საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციამ მოთხოვნა მმართველ გუნდს ელექტრონულად გაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც პარლამენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება, უმრავლესობის და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
შიდა კონსულტაციებს მმართველი გუნდი რამდენიმე დღეში დაიწყებს. მმართველი გუნდი ყველა ოპოზიციური პარტიისგან ელოდება პასუხს, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს ან არ დაუჭერს მხარს ახალი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სწორედ, ოპოზიციის პასუხებზე იქნება დამოკიდებული, მმართველი გუნდის პოზიცია და ასევე, ოპოზიციასთან შემდეგი შეხვედრის თარიღი.
„ოპოზიციასთან შეხვედრის მეორე რაუნდი დამოკიდებული იქნება მათ პასუხებზე. ვფიქრობ, ამ დღეებში დაასრულებენ ოპოზიციური პარტიები პასუხის გაცემას ჩვენს მთავარ კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერენ ან არ დაუჭერენ მხარს ახალი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. შესაბამისად, მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ საშუალება გვექნება უფრო კონკრეტული პასუხები გავცეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ელის, ძალაში რჩება მოთხოვნა - 2020 წელს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა - ოპოზიცია ამ ორი მოთხოვნის შეცვლას არ აპირებს. ოპოზიცია მოითხოვს, რომ პროცესი დაუბრუნდეს პირველად ვარიანტს, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა.
„მთავარი მოთხოვნაა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამაში მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე უფრო სამართლიანი პროპორციული სისტემაა. „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ შეცვლიდა ამას, მაგრამ თვეების განმავლობაში ატყუებდა, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას და საბოლოოდ, გამოიტანა სრულიად სხვა გადაწყვეტილება, რამაც აღაშფოთა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ვენეციის კომისია და ჩვენი პარტნიორები“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, როგორც რატიანი აცხადებს, ამ საკითხშიც ოპოზიცია ერთიანია. მისი თქმით, რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ისე, რომ საქართველოში არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არჩევითი არ იქნება. „ევროპული საქართველოს“ პოზიციას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ნიკა რურუა აცხადებს, პროცესი უნდა დაუბრუნდეს პირველად ვარიანტს, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა.
„დაბრუნდეს ყველაფერი იმ მოცემულობაში, როგორც ეს განიხილა ვენეციის კომისიამ, განიხილა საერთო სახალხო განხილვებზე მათივე მოყვანილმა ხალხმა. ეს ყველაფერი მათთვის ისედაც ცნობილია. არაკონსტრუქციულობა და დესტრუქციულობა, რომ არ დაგვწამონ, რაც ხშირად გაუკეთებიათ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება შემჩნეულია ტყუილებში, მათ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ჩვენი მოთხოვნები“, - აცხადებს ნიკა რურუა.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, იმისათვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყონ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა. პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ერთიანი შეხედულება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა სხვა ფორმატში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგრძელდება.
„საკითხი, ერთის მხრივ, რთული და ერთის მხრივ მარტივია. თუ „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ამ საკითხებზე არ ვსაუბრობთ, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო სექტორმა უკვე თქვა, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და გამოდის, რომ ოცნება არ ფიქრობს არანაირ შეთანხმებაზე და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში შევხვდებით ვენეციის კომისიის ფორმატში საქართველოს ფარგლებს გარეთ და იქ გავაგრძელებთ აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
პოზიციას არ იცვლის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილი, რომელიც არ ეთანხმება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ოქრიაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს, იგი უმრავლესობის რიგებს დატოვებს. დეპუტატი დეტალურად პოლიტიკური პარტიების შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ ისაუბრებს.
„მთავარი არ არის მაჟორიტარული არჩევნები. კონსტიტუციაში სხვა უამრავი საკითხია. მაგალითად პრეზიდენტის არჩევის წესი. მე ვთვლი, რომ თუ იქნება შენარჩუნებული პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის წესი, ჩვენ საპარლამენტო სისტემიდან კვლავ საპრეზიდენტო სისტემაზე უნდა გადავიდეთ.
რაც შეეხება ოპოზიციას, ვინ არის დღეს ოპოზიცია? ეს არის ასზე მეტი არაკვალიფიციური პარტია და ჩვენი ჩათვლით, ოცი კვალიფიციური პარტია. რომელიმე პარტიამ რომ არჩევნები მოიგოს, შეძლებს კი ქვეყნის მართვას? ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს რომელიმეს? იმდენი ხალხი მაინც ჰყავთ პარტიაში, რომ საკმარისი აღმოჩნდეს მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებად? არა! აბა რაზეა ლაპარაკი? ლეგიტომაციის ძალიან დაბალი დონე აქვს ამ ხალხის მოთხოვნას“, - უთხრა for.ge-ს კახა ოქრიაშვილმა.