ვაგონი მიქრის: ავლაბარი, აუდიტორია და პროფკავშირები ერთ კუპეში

ვაგონი მიქრის: ავლაბარი, აუდიტორია და პროფკავშირები ერთ კუპეში

საქართველოს რკინიგზის შენობასთან ორი რკინიგზელი შიმშილობის აქციას აგრძელებს, რკინიგზაში კი უკვე მათსა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობენ. აქცია უკვე ისეთ ფორმებს იღებს, რომ თუკი დიალოგი დროულად არ შედგა, შესაძლოა, გარკვეულმა ძალებმა, პროვოკაციის მოწყობა სცადონ, რაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს სიტუაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაზრდის საფრთხეს შექმნის.

რკინიგზის ორი თანამშრომლისა და პროფკავშირების წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნაა, მუშაობა კვლავ გურჯაანში განაგრძონ, ან სადახლოს ხაზზე გადაყვანის შემთხვევაში, სასურველი  პირობებით უზრუნველყონ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში, პროტესტის  მონაწილეები ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებით იმუქრებიან.

მოგვიანებით ერთმა მოშიმშილემ აქცია დატოვა და შიმშილობა მხოლოდ ერთმა რკინიგზელმა, უჩა ხვთისიაშვილმა განაგრძო. რაც შეეხება მეორე მოშიმშილეს, ვახტანგ ცისკარიშვილს, მასთან დაკავშირებით რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა აცხადებს, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა მასზე ზეწოლას ახორციელებს.

„ვახო ცისკარიშვილი ჯანმრთელობის კუთხით არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მას ამ დრომდე არ მიუღია საკვები და ის არის გადასხმებზე. როგორც თავად თქვა, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულების დოკუმენტს, მაგრამ ის არ აპირებს რკინიგზაში მუშაობას. მის ოჯახის წევრებზე მთელი ღამე მიმდინარეობდა ზეწოლა. როდესაც ვიკითხე კონკრეტული სახელი და გვარები, მან თქვა რომ მთელი კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობა, ყველა დონეზე იყვნენ ჩართულები იმ „სპეცოპერაციაში“, რაც ჩატარდა გუშინ მას შემდეგ, რაც ვახო ცისკარიშვილი გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ სახლში“, - განაცხადა ლეჟავამ.

მისი ინფორმაციით, ცისკარიშვილის ოჯახის წევრებს სამსახურიდან გათავისუფლებითა და ფიზიკური ძალადობითაც ემუქრებიან.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მისი ინფორმაციით, რკინიგზელებს დაუკავშირდნენ მათი უშუალო ხელმძღვანელები და ესაუბრნენ შეთავაზებულ პირობებზე.

„რკინიგზა მოუწოდებს მათ, რომ რაც შეიძლება დროულად დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე და გააგრძელონ საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაათავისუფლებენ“, - აცხადებს დაჩი ცაგურია.

მისივე შეფასებით, რკინიგზელთა და პროფკავშირების ქმედება პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამ მოვლენების უკან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინტერესები დგას.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცეპრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე, რომელიც რკინიგზელებთან ერთად უერთდება საპროტესტო აქციას, აცხადებს, რომ რკინიგზის ​ინფრასტრუქტურის დირექტორის მიერ გაკეთებულიგანცხადება, რომლის მიხედვითაც უახლოეს დღეებში თუ ეს ადამიანები სამსახურში არ გამოცხადდებიან, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, პროვოკაციულია.

„ჩვენ ვგეგმავთ, გავზარდოთ სოლიდარობა და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ამ ადამიანების მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები და რკინიგზა არ წამოვა დიალოგზე, ეს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება“, - აცხადებს ვიტალი გიორგაძე.

ის ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებთან არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ მედიის საშუალებით იგებენ ამას.

მოშიმშილე რკინიგზელებიც აცხადებენ, რომ 15 აგვისტოს მედიაში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ პირადად არავინ დაკავშირებიათ და სამსახურში დასაბრუნებლად პირობები არ შეუთავაზებია.

ერთ-ერთი მათგანის, უჩა ხვთისიაშვილის თქმით, მათ თავად სცადეს ადმინისტრაციასთან ტელეფონით საუბარი, თუმცა ზარებს არ პასუხობენ. მათ ღამე რკინიგზის შენობასთან გაათენეს სკამებზე, რადგან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე შეხვდა.

ანა დოლიძე დაინტერესდა იმ საკითხებით, რასაც პროფკავშირების წარმომადგენლები აპროტესტებენ და რის გამოც, რკინიგზის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო.

ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის წარიმართოს დიალოგი და მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებების ფარგლებში მოხდეს პრობლემატური საკითხების მოგვარება.

მისი თქმით, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც ქვეყანას ავალდებულებს, დაცული იყოს მშრომელების ღირსება და მათი შრომითი უფლებები.

„მე გავეცანი იმ პრობლემას, რაც აწუხებს აქ მყოფ ადამიანებს. ვფიქრობ, გამოსავალი არის დიალოგში. მე ასევე მზაობა გამოვთქვი, შევხვდე საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და მოვისმინო მათი პოზიციაც”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა.

აქციის მონაწილეების ნაწილი ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას აპირებდა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეთა თქმით, კარვის გაშლის უფლება კანონის ფარგლებში აქვთ. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებას ახორციელებდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი, აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რაზეც რეაგირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ.

რკინიგზის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ. გარდა პროფკავშირების გაერთიანებისა და რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისა, აქციას ასევე შეუერთდა სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“.