„შიდა მავნებლობას უფრო გავს

„შიდა მავნებლობას უფრო გავს"

საქართველოს ქალაქებში ერთდროულად და სინქრონულად ხანძრების გაჩენა, აჩენს გონივრულ ეჭვს შესაძლო დივერსიასთან დაკავშირებით. ამ ეჭვს აძლიერებს ბორჯომის ტყის სიღრმეში სხვადასხვა დროს ნაპოვნი ბიდონები.

არ არის გამორცხული, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს. გამოძიებამ მოქმედება უკვე დაიწყო, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფი დამსვენებლების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდა. ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა არა ყველასთან. გარდა ამისა, შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ბორჯომის ხეობაში ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს.

„გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა მათთან, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

პარლამენტის თვდაცვისა და უშისროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მართლაც არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველიც შეიძლება არც არსებობდა.  შესაბამისად, უმრავლესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად გაჩენილი ხანძრები დივერსია იყოს. თუმცა, როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ცეცხლის კერების გაჩნის მიზეზები.

„გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს დივერსიასთან. მართლაც, არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველიც შეიძლება არც არსებობდა. გამოძიებამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაადგინოს, რა იყო ამ ცეცხლის კერების მიზეზი. უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე რომ ვისაუბროთ დივერსიაზე, არ იქნება სწორი, თუმცა ვერსია არის, რა თქმა უნდა, რასაც გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც ჩანს, ხელისუფლება დივერსიის ვერსიას განიხილავს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ გამოძიება დაიწყება, რადგან ძალიან ბევრი ეჭვი რჩება. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ზაფხულის ხანძრები.

„ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და სწორედ გამოძიებიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნაც. ჩვენ წლის დასაწყისიდან ძალიან ბევრი ხანძარი ვნახეთ ქვეყნის მასშტაბით. ეს ეჭვები ჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ეჭვებია. დასაბუთებას ჭირდება გამოძიების მუშაობა. ვფიქრობ, გამოძიება დაინტერესდება და თუკი რამე დივერსიაზე შეიძლება ვისაუბრო, ამას უკვე არგუმენტირებული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია დაადასტურებს ან უარყოფს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ხელისუფლების დაგვიანებულ რექციაზე საუბრობს ოპოზიცია და მიაჩნიათ, რომ  „სამხედრო ძალების გამოყენების“ შესახებ ბრძანება დაგვაინებულია. ბრალდებას არ იზიარებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, რომლის განცხადებით, როდესაც გაჩნდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობის ჩართვის აუცილებლობა, სწორედ მაშინ იქნა ეს მოთხოვნილი შესაბამისი პირების მიერ. როგორც დოლიძე აცხადებს, მას შემდგ, რაც მოხდება სტიქიასთან გამკლავება, უნდა მოხდეს პროცესების სიღრმისეული ანალიზი და გამოძიება, რადგან არსებობს ბევრი კითხვა.

„როდესაც გამოჩნდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობის ჩართვის აუცილებლობა, სწორედ მაშინ იქნა ეს მოთხოვნილი შესაბამისი პირების მიერ, ვინც ყოველწამიერად არის ჩართული ამ ოპერაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს აქვს კითხვა ამასთან დაკავშირებით. თუმცა, როცა ყველაფერი დასრულდება, იქნება ოპერაციის სიღრმისეული ანალიზი, კვლევა, გამოძიება და მასზე მსჯელობა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტიქიის შემთხვევებთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესის დაწყებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბოლო პერიოდში ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

„უნდა დაიწყოს პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესი, რომელიც შეისწავლის ერთი მხრივ, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება ხანძარზე და ამავე დროს შეისწავლის ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო შესაძლებლობები. ხელისუფლება ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში.

დღევანდელ უმრავლესობას ვურჩევდი, თავად იაქტიუროს ამ მიმართულებით, რადგან თუკი ეს შეკითხვები დარჩა პასუხგაუცემელი, ძალიან ცუდად დაუბრუნდება თავად ხელისუფლებას. ჩვენ განვიხილავთ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ამ კატასტროფის შედეგები არის საკმაოდ დიდი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ამ ეტაპზე ხანძარზე რეაგირების მექანიზმებზე დისკუსიის მოვაწყობაზე გამიზნულად ამბობს უარს „ევროპული საქართველო“. როგორც პარტიის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ამ საკითხის გარშემო მსჯელობის დრო აუცილებლად მოვა, მაგრამ არა ახლა.

„საზოგადოებაში დაგროვილია გარკვეული კითხვები მიზეზებზე, თავად რეაგირების მექანიზმებზე, მაგრამ ჩვენ დღეს გამიზნულად უარს ვამბობთ, რომ ამაზე დღეს დისკუსია მოვაწყოთ, ამის დრო აუცილებლად მოვა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები აქვს ასეთ დროს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არაეთიკური და არაპროფესიონალური ჰქვია. მისი თქმით, სახელმწიფო მოქმედებს საჭიროებიდან გამომდინარე.

