ზურაბ ხარატიშვილი: „ახლა გამოჩნდება, ვინ ხელისუფლებასთან სავაჭროდ თამაშობს და ვის - რეალური პოლიტიკა უნდა“

ზურაბ ხარატიშვილი: „ახლა გამოჩნდება, ვინ ხელისუფლებასთან სავაჭროდ თამაშობს და ვის - რეალური პოლიტიკა უნდა“

პროდასავლური ოპოზიციის ერთი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს. შედგება თუ არა ეს მართლაც ისტორიული მოვლენა, ძნელი სათქმელია, მაგრამ გასულ კვირას რამდენიმე პარტიამ ცესკო-ს წერილობით მიმართა - ინიციატორების მიზანი პრაიმერის ჩატარება და პროდასავლური ოპოზიციის საუკეთესო კანდიდატის შერჩევაა, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუჭერს მხარს. For.ge ამ ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს, მოძრაობა „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წევრს, ზურაბ ხარატიშვილს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, პასუხს პრაიმერში მონაწილეობის შესახებ, როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში მიიღებთ პოლიტიკური პარტიებისგან. გასაგებია, რომ პროდასავლური სპექტრის თავმოყრა და გაერთიანებაა მიზანი. რამდენ პარტიას შორის ფიქრობთ პრაიმერის ჩატარებას?

- მოცემულ მომენტში ოთხი სუბიექტი არის ინიციატორი, „ევროპელი დემოკრატები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ახალი საქართველო“ და „ერთობა - ახალი საქართველოსთვის“; დაახლოებით 7 პარტიას მივმართეთ და ვთხოვეთ, მონაწილეობაზე თანხმობა, ან არგუმენტირებული უარი. მივმართეთ „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „შენებას“, „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „სახელმწიფო ხალხისათვის“. უკვე ცნობილია, რომ ორი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ბევრიც აღარ რჩება, ვის შორისაც მოლაპარაკებები უნდა შედგეს.

ცესკოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მივმართეთ თხოვნით, ორგანიზებაში დახმარების თაობაზე. მიმდინარე კვირაში საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებსაც მივმართავთ - მოკლედ, ყველას, ვინც საჭიროა ისეთი პრაიმერის ჩასატარებლად, როგორიც ტარდება ხოლმე დემოკრატიულ ქვეყნებში.

თუმცა, ოპოზიციას და საერთოდ, პოლიტიკოსებს პრაიმერი მაინცდამაინც არ ხიბლავთ, განსაკუთრებით საქართველოში...

- დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ოპოზიციურმა ძალებმა თუ კონსოლიდაცია არ მოახდინეს, რეალურად ვერ გაუწევენ სახელისუფლებო კანდიდატს კონკურენციას. ამას დღევანდელი პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა განაპირობებს.

როგორც წესი, ოპოზიცია ვერც ერთი არჩევნების წინ ვერ ახერხებს ხოლმე გაერთიანებას, თუ გამონაკლისად არ ჩავთვლით, 2012  და 2008 წლებს, როდესაც ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჰყავდა - მაშინ ფეთქებადსაშიშიც იყო პოლიტიკური ველი. დღეს პოლიტიკურად სხვა სურათია, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ასეთი გაერთიანების მცდელობების მარცხით დასრულების მოწმეც არაერთხელ გავმხდარვართ. ახლა აქვს რაიმე განსაკუთრებული მოტივი ოპოზიციას, რომ საკუთარ ამბიციებს გადააბიჯოს?

- აქამდე მხოლოდ ლოზუნგები იყო გაერთიანების შესახებ, მაგრამ რის გარშემო და როგორ, ან კანდიდატების შერჩევა როგორ უნდა მოხდეს და ა.შ. ამაზე არ ყოფილა მსჯელობები. ასეთი შეთავაზებები ამიტომაც რჩება ხოლმე სადღეგრძელოსავით - კეთილ სურვილებად.

პრაიმერი რეალური ვერსიაა, როგორ უნდა შედგეს ეს გაერთიანება. მითუმეტეს, გვაქვს აშშ-ს მაგალითი - რესპუბლიკური პარტიაც კი ეწინააღმდეგებოდა ამას, მაგრამ პრაიმერით გაიმარჯვა ტრამპმა, რომელიც არა მხოლოდ კანდიდატი გახდა პარტიიდან, არამედ - ამერიკის პრეზიდენტიც.

ანუ პრაიმერმა გამოავლინა ისეთი ახალი ლიდერი, რომელსაც პარტიაც კი არ უჭერდა მხარს. იმისი თქმა მინდა, რომ ეს არის ძალიან კარგი სისტემა, ახალი, ბრძოლისუნარიანი ლიდერის გამოსავლენად.

პოლიტიკური სისტემაც ისეთია საქართველოში, რომ თუ ორი ლიდერი არ იქნება სახელისუფლებო და ოპოზიციური, სხვანაირად სახელისუფლებო კანდიდატს ვერ გაუწევ კონკურენციას. ამერიკაში ორი კანდიდატი რომ მონაწილეობს არჩევნებში, 300-მილიონიან ქვეყანაში ორ პარტიაზე მეტი ვერ მოგროვდა? - ამას განაპირობებს მაჟორიტარული სისტემა.

ჩვენთანაც შერეული სისტემაა და ვიდრე მთლიანად პროპორციულზე გადავალთ, ამომრჩეველი გადაწყვეტილებას ფსიქოლოგიურად, მაჟორიტარული ნიშნით იღებს. თვითონ მერიც და პრეზიდენტიც თავისთავად, ერთმანდატიანი, მაჟორიტარული ტიპის არჩევანია.

სტატისტიკაც ამას გვიჩვენებს ყოველთვის, რომ ამ ტიპის არჩევნების დროს მესამე ადგილზე გასული კანდიდატი ბევრად ჩამორჩება პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს. პრინციპში, პარტიული არჩევნების დროსაც ანალოგიური რამ ხდება. ამიტომ, თუ რეალური კონკურენცია გვინდა ხელისუფლებასთან, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს და თანაც, საკმაოდ ძლიერი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხმები იყოფა, შედეგიც საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს, რაც პრაქტიკულად, სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვების გარანტიას აძლევს.

თუკი ოდესმე სიტყვიერი შეთანხმება მაინც მომხდარა ოპოზიციის გაერთიანებაზე, მითუმეტეს ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე, საქმე ბოლომდე თითქმის არასოდეს მისულა. პროცესი სხვადასხვა მიზეზით იშლება ხოლმე. დღეს რატომ გაქვთ იმედი, რომ პროდასავლური პარტიები მოლაპარაკებაზე წამოვლენ?

- დღეს არის განსხვავებული მიდგომა. ადრე, თუ მოლაპარაკება იწყებოდა, ერთიანი კანდიდატის შერჩევა ხდებოდა კულუარულად - პარტიულ დერეფნებში, გაუმჭვირვალედ; ფაქტობრივად, ამომრჩეველი ვერც ხვდებოდა, რატომ დააყენეს ესა თუ ის კანდიდატი.

დღესაც, პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატების შერჩევისას ცნობილია თუ არა, ვისა და ვის შორის გაკეთდა არჩევანი და რა პრინციპით შეირჩა დასახელებული კანდიდატები? - რა თქმა უნდა, ეს პროცესი კვლავ გაუმჭვირვალეა.

ამიტომაც მივმართეთ ცესკოს და სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომ პროცესი, თუკი ის შედგება, იყოს აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და გაიმარჯვოს რეალურად ძლიერმა.

ეს რომ დახურული პროცესი იყოს, კიდევ შეიძლებოდა ეჭვები გაჩენილიყო, მაგრამ თუ შედგა შეთანხმება, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი იქნება მედიისთვისაც და ამომრჩევლისთვისაც.

რა თქმა უნდა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა და ეს ამ ერთი არჩევნებით ვერ დამკვიდრდება, მაგრამ ამ იდეის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალები ყოველთვის წამოწევენ ამ თემას.

პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობთ, რომ ეს გახდეს ქართული პოლიტიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იქნება დახურული, გაუგებარი და მღვრიე წყალში ვინ თევზაობს, ვინ რას იჭერს, ვის მოისყიდიან და ვის დააშინებენ, უკვე აღარ ჩანს.

ვიდრე პოლიტიკაში არ დამკვიდრდება ღია კონკურენციის პრინციპი, ვიდრე ამომრჩევლისთვის გამჭვირვალე და გასაგები არ იქნებნა ყველაფერი, მანამდე არც ოპოზიციას არ ექნება შანსი და დემოკრატიის განვითარებაც შეფერხდება.

ეს ახალი ხილია ქართული პოლიტიკისთვის; კი, აქამდეც იყო მცდელობები, რაღაც პრაიმერის მსგავსიც ჩატარებულა, მაგრამ, გვინდა, ეს კულტურა ისე დამკვიდრდეს, როგორც დასავლეთშია. რეალური დებატები ეწყობოდეს და ა.შ.

შეხედეთ, ახლა რა ხდება, რა უღიმღამოდ მიდის პროცესი - 7 კაცს შეხვდებიან და რომელიმე კანდიდატს წარუდგენენ - ეს არის მთელი „ნიუსი“. ჩვენ გვინდა რომ ახალი დინამიკა შემოვიტანოთ და ამ მხრივ, პრაიმერის დანერგვა, ვფიქრობ, ეფექტური იქნება.

ამერიკულ, თუნდაც, ფრანგულ პრაიმერებს ვინც ადევნებს თვალს, იციან, რა სერიოზულობით მიმდინარეობს ბრძოლა და პრაიმერის შედეგად მართლაც უძლიერეს კანდიდატებს არჩევენ, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური ძალებიც უჭერენ მხარს. ფაქტობრივად, მას უკვე დამტკიცებული აქვს, რომ ღირსეული კანდიდატია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მათ კანდიდატებთან პოლემიკაში.

კანდიდატებს უკვე დაწყებული აქვთ საარჩევნო კამპანია და ახლა პრაიმერის ჩატარება დაგვიანებული ხომ არ იქნება?

- პირიქით, კარგია რომ კამპანია აქვთ დაწყებული, სწორედ მათ შორის უნდა მოხდეს საუკეთესოს შერჩევა.

საკმაოდ ამბიციური კანდიდატები გვყავს ხოლმე და წამოვლენ, იმაზე, რომ მერის კაბინეტისთვის ბრძოლა არჩევნებამდე შეწყვიტონ?

- ვნახოთ, როგორ წავა მოლაპარაკებების პროცესი - გამოჩნდება, ვის უნდა რეალური პოლიტიკა და ვის - ხელისუფლებასთან სავაჭრო პოზიციის დაკავება. ძირითადად, ხელისუფლებასთან სავაჭროდ იყენებენ ხოლმე და ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის იშლებოდა გაერთიანებული კანდიდატის შერჩევის პროცესი.

გამოჩნდება კიდეც - ვისაც დახურული, გარიგებებითთამაში უყვარს, ეს იდეა არ მოეწონება. ერთგვარი ლუსტრაციაც იქნება ოპოზიციისთვის - გამოჩნდება ვინ რისთვის იბრძვის, მეორე და მეშვიდე ადგილებისთვის, თუ გამარჯვებისთვის.

მერე, თვითონ, ამომრჩეველი დაარქმევს ამ ყველაფერს თავის სახელს და მიზანიც ის არის, რომ ჯანსაღი ძალები წამოიწიოს.

გაქვთ ინფორმაცია, როგორ მიიღეს დანარჩენმა პარტიებმა შეთავაზება?

- სხვათა შორის, დიდი ენთუზიაზმით არა - ეს იყო კიდეც მოსალოდნელი, რადგან შეიძლება იყოს უნდობლობის მომენტი. სწორედ ამიტომაც მივმართეთ აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას, ვინც კი არჩევნებში არის ჩაბმული - მათი ჩართულობა ყოველგვარ ეჭვებს გააქარწყლებს. საფრანგეთშიც საარჩევნო ადმინისტრაცია ატარებს პრაიმერებს, თავიანთი აქტივისტები კი არ მოჰყავთ.

ყველა მიმართულებით სასარგებლო იქნებოდა ქართული პოლიტიკისათვის, თუ პროცესები გამჭვირვალე გახდებოდა; როდესაც ამომრჩეველმა არ იცის, ვინ როგორ და რისთვის ჩასვეს სიაში, ბუნებრივია, პარტიების მიმართ ნდობა ნაკლები აქვთ.

თავად პოლიტიკოსებიც შემდეგ იმისი მადლიერები არიან, ვინც სია შეადგინა და ამომრჩევლის წინაშე კი არ გრძნობენ ვალდებულებას, არამედ იმის მიმართ, ვინც სიაში ჩაწერა - ამომრჩეველი საერთოდ არავის აინტერესებს.

როგორმე უნდა შევძლოთ და გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, საბოლოო ბრძოლაში, ანუ არჩევნებში, ამომრჩევლის წინაშე მრავალბრძოლაგამოვლილი კანდიდატები თუ მიიღებენ მონაწილეობას, ეს უფრო საინტერესოს გახდის პროცესს და საგრძნობლად შეცვლის ქართული პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიის ხარისხს.