ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას. კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებზე, რომელიც ძირითადად საარჩევნო სისტემას ეხება, უმრავლესობის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად იმსჯელეს. არსებული ინფორმაციით, უბარიერო არჩევნებს მმართველ გუნდში მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემგედ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას მიმდინარე კვირაში შეკრებას და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს.
„ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს - ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრის კონკრეტული ადგილისა და დროის შესახებ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის ტექნიკურად მზად არის და ადგილის და დროის შესახებ ოპოზიციურ პარტიებს უმრავლესობის აპარატი დაუკავშირდება.
რაც შეეხება უბარიერო არჩევნებს, რომელსაც ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად დაუშვას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხია ბარიერის თემა, რომელიც შესაძლოა ოპოზიციას აინტერესებდეს სხვა თემებთან ერთად.
„განვიხილოთ საკმაოდ საქმიან ვითარებაში და არა ასეთი შეძახილებით და განცხადებებით წამოწეული. ჯერჯერობით არავითარი ინიციატივა ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია. იქნება განცხადება თვითონ ოპოზიციასთან შეხვედრის თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არის მთავარი თემები, რომლებზეც უნდა იყოს დიალოგი და არა ზოგადი საუბარი. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ განხილვებში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული, თუმცა, დიალოგის მთავარი თემები პროპორციული საარჩევნო სისტემა, გაუნაწილებელი ხმები და პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს.
„ბუნებრივია, ჩვენ თანახმა ვართ შეხვედრაზე. შეხვედრას შეხვედრისთვის დიდი ეფექტი და შედეგი არ ექნება და არის თემები, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ეს თემებია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დაუყოვნებლივ. მიგვაჩნია, რომ ეს არის თემა, რომელზეც აუცილებელია შეთანხმება. ასეთია საზოგადოებრივი დაკვეთაც.
მეორე საკითხი არის ამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა მაგალითად გაუნაწილებელი მანდატები. აქვე მზად ვართ ვისაუბროთ სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა ბლოკები, საარჩევნო ბარიერი.
მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი კი, არის საპრეზიდენტო არჩევნები. ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, მაგრამ ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის განსხვავებულ პოზიციაზე, ვთავაზობთ მარტივ გამოსავალს - ჩავატაროთ პლებისციტი და რასაც მოსახლეობა გადაწყვეტის, ის გავაკეთოთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მმართველი გუნდის ინიციატივა პოლიტიკურ სატყუარა და მოსყიდვის მცდელობად აფასებს „ნაციონალური მოძარაობა“. კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა ამისთვის ხელსიუფლება კონკრეტულ საკითხებს უნდა დათანხმდეს. ნიკა რურუა პირველ რიგში 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ასახელებს.
„ახალი ამაში არაფერი არ არის. ისინი სულ იმეორებენ, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის, მაგრამ რეალურად ისეთ წინაპირობებს აყენებენ ხოლმე, რომ ეს ყველაფერი იყო ცარიელი ლაპარაკი.ახლა ვნახავთ რეალურად. მზად ვართ, რომ ჩიხიდან გამოსავალი ვეძებოთ იმიტომ, რომ კონსტიტუცია არის ყველას დოკუმენტი. ეს არ არის პარტიული ქაღალდი, ამიტომ თუ მიხვდება ამას ქართული ოცნება და დაჯდება რეალურად კარგი, დემოკრატიული კონსტიტუციის მისაღებად, ამაში მივიღებთ მონაწილეობას, ამისთვის არსებობს კონკრეტული საკითხები და თუ ამას დათანხმებიან, კონსენსუსი შეიძლება შედგეს“, - აცხადებს ნიკა რურუა.
სრულად საარჩევნო სისტემის შეცვლა, პრეზიდენტის არჩევის წესის შენარჩეუნება და საარჩევნო სისტემის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც არა ქართულ ოცნებას, ან რომელიმე ხელისუფლებას გამოადგება, არამედ ქართველ ამომრჩეველს გამოადგება - ასეთი შეთანხმების შემთხვევაში უმრავლესობასთან დიალოგისთვის მზად არის არასაპარლამენტო ოპოზიცია. პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები თვლიან, რომ დიალოგი ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე და შედეგი არის ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის დამკვიდრება.
ერთჯერადად, უბარიერო არჩევნების დაშვებას მნიშვნელოვან კომპრომისად აფასებენ ანალიტიკოსები. როგორც ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, იმისათვის, რომ მთლიანად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური სისტემა, უნდა არსებობდნენ ისეთი ძლიერი პარტიები, რომელთაც შეეძლებათ პოლიტიკური განვითარების ალტერნატივების შეთავაზება.
„სამწუხაროდ, დღეს ასეთი პარტიები არ არიან. რეალურად, საქართველოში დღეს არის ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“. რადგან გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, ხელისუფლების ინტერესია როგორმე შეიქმნას საქართველოში პარტიულ-პოლიტიკური სისტემა.
ეს ერთბაშად ვერ მოხდება, ამიტომ, ერთ ჯერზე უშვებენ იმას, რომ ვისაც კი, რაღაცა მცირე რესურსი აქვს, მოხვდეს პარლამენტში და იცოდეს, რომ უკვე შემდეგი არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერი იქნება. არ იქნება ბლოკების სისტემა და ეცადოს, რომ ეს პერიოდი გამოიყენოს იმისათვის, რომ პარტიად ჩამოყალიბდეს. ამას მომზადება სჭირდება“, - აცხადებს დავით ზარდიაშივილი.
მისი თქმით, ხვალ, რომ პირდაპირ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ბარიერის გადალახვის რესურსიარ აქვს, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაში აუცილებელია.
„1%-იანი პარტია პარლამენტში გინდა ყოფილა, გინდა არა. არავითარი გავლენა რეალურ პოლიტიკურ პროცესზე არ ექნება, მაგრამ ეს უბარიერო სისტემა, იგივე 3%-მდე ბარიერის დაწევა, არის პარტიების განვითარებისათვის. მმართველმა პარტიამ ამ ვითარებაში მეტი რა უნდა გააკეთოს, მე არ მესმის.
ისეთ სისტემას ნამდვილად ვერ შემოგვთავაზებს, რაც ოპოზიციას პარლამენტში მოხვედრის გარანტიას მისცემს, ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. წესით, ეს უნდა აწყობდეს ოპოზიციას. ის, რომ ბარიერის მოხსნაზე მიდის მმართველი პარტია, ეს ნიშნავს, რომ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა არის მმართველი პარტიის ინტერესში, ვიდრე ოპოზიციის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
გამოდინარე იქიდან, რომ ბარიერის 3%-მდე დაწევა, ოპოზიციას არ უღიარება როგორც დათმობა, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ანოლოგიურად, ოპოზიცია უბარიერო საარჩევნო სისტემის შეთავაზებასაც არ მიიღებს როგორც დათმობას.
„მგონია, რომ ოპოზიცია დათმობას საერთოდ არ აპირებს. მას უნდა იგივე სტატუსი, რაც დღეს აქვს კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომ კონსტიტუცია არის ერთი პარტიის დოკუმენტი. კომპრომისზე წასვლის შემთხვევაში უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მან ითანამშრომლა ხელისუფლებასთან. შეურიგებელი ოპოზიციის როლი უკვე აღარ ექნება.
ელექტორატისთვის და პიარისთვის, შეურიგებელი ოპოზიციის როლი უფრო სჭირდება, ვიდრე კომპრომისსზე წამსვლელი ოპოზიციის როლი, რომელსაც მათგან ითხოვს ბუკიკიო. გამოდის, რომ ოპოზიცია არაფერის დათმობას არ აპირებს და მხოლოდ მეორე მხარის დათმობას ელის, ეს უკვე კომპრომისი არ არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.