„აქ არ არის მარტო ცოცხალ ძალაზე საუბარი. არის ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად მუშაობს. სამხედროებსაც ჰყავთ ტექნიკა, რომელიც აუცილებელია იმ წერტილებში მივიდეს, სადაც ინტენსიური მუშაობაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ცოცხალი, გაწვრთნილი ძალაც აუცილებელია.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები აქვს ასეთ დროს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არაეთიკური და არაპროფესიონალური ჰქვია. საჭიროებიდან გამომდინარე მოქმედებს სახელმწიფო და ჩვენც ამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ საკანონმდებლო აქტი“, - აცხადებს გია ვოლსკი.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ვიცე-სპიკერი აცხადებს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. „ხანძრების სერია დაიწყო საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ეგრეთწოდებული "ანტისახანძრო ხნულების" გავლების შემდეგ... ნაჩქარევი დასკვნები არაა მიზანშეწონილი, თუმცა დივერსიის რეალობაზე ფიქრის და შესაბამისი მოქმედებების საფუძველი რეალურად არსებობს! ასეთ დროს საზოგადოების ყურადღებაც მნიშვნელოვანია. ძალები საკმარისია, ყველაფერი კარგად იქნება!“ - აცხადებს ვოლსკი.

გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის დივერსიაზე. ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ არსებობის უფლება ყველა ვერსიას აქვს, მაგრამ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რადგან ამ ყველაფერს  ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დეტალური გამოკვლევა სჭირდება, თუ ვის მიერ იქნა დატოვებული ე.წ. ბიდონები, ვინ და დროის რა მონაკვეთში მოძრაობდა იმ პერიოდში ხებაში და ა.შ.

„ძალიან დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. შესაძლოა სხვა ტექნიკური საშუალებითაც მოხდეს დეტალების დადგენა. უამრავი კამერაა დამონატაჟებული. ტყეში რომ მიხვიდე, რაღაცა გარვეული გზები უნდა გაიარო. ნუ გვგონია, რომ რადგან ბორჯომის ტყეში ვიდეოკამერები არ არის, ამიტომ ვერ დადგინდება ვინმე მოძრაობდა თუ არა იმ პერიოდში იმ მიმართულებით. შეიძლება გამოყენებული იქნას იგივე კოსმოსური დაზვერვის ინფორმაციები, თუნდაც ფასიანი.

იმხელა ზარალი განვიცადეთ ბორჯომის ტყეში, რომ ამ საშუალებებსაც უნდა მიმართოს ხელისუფლებამ. ამერიკელ პარტნიორებს უნდა მივმართოთ, შესაძლოა პირდაპირ ფასიანი ინფორმაციები დავუკვთოთ და კოსმოსური დაზვერვის საშუალებიდან მივიღოთ ისეთი სურათები, რომელმაც შეიძლება გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას.

ყველა საშუალება უნდა იქნას გამონახული იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე. თუ იყო ადამიანის ხელი, უნდა გამვლინდეს. თუ გამოვლინდება, რომ ბუნებრივად მოხდა, მოიხსნება კითხვები შიდა და გარე ძალებზე. თუ არ დადგინდა სიმართლე, ეს კითხვის ნიშნები არ მოხსნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის პირობებში არსებობს ხანძრის ალბათობა, მაგრამ დასადგენია, რამდენად მაღალი იყო ტემპერატურა ამ პერიოდში. მისი შეფასებით, ამ პერიდში რამდენიმე გრადუსით დაკლებული იყო ჰაერის ტემპერატურა, მაგრამ იყო თუ არა ეს ტემპერატურა ხანძრის გაჩენის მიზეზი, მისი თქმით, ამაზე შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.

„გამოძიებამ ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა, სად გაჩნდაცეხლის პირველ კერა, რომელ რაიონში. რაც შეეხებადივერსიას, გარე თუ შიდა ძალების მიერარულობის მიზნით, ან მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, მე მასაც არ გამოვრიცხავ. უამრავი ვერსია არსებობს და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვერც ერთ ვერსიას ვერ მივემხრობ. მაგრამ კითხვას ბადებს 22 აგვისტოს, ბორჯომის გარდა ერთდროულად რამდენიმე ადგილას ცეცხლის გაჩენა.  

რამდენად არის აქ რუსეთის კვალი და რამდენად ჭირდებათ ასეთი ქმედებები, არ ვიცი. გამორიცხული რა თქმა უნდა არაფერი არ არის. როცა მიზანი გაქვს, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინო, არ არის გამორიცხული გამოიყენო ასეთი გზები და ხელისუფლება დააყენოიმ საშიშროების წინაშე, რომ ის უძლურია გაუმკლავდეს ასეთი მასშტაბის სტიქიას. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ძალები არ ეყო ამ სტიქიასთან გასამკლავებლად, არადა ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ეს ძალები“, - აცხადებს სალუქვაძე.

ბრიგადის გენერალი ასევე არ გამოირიცხება შიდა ძალების მიერ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა.

„ცეცხლი ეკიდება ბაზრობებს და კეთდება განცხადება, რომ ვიღაცა ცდილობს ფართობის მიტაცებას. გადის პერიოდი და ამ ფართობს არავინ არ იტაცებს,  ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ახლა უკვე ცეცხლი უკიდია ტყის საფარს, ამიტომ ვერანაირად ვერ გამოვრიცხავ ვერც შიდა და ვერც გარე ძალებს. ვფიქრობ, რომ შიდა მავნებლობას უფრო გავს.

ეს შიდა ძალები ვისთან არის კავშირში, ესეც დასადგენია. არ არის მარტივი, შეიძლებაა გამოამჟღავნო რისგან გაჩნდა ცეხლის კერა, მაგრამ ვინ გააჩინა შეიძლება ვერ დაადგინო. არ არის მარტივი დასადგენი. მაგრამ თუ ადამიანის ხელი ურევია, შეიძლება დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.