სამი კაკალი ოპოზიციისთვის

სამი კაკალი ოპოზიციისთვის

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც პარლამენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება, უმრავლესობის და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

შეხვედრაზე უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოისმინეს ოპოზიციის მოსაზრება და მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ოპოზიციის წინადადებებზე უმრავლესობაში გაიმართება კონსულტაციები და მომდევნო შეხვედრაზე მმართველი გუნდის პოზიცია და გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი.

კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიების ლიდერების მმართველ გუნდთან შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილია, რომელიც პარლამენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია იყო ერთიანი და ერთსულოვანი, რომ 2020 წლისთვის მოხდეს სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბარიერის დაწევის საკითხი და საარჩევნო ბლოკების თემა.

შეხევდრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებს იმ საკითხების დასახელება სთხოვა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში მხარს დაუჭერენ ახალ კონსტიტუციას. თალაკვაძე იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

„ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს ვთხოვეთ, უახლოეს დღეებში, წერილობით მოგვაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და, შესაბამისად, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება. ამ საკითხებს მმართველი გუნდი განიხილავს, ჩამოყალიბდება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების პოზიცია და უახლოეს პერიოდში ოპოზიციასთან კიდევ ერთი შეხვედრა შედგება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ საკუთარი პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობა. ისაუბრეს როგორც საპარლამენტო არჩევნების მოდელზე, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესზე, საარჩევნო ბარიერზე და სხვა საკითხებზე. როგორც თალაკვაძე აცხადებს, კონსტიტუციის პროექტი და პრინციპები, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერს მხარს, ცნობილია. ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზეპარტიული პრეზიდენტით.

„მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება შეთანხმება უმთავრესზე - ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ სტრასბურგში გამგზავრებამდე რამდენიმე შეხვედრა გაიმართოს და მხოლოდ შემდგომ შეხვედრებზე გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მმართველი გუნდი.

„პარტიებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რაც აქამდეც ცნობილი იყო, რომ უმნიშვნელოვანესია არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა და მომავალი არჩევნებისთვის სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ სხვა კომპონენტები, როგორიცაა საარჩევნო ბარიერი და ბლოკების თემა. ყველა პარტია, მათ შორის ერთმანეთისგან მსოფლმხედველობით განსხვავებული და ერთმანეთთან მტრულ რეჟიმში მყოფი პარტიებიც კი თანხმდებიან საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წავა, ჯერჯერობით არ არის.

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა როდესღაც, არამედ 2020 წელს - ერთხელ და სამუდამოდ! ამის კომპონენტია საპარლამენტო მანდატების სამართლიანი გადანაწილება. კიდევ ერთი საკითხია პრეზიდენტის არჩევის წესი. აქ ჩვენ ხელისუფლებას კომპრომისს ვთავაზობთ, რომ ხალხს დავეკითხოთ, უნდათ პრეზიდენტი აირჩიოს პირდაპირი წესით, თუ აირჩიონ გაურკვეველმა ხმოსნებმა“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, დიალოგის გაგრძელებას აზრი ექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნდება ის მოცემულობა, რომელმაც გაიარა საერთო-სახალხო განხილვები, რომელიც წარდგენილი იყო ვენეციის კომისიისთვის და რომელიც გულისხმობს დაბრუნებას იქ, საიდანაც დაიწყო მთელი ეს პროცესი.

„2020 წელს ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა და ასევე, ჩვენ დავამატეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვაჭრობას არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ ვითხოვთ პლებისციტის ჩატარებას. თუ ისინი ამაზე მოდიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი სერიოზულები არიან და გულწრფელები, რომ ვიმუშაოთ ერთად. თუ ქმნიან ილუზიას იმისთვის, რომ ვითომ ცდილობენ კონსენსუსის შექმნას და ვინმე ამაში ხელს უშლის, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადაჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა  რურუამ.

შედგება თუ არა კონსენსუსი საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, შალვა შავგულიძის, განცხადებით, ეს ახლა მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა უნდა გადაწყდეს, როგორი საარჩევნო სისტემის შემადგენელ კომპონენტებზე სურს კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებას. შავგულიძე ამბობს, რომ 2020 წლისათვის შერეული სისტემის შენარჩუნებაზე შეთანხმება ვერ შედგება.

„თუკი ხელისუფლება იმ საარჩევნო სისტემას უბრუნდება, რაზეც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავა მთელმა ქვეყანამ, საკონსტიტუციო კომისიამ, ვენეციის კომისიამ ანუ თუ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არის მსჯელობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან და პროპორციული საარჩევნო სისტემის კომპონენტებთან დაკავშირებით მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის“, - აღნიშნაშალვა შავგულიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ისეთი პროპორციული არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, ამომრჩევლის ინტერესში არ შედის. მისი თქმით, ამომრჩეველი არავითარ მონაწილეობას არ იღებს მისთვის ფაქტობრივად ანონიმური საარჩევნო სიის ფორმირებაში და ამდენად, მანდატების განაწილებში მხოლოდ ნომინალურად მონაწილეობს.

„სინამდვილეში ამ მანდატებს იმ კლიენტელების, რომლებიც საკუთარ თავს პარტიებს ხალხის მოსატყუებლად უწოდებენ, პატრონები ანაწილებენ. შედეგად - ამომრჩეველი ყოველთვის მოტყუებული და წაგებული რჩება, რადგან სიით არჩეული დეპუტატი მისი წარმომადგენელი კი არ არის, არამედ სინამდვილეში სწორედ იმ პატრონისა, ვისგანაც მანდატი მიიღო“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ამომრჩეველი არჩევანს არა საკუთარი ინტერესების გამომხატველ კანდიდატებს, არამედ ამ კლიენტელათა პატრონებს და მათ პარტიულ დასახელებებს, რაც უმეტესწილად პატრონთან იდენტიფიცირდება, შორის აკეთებს. ამის გამო წარმომადგენლობითი დემოკრატია მთლიანად ფარსად იქცევა.

„განა შეიძლება პროპორციული არჩევნები ქვეყანაში, სადაც სერიოზული სოციალური კაპიტალის მქონე ნამდვილი პარტიები, რომლებიც მოსახლეობის მეტ-ნაკლებად ფართო ინტერესების გამომხატველნი იქნებიან, არ არსებობენ? ასეთი პარტიების გაჩენასაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ტიპის პროპორციული არჩევნები, რადგან პატრონ-კლიენტელიზმის, პოლიტიკანობისა და ბინძური ინტრიგანობის საფუძველთა-საფუძველია.

თვალსაჩინო მაგალითისთვის ანეკდოტური „ნავერტილე“ და მანდატებით ვაჭრობა გაიხსენეთ. სინამდვილეში ოპოზიცია ისევ პოლიტიკურ ჭაობს გვთავაზობს, რადგან „ნავერტილეს“ გარდა სხვა საფიქრალი და საზრუნავი მას ნამდვილად არა აქვს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო დაწყებული დიალოგის პროცესში, პოლიტიკური საკითხების გარდა სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გამახვილდება ყურადღება. როგორიც არის, მიწის საკუთრებასთან და გადასახადებთან დაკავშირებული თემა და კონსტიტუციის ის თავი, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება.

„მთავარია, რომ დიალოგის ნება გამოიხატა და ეს პროცესი უნდა განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მისცენ იმპულსი ახალ განვითარებას საკონსტიტუციო პროცესში, რასაც ჰქვია ფართო კონსენსუსით მიღებული და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფის დოკუმენტის მიღება და არა იმ ნაკლოვანი პროცესით მიღებული დოკუმენტი, რომელსაც ერთპარტიული კონსტიტუცია ჰქვია. მთავარია, რომ ნება დიალოგისთვის გამოიხატა“, - აღნიშნალევან ალაფიშვილმა.