2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. 21 აგვისტოდან ასევე გაუქმდა ყველა გასაუბრება, რომელიც აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებთან მანამდე იყო დანიშნული. ახალ შეზღუდვებს დიპლომატიური უწყებებში პერსონალის სიმცირით ხსნიან.
როგორც ცნობილია, ვაშინგტონმა სალეჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების რიცხვი მოსკოვის მოთხოვნით შეამცირა. ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაკანონებაზე.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთის მისწრაფების სერიოზულობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ.
როგორც ამერიკის საელჩოში აცხადებენ, დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შეინარჩუნეს, რაც საშუალებას აძლევთ, შეასრულონ დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არასაემიგრაციო ვიზების გაცემა სექტემბრის დასაწყისიდან განახლდება, თუმცა მნიშვნელოვანი შეზღუდვებით. ვიზები მხოლოდ მოსკოვში გაიცემა. სხვა რეგიონების შემთხვევაში პროცედურის განახლების თარიღი დასახელებული არ არის.
„იმ ზომების გამო, რომელიც რუსეთის ფედერაციამ რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა რიცხვის შემცირების მიზნით მიიღო, 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაიმიგრციო ვიზების გაცემა მთელი რუსეთი მასშტაბით შეწყდება სექტემბრიდან ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება. რუსეთში მდებარე საკონსულოებში აშშ-ის ვიზების გაცემა გაუსაზღვრელი ვადით შეწყდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი დიპლომატების განცხადებით, ასეთი რეჟიმი მომავალშიც შენარჩუნდება, ვიდრე მოსკოვი დიპლომატებზე დაწესებულ შეზღუდვებს არ მოხსნის. ანალოგიური ზომების ამოქმედებას ითხოვენ რუსი დეპუტატები, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯი რიგით ამერიკელებს არ დააზარალებს და მათზე ჯავრს არ იყრის.
„ამერიკის ვიზების გაცემის შეწყვეტის მიზანი რუსეთის მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების გაღვივებაა.რაც შეეხება საპასუხო ზომებს, დეტალურად უნდა შევისწავლოთ ამერიკელების გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს გამოაცხადეს. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - ჩვენ ჯავრს არ ვიყრით ამერიკის მოქალაქეებზე“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსი დიპლომატისგან განსხვავებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ აშშ-ს მიერ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მოსკოვი საპასუხო ნაბიჯით უპასუხებს. მისი თქმით, არაიმიგრაციული ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილება მიმართულია რუსეთთან ბევრ სფეროში ურთიერთობის ძირის გამოთხრაზე.
„აშშ-ს გადაწყვეტილება არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების თაობაზე, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი ძირის გამოთხრას ემსახურება, უკვე არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში. სავიზო შეზღუდვები ჩვენი ურთიერთქმედების ფართო სფეროს მიაყენებს დარტყმას და გაართულებს კონტაქტებს ჰუმანიტარულ, ტურისტულ სფეროებში, დაამუხრუჭებს სტუდენტურ გაცვლებს.
აღნიშნული ცხადყოფს ვაშინგტონის განწყობას მოსკოვთან დიალოგის გაუარესება მოახდინოს. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის საერთაშორისო და საპარლამენტო ფორუმებზე. ჩვენ განვაცხადებთ, რომ ამგვარი მიდგომა გონიერი არ არის“, - აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.
რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ საპასუხო ზომების შემუშავება საგარეო უწყების კომპეტენციაა. დარწმუნებულია, რომ რუსეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. მისი თქმით, პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში სიმეტრიული ზომების მიღებაა გათვალისწინებული.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ერთის მხრივ - თანამშრომლობენ, მაგრამ მეორეს მხრივ - წინა პლანზე გადადის გართულებული ვითარება. მისივე თქმით, ამას მოწმობს თეთრი სახლის მაღალჩინოსანის განცხადება, რომ ამერიკას სირია აღარ აინტერესებს და, რომ სირია სირიელმა ხალხმა უნდა მართოს.
„როგორც ჩანს ამ საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს ამერიკელებმა და რუსებმა. ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსეთის ფაქტორს ამერიკელები შიდა პოლიტიკისთვის იყენებენ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ამ სანქციებისა, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა, იქ არის ბევრი ისეთი ქმედება, რაც შეიძლება პრეზიდენტმა განახორციელოს, თავის თავზე აიღოს“, - ამბობს თამარ კიკნაძე.
რაც შეეხება სანქცებს და ამის ფონზე ამერიკის მოქმედებას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამერიკელები და მათი პარტნიორები დარწმუნებული არიან, რომ თუ რუსეთის მიმართ განახორციელებენ სანქციებს, რაც გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ასევე პარალელურად მოსახლეობა განეწყობა პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ.
„მაგრამ ამერიკელებმა როგორც ჩანს არ იციან რუსეთის მენტალიტეტი. პირიქით, ეს სანქციები უფრო მეტად იწვევს რუსული მოსახლეობის კონსოლიდაციას. ისინც კი, ვინც არ იყვნენ პუტინის მომხრეები, ამ მხრივ მხარდაჭერას უცხადებენ პუტინს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.