიძლება იყოს არამყარი და იცვლებოდეს.

კიდევ ერთი საინტერესო თემა - ოპოზიციაში გარკვეული მოძრაობა შეინიშნება - პროდასავლური პარტიები ცდილობენ გაერთიანებას - პროცესი არ დასრულებულა; მეორე მხრივ, კონსერვატიული პარტიების მხრიდანაც იყო მცდელობა თუმცა „პატრიოტთა ალიანსი“ გამოაკლდათ, მაგრამ ვინც გაერთიანდა, კახა კუკავა დაასახელა კანდიდატად; შესაძლოა ეს იყოს ნიადაგის მოსინჯვა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის? - დღეს ასეთი გაერთიანებები შესაძლოა არც კი იყოს დიდად ეფექტიანი...

- ცალსახასდ ეს პროცესია, რადგან მერის არჩევნებში დიდი ალბათობა ცალსახად კალაძის მხარეზეა - განსაკუთრებულად, 2020 წლისთვის მიდის მუშაობა.

თუმცა ჯერჯერობით არც ერთი პარტია წარმატებისკენ არ მიდის - არც  სახელისუფლებო და არც ოპოზიციური. მათი წარმატების საიდუმლო ხშირად არის ხოლმე სხვა პარტიის სერიოზული მარცხი საზოგადოების თვალში. 2016 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ უფრო დიდი მარცხის შედეგი იყო.

მთლიანობაში, ასეთი უცნაური პოლიტიკური მარკეტინგი გვაქვს საქართველოში.თუ ეს არ შეიცვალა, სავარაუდოდ, ისევ ეს ფორმულა განაპირობებს 2020 წლის არჩევნებსაც.

უკვე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ, რომ ის, რაც არის, პოლიტიკურ ველზე, არავის მოსწონს; მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს? არსებობს რეცეპტი? მზად არიან პარტიები?

- სავარაუდოდ, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ახალ სახეებზე; „ქართული ოცნება“ ამ სახით და ამ ფორმით არ მგონია, გამოვიდეს 2020 წლოსთვის ასპარეზზე. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები გვექნება, მაგრამ ცვლილება გაცვეთილი თუ აპრობირებული სახეებით არ გამოვა.

თუ პროდასავლური პარტიები გაერიანდნენ, შედეგად მივიღებთ იგივე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბლოკის ან ალიანსის სახელით, მაგრამ ეს უკვე იყო - 2016 წლის არჩევნებზე „გაიყიდა“.

თეორიული პერსპექტივა მხოლოდ ახალ პოლიტიკურ სუბიექტებს გააჩნიათ, ან სახეებს, რომლებმაც რომელიღაც პოლიტიკურ პარტიებში გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწიეს. ვგულისხმობ, მხოლოდ სახეებს და არა - პოლიტიკურ სუბიექტებს. ისინი თუ შეძლებენ წარმატების მოტანას რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან ცალკე აღებულ პოლიტიკურ სუბიექტებად მოიპოვებენ რეიტინგს...

მაგრამ ამ სახით, ამ პიარით, ამ მიდგომებით, საერთო ჯამში, დიდი პერსპექტივები ამჟამინდელ პოლიტიკურ სუბიექტებს არ აქვთ; თუმცა, თუკი ახალი პოლიტიკური სუბიექტი ჩნდება, მას სხვა შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ასეთების წინააღმდეგ მტრებიც კი ერთიანდებიან ხოლმე რომ არ დაუთმონ ასპარეზი.

ახლაც ისეთივე სიტუაციაა, როგორც არაერთხელ, როდესაც არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ამოწურული შესაძლებლობის პოლიტიკურ სუბიექტებად მიიჩნევდნენ და იყვნენ ახლის მოლოდინში. ეს მოლოდინი ხშირად მართლდებოდა, ზოჯგერ უშედეგო ფინალით, ზოგჯერ - პირიქით. ანუ როდესაც ჩნდება მოლოდინი, კანონზომიერებაა, რომ ის ყოველთვის უნდა გამართლდეს?

- ეს არის პერმანენტული იმედგაცრუება პოლიტიკური ძალების მიმართ - როგორც სახელისუფლებო, ისე - არასახელისუფლებო - შეცდომების და არასწორი პოლიტიკის გამო.

პრინციპში, ჩვენ ისიც არ ვიცით, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი „ტუზი“ იყო თუ „ჯოკერი“. თუ ის ერთადერთი „ჯოკერი“ იყო საზოგადოებისთვის, მაშინ ახალ სახეებზე ლაპარაკი ზედმეტია და უნდა ვილაპარაკოთ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებზე, როდესაც ახალი თაობა წამოვა აქტიურ ამომრჩევლად. ისინი მოითხოვენ ახალ სახეებსაც, სუბიექტებსაც და მომავალ წარმატებებსაც უზრუნველყოფენ. სხვა შემთხვევაში უნდა გამოჩნდეს ისეთი ფიგურა, როგორიც იყო ივანიშვილი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ უნდა დაგვავიწყდეს - წარმატების ტესტს ყოველთვის იძლეოდა არსებული ლიდერისადმი აგრესია - გამსახურდიას, შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის.

დღეს ისეთი ობიექტი, რომლის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აგრესია ექნებოდა, არ არსებობს. უკმაყოფილება არის, მაგრამ აგრესიას, წინააღმდეგობასა და უკმაყოფილებას შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ დღევანდელ პოლიტიკურ სუბიექტებს ამ თვალსაზრისით უჭირთ.

ისევ ძველ მეთოდებს იყენებენ, გაერთიანდნენ ვიღაცის წინააღმდეგ; ეს უკვე ეფექტურად აღარ მუშაობს - ივანიშვილის წინააღმდეგ არ ჭრის, იმიტომ, რომ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების გარდა აგრესია მის მიმართ არ არსებობს; კვირიკაშვილის მიმართ განწყობა ცოტა არ იყოს ამორფულია, რადგან ის არ არის აღქმული იმ დონის ლიდერად, როგორადაც უნდა იყოს; პრეზიდენტის მიმართ ცაკლეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ სიმპათია - ანუ დღეს ასეთი კრიზისია, რაც ქმნის იმ ფონს, რაც გვაქვს.

ასეთ სიტუაციაში წარმოუდგენელია, საინტერესო არჩევნები გველოდეს 2020 წლისთვის - ალბათ კიდევ უფრო ეფექტურად გადაჯგუფდებიან პოლიტიკური პარტიები...

- საინტერესო არჩევნები იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილის ნეგატივის ფონზე მიმდინარეობსდა არჩევნები... უინტერესოდ ჩატარებული არჩევნებით მოვა ეს, ან სხვა პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლებაში.

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ შეუძლებელია, მმართველი პარტია ამ ბრენდით, ამ სტატუსით იყოს ეფექტური, თუმცა, მანამდე დიდი დროა და წინ კიდევ ორი არჩევნები გვაქვს.

თუმცა მერის არჩევნები ცალსახად რომ მიმართულია 2020 წლისკენ და ძალაუფლების უფრო ფართო კონცენტრაციისკენ,  ეს ცხადია - ყოველ შემთხვევაში კალაძე თბილისის მერობას არ მოინდომებდა, რომ არ ემზადებოდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის;

სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც მხოლოდ ისევ რიტუალურად ჩაატარებდნენ არჩევნებს - ახლა, სტარტაპის რეჟიმში, მაინც სამომავლო საპარლამენტო არჩევნების მზადებისკენ მიჰყავთ მთელი ეს პროცესი.

ფაქტობრივად, ეს არჩევნები ტრამპლინია, მაგრამ საინტერესოა როდის გამოიკვეთება უფრო ნათელი სურათი პოლიტიკურ ძალთა განლაგების პროგნოზირება რომ შეიძლებოდეს?

- ვერ ვიტყვით ამას, ვერც ახლა და ვერც - შედეგების გამოცხადების შემდეგ. მანამდე დიდი დროა. ჯერჯერობით მხოლოდ სტატრის რეჟიმია; მერის არჩევნებით განისაზღვრება პოზიციები სხვა, უფრო მნიშვნელოვანირბოლისათვის.

საპრეზიდენტო არჩევნები უფრო უინტერესო იქნება ამ თვალსაზრისით, მითუმეტეს, თუ შიდა არჩევნები ჩატარდა. თუ საყოველთაოდ აირჩევენ პრეზიდენტს - ესეც პროგნოზირებადი იქნება; აი, 2020 წლი კი ნამდვილად არ არის პროგნოზირებადი.

2016 წლის კრიზისმა აჩვენა - რომ არა სააკაშვილი, „ქართული ოცნება“ ამ მოცულობით ვერ მოვიდოდა. რომ არა ბოლო საარჩევნო ფაზაში პოლიტიკური სუბიექტების პოლარიზება, რა დროსაც, ასე თუ ისე პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად პერსექტიული სუბიექტები გამოეთიშნენ ბრძოლას, მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არ გახდებოდა არჩევნები ჩასატარებელი.

სწორედ ამ პროცესმა აჩვენა, რომ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტსაც კი, კრიზისი ჰქონდა და ამ ფონზე, დღესუკვე ახალი წინასასტარტო პოზიციები სჭირდებათ - დანარჩენის თქმა ჯერჯერობით ძალიან ადრეა